ვიდეოქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ნინო ბედოშვილი-საკალიდუ: „თეანო ამაყობს, რომ ქართული გენი აქვს“

ბერძნულ VOICE-ში სცენაზე გამოსვლისთანავე ყურადღება მიიპყრო 19 წლის უნიჭიერესმა, საოცრად მომხიბვლელმა მომღერალმა თეანო საკალიდუმ, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს – ნინო ბედოშვილი-საკალიდუ.

„თეანო ამაყობს, რომ ქართული გენი აქვს“, – გვეუბნება ქალბატონი ნინო და უდიდეს მადლიერებას გამოხატავს ქართველი ემიგრანტების მიმართ. მათი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ნიჭიერი ახალგაზრდისთვის, რომელიც უკვე ფინალში გადასასვლელად ემზადება. დიდი იმედი გვაქვს, რომ თეანოს გამარჯვებას მივულოცავთ და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩავწერთ, მანამდე კი ქალბატონ ნინოს მოვუსმინოთ, რომელიც გულწრფელად გვიყვება თავის ემიგრანტულ ცხოვრებაზე, თეანოს ბავშვობაზე და თავის ოჯახზე.

ქალბატონო ნინო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ თქვენი  ქალიშვილის წარმატებასთეანომ მსმენელი და მაყურებელი ფრიად მოხიბლა და ბერძნული The VOICE-ის ნახევარფინალში გადავიდა. მოგვიყევით მის შესახებ ვისგან მოჰყვება მუსიკალური ნიჭი?

უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ასეთი ინტერესისთვის და მთელ ქართულ დიასპორას – დიდი მხარდაჭერისთვის. სიმართლე გითხრათ, თეანოს აზრადაც არ მოსვლია, რომ რაიმე კონკურსზე გამოსულიყო. მე მის დაუკითხავად გავაკეთე ზაფხულში განაცხადი. თეანო მაშინ კუნძულ კრეტაზე მუშაობდა მომღერლად. როდესაც დაურეკეს და პირველ მოსმენაზე მიიწვიეს, ძალიან მეჩხუბა. ერთადერთი, რაც ვთხოვე, ის იყო, რომ პირველ ეტაპზე გასულიყო კონკურსზე და თუ პროექტში თავს კარგად ვერ იგრძნობდა, თავი დაენებებინა. ძლივს დავითანხმე. თეანოს სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა ამ კონკურსებზე, იქ კი სულ სხვა ატმოსფერო დახვდა, ძალიან მოეწონა და უკვე ცდილობს მაქსიმალურად საუკეთესოდ წარმოჩინდეს.

რაც შეეხება მის ბავშვობას, თეანო გერმანიაში დაიბადა და ოთხ წლამდე იქ იზრდებოდა. რვა თვის ასაკში ბრონქების პრობლემა შეექმნა და ხშირად ვხვდებოდით საავადმყოფოში. ბოლოს ექიმებმა გვირჩიეს, რომ მისთვის კლიმატი შეგვეცვალა, ამიტომ საბერძნეთში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მეუღლე ბერძენი მყავს, მაგრამ ქორწინების შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობდით. იქ ჩვენი რესტორანი გვქონდა, რომელიც სასწრაფოდ დავკეტეთ, რადგან თეანოს ჯანმრთელობასთან სასწორზე არანაირი ბიზნესი არ დაიდებოდა. საბერძნეთში (კუნძულ კრეტაზე) მას უკვე არანაირი მედიკამენტი აღარ დასჭირვებია. ეს იყო ჩემთვის დიდი შვება და ნიშანი იმისა, რომ სწორად მოვიქეცით და დროულად დავტოვეთ გერმანია.

მუსიკისადმი ინტერესი თეანოს ბავშვობიდან ჰქონდა. გერმანიაში ბალეტზე დამყავდა, საბერძნეთში კი პიანინოზე დაკვრის შესწავლა დავაწყებინეთ 5 წლის ასაკში. სიმღერითაც კარგად მღეროდა პატარა ასაკიდან. ბავშვობაში მეც აქტიური ბავშვი ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი და ალბათ გენეტიკურად ცოტა რამ ჩემგანაც მოჰყვება (იცინის – თ. ო.), მაგრამ მან მოლოდინს გადააჭარბა. თავის დროზე ვოკალის ერთ-ერთმა საუკეთესო მასწავლებელმა ნექტარია ლაუმძიმ თეანოს რომ მოუსმინა, მითხრა, თუ მომანდობთ ამ ბავშვს, მისგან საუკეთესო ოპერის მომღერალს შევქმნიო.

თავიდან თეანოს არ უნდოდა ოპერა, მაგრამ შემდეგ ძალიან სერიოზულად მოეკიდა. ერთი წელი ათენში ასევე საუკეთესო ტენორის, ზახოს ტერზაკისის კლასში ისწავლა და წარჩინებით ჩააბარა სადიპლომო გამოცდები. ოპერის გარდა კარგად მღერის ბერძნულ და სხვადასხვა ჟანრის უცხოურ სიმღერებს, ძალიან დიდი რეპერტუარი აქვს. პერსონალური კონცერტები აქვს ჩატარებული თესალონიკში და კრეტაზე. ხშირად იწვევენ ტელევიზიაში კუნძულზე, რადგან იქ უფრო იცნობენ და ძალიან უყვართ. ჩემი რესტორნიდანაც ძალიან ბევრმა გაიცნო.

თეანო რომ ძალიან სერიოზულ ვოკალურ მონაცემებს ფლობს და თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ დიდი რეპერტუარი და მდიდარი გამოცდილება აქვს, ამას სპეციალისტებიც აღნიშნავენრა არის თეანოს მიზანი?

თეანომ წარჩინებით დაამთავრა ქ. ირაკლიონის (კრეტა) მუსიკალური სასწავლებელი. ახლახან კი ათენში გამართულ ურთულეს კონკურსში გაიმარჯვა და დაჯილდოვდა სტიპენდიით, რომელიც საშუალებას აძლევს მომავალი წლიდან სწავლა გაიღრმაოს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში (ქ. ბოსტონი, აშშ – Berklee College of Music) ჯაზის ვოკალის განხრით. მას სექტემბრამდე შეუძლია წავიდეს ამერიკაში, მაგრამ, მგონი, ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ ეკონომიკურად მის მხარდაჭერას, ამიტომ გადაწყვიტა, ლონდონში გააგრძელოს სწავლა მიუზიკლის განხრით და ბოსტონში მომავალში წავიდეს.

ამ კონკურსში გამარჯვება არაფერს შეცვლის?

ვნახოთ, რა შედეგს მიაღწევს… წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ჯერჯერობით ლონდონში წასასვლელად ვემზადებით.

თეანოს და-ძმაც ჰყავს? მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ

თეანოს ჰყავს ძმა – 17 წლის ეფრემი. მათ ორივეს ჩემი დედამთილ-მამამთილის სახელები ჰქვია. აქ ასეთი წესია: ბებია-ბაბუის სახელები გადადის შთამომავლობით. ჩემი ბიჭიც ძალიან მუსიკალურია, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას ეუფლება; მუსიკალური გიმნაზია დაამთავრა, ახლა კი კომპიუტერის დაპროგრამებას სწავლობს ლიცეუმში.

როგორც უკვე გითხარით, ჩემი მეუღლე ბერძენია, კონსტანტინე საკალიდუ, იგი ქალაქ სერესშია დაბადებული და თესალონიკში გაიზარდა. პროფესიით შეფ-მზარეულია, ბრწყინვალედ ფლობს ხმელთაშუა ზღვისპირეთის და საერთაშორისო  სამზარეულოს. უკვე 3 წელია გერმანიაში მუშაობს თავისი პროფესიით. მე ინჟინერ-ეკონომისტი ვარ პროფესიით, კრეტაზე მქონდა ჩემი სამაკლერო და სამშენებლო ოფისი, ასევე პატარა პიანო – რესტორანი ქართული სამზარეულოთი, სადაც 2 წელი მღეროდა თეანო. გარკვეული პრობლემის გამო ბიზნესსაქმიანობა შევაჩერე და საცხოვრებლად თესალონიკში გადმოვედი. ამჟამად მე და ჩემი ბიჭი ვართ ერთად, თეანო მუდმივ მოძრაობაშია, მეუღლე კი – გერმანიაში. მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვართ, მაგრამ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, როგორც მშობლებს. ძალიან მზრუნველი მამაა.

თქვენ როგორ აღმოჩნდით საბერძნეთში და როგორ შეეჩვიეთ ამ ქვეყანას?

საბერძნეთში უკვე 23 წელია ვცხოვრობ. წარმოშობით თიანეთიდან ვარ, მამა მთიული მყავდა, დედა კი ახმეტიდან იყო. 1995 წელს წამოვედი საბერძნეთში, როგორც ემიგრანტი. ოჯახი ორი წლის შემდეგ შევქმენი. ამ 23 წლიდან 5 წელი გერმანიაში ვიცხოვრე. ჩემი შვილები იქ დაიბადნენ. ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან კარგი პიროვნებაა, სამი წლით უფროსია ჩემზე. ერთმანეთი კუნძულ კრეტაზე გავიცანით და ძალიან მალე დავქორწინდით. მე და კოსტას სამოქალაქო ქორწინება თბილისში გვქონდა, ჯვარი კი თესალონიკში დავიწერეთ, როცა თეანო მოვნათლეთ.

სიმართლე გითხრათ, დღესაც მიჭირს აქ ყოფნა. ვერც ვერასოდეს გავითავისებ ისე, როგორც საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ცხოვრება აქ ვარ, მაინც ვერ შევეგუე აქაურობას. არც მოქალაქეობა მიმიღია, ეს არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემს სინდისთან უფრო კარგად ვგრძნობ თავს ჩემი ქართული პასპორტით. რომ არა ჩემი შვილები, დღეს საქართველოში ვიქნებოდი. ველოდები, როდის დაამთავრებს ჩემი ბიჭი სკოლას და თუ ისიც სადმე სხვაგან გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას, მერე უკვე მეც საქართველოში დავბრუნდები.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

მინდა ყველა ემიგრანტს ვუთანაგრძნო. მარტო ჩვენ გვესმის ერთმანეთის. მე მთელი ცხოვრება მონატრებაში ვიცხოვრე – მშობლების, ნათესავების, მეგობრების. ისე გარდაიცვალნენ ჩემი მშობლები, ვერ ჩამოვედი საქართველოში. შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს. მე იმით მაინც ვარ ბედნიერი, რომ შვილები მყავს გვერდში. ხვალ ისინიც გავლენ თავიანთი ცხოვრების გზაზე და ისინიც მომენატრებიან, მაგრამ მათ უნდა აკეთონ ის, რაც თვითონ გააბედნიერებთ. ვფიქრობ, მივეცი საკმაო საგზალი, ცხოვრებაში დამოუკიდებლობა რომ შეძლონ. თეანო უკვე სრულიად დამოუკიდებელია, მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის არის. 2 წელია მარტო ცხოვრობს, მუშაობს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებს სამომავლოდ, რაც ძალიან მახარებს. ვიცი, რომ ყველა სიტუაციაში შეძლებს არსებობას. იგივე მინდა ვასწავლო და ვუსურვო ეფრემსაც. 17 წლიდან მეც დამოუკიდებელი ვიყავი. ამაში ჩემი მშობლების დიდი ღვაწლია და მათი მადლიერი ვარ.

თეანო ჩამოდის ხოლმე საქართველოში? ქართული თუ იცის?

არა, ქართული არ იცის, ცოტა ესმის, რადგან ხუთ წლამდე ლაპარაკობდა, მერე დაავიწყდა. ეფრემიც ვერ ლაპარაკობს. თეანო საქართველოში მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი, მაშინ ძალიან პატარა იყო, თითქმის არც ახსოვს. ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას სკოლის და სამსახურის გამო. მეც 15 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, ორი წლის წინ ჩამოვედი და მას მერე უკვე აღარ მიჩერდება გული აქ, სულ საქართველოში მინდა ყოფნა. ეფრემი საერთოდ არ არის ნამყოფი. რამდენჯერმე დავგეგმეთ წამოსვლა, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვიშლიდა ხელს. იმედს ვიტოვებ, მომავალში საქართველოს კარგად გაიცნობენ ჩემი შვილები.

სურვილი თუ აქვთ, ქართული ისწავლონ?

რა თქმა უნდა. როცა სწავლის დრო იყო, მე ბევრს ვმუშაობდი და ჩემი შვილების გაზრდაში დამხმარე მეხმარებოდა. სამწუხაროდ, ის დრო გამოგვეპარა, როდესაც ადვილად შეეძლოთ ესწავლათ, ახლა კი სხვა რამეებით არიან დაკავებულები; ამიტომ მინდა, ცოტა ხნით საქართველოში იცხოვრონ, რომ ქართულის სწავლა შეძლონ.

თეანოს დიდი გულშემატკივრები არიან ქართველი ემიგრანტები თქვენ თუ თვლით თავს ემიგრანტად?

დიდი მადლობა ჩვენს დიასპორას. მე მათგან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი. იმედია კვლავაც გააგრძელებენ თეანოს გულშემატკივრობას არა მარტო ამ კონკურსზე, არამედ სერთოდ, მის შემოქმედებით ასპარეზზე.

რა თქმა უნდა, მეც ემიგრანტი ვარ. მიყვარს საბერძნეთი, ბერძნული ენა და კულტურა. ბევრი რამ შემძინა ამ ქვეყანამ, მაგრამ თავი არასოდეს მიგრძვნია ბერძენად. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბერძენისგან ვერ მარჩევენ, გამართულად, უაქცენტოდ ვლაპარაკობ ბერძნულად, სულით, ხორცით და მენტალიტეტით მაინც ქართველი ვარ.

ამ მხრივ თქვენი შვილების განწყობა როგორია?

თეანო ამაყობს, რომ ქართული გენი აქვს. პირველი შეხება ქართველებთან (მასობრივად) მას ათენში, საზოგადოება „კავკასიაში“ ჰქონდა. ეს კი ჩვენი მეცენატის, ბატონი ავთო მიქაბერიძის დამსახურებაა. ბატონმა ავთომ შვილივით შეიყვარა და ცდილობდა გვერდით ჰყოლოდა თეანო, როცა ის ათენში ჩავიდა. ბატონ ავთოსთან იგრძნო თეანომ ქართული გენის სიძლიერე, დაინახა ჩვენი კულტურისა და ხელოვნების ძალა; იქ იმღერა პირველად „იავნანა“ ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძის აკომპანიმენტით. მან არ იცოდა, ვინ იყო თამრიკო, მაგრამ იგრძნო „იავნანას“ ორიგინალურობა და გულით შეიყვარა ეს ჰანგები.

თქვენი აზრით, გარდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, რა აქვს დადებითი ემიგრანტობას?

ემიგრანტობა არც ადვილია და არც უარყოფითი, თუ მთლად არ მოსწყდები სამშობლოს. საბერძნეთშიც იშვიათია ოჯახი, რომელიმე წევრი ემიგრაციაში არ ჰყავდეს – 10 მილიონზე მეტი ბერძენი ცხოვრობს ემიგრაციაში. უბრალოდ, მათ არ უგრძვნიათ ის, რასაც ჩვენი ემიგრანტები განიცდიან. ისინი ორგანიზებულად მიდიან, ოფიციალურად აქვთ ცხოვრებისა და გადაადგილების უფლება უმეტეს ქვეყანაში, რაც ჩვენთვის ფუფუნებაა – უმეტესობას უკანონოდ და ყოველდღიური შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება (თუ რა ხარჯებთან და ტანჯვასთან არის დაკავშირებული ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის უცხოეთში მოხვედრა, ამაზე აღარაფერს ვამბობ). ამ ყველაფერს მოჰყვება ბევრი მათგანის სამსახურში არათანაბარ პირობებში ყოფნა, სოციალურად დაუცველობა და კიდევ ათასი რამ, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ეს საკმაოდ სერიოზული, ცალკე საუბრის თემაა. ერთი ის მინდა ვთქვა, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ პირობებში ცხოვრებას, როგორშიც ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს ემიგრაციაში. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

პირადად მე სხვა პირობებში მომიწია ცხოვრებამ. არც უუფლებო ვიყავი და არც დაუცველი. პრივილგირებული ვიყავი და ვარ იმით, რომ მეუღლე ბერძენი მყავდა და შვილები მყავს საბერძნეთის მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს მოქალაქეობა. და სიმართლე გითხრათ, არც არაფერში მჭირდება. ჩანთაში რა საბუთი მიდევს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. რად გრძნობ ადამიანი თავს, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი.

ამ ეტაპზე რა არის თქვენი მთავარი ფიქრი, სურვილი?

ამ ეტაპზე ჩემი უდიდესი სურვილი თეანოს წარმატებაა და მინდა, რომ გვერდში დაგვიდგეს ყველა, ვისაც შეუძლია. კიდევ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა საქართველოში ცხოვრება შეძლონ და კარგად გაიცნონ ჩვენი ქვეყანა.

მინდა, ყოველთვის კარგი მესმოდეს საქართველოზე და ქართველებზე და არ ვითვლებოდეთ განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეებად; ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები ყველას და მოვიპოვოთ თავისუფალი არსებობის უფლება ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

p. s. ბერძნული Voice-ის ნახევარფინალი დღეს, 12 დეკემბერს, ათენის დროით 21 საათზე ΣΚΑΊ ΤV-ზე გაიმართება. დიდი იმედი გვაქვს, რომ თეანო ამ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს და ფინალშიც ვიხილავთ. მას თქვენი მხარდაჭერა (ზარებით ან მესიჯებით) სჭირდება, ქართველო ემიგრანტებო!

მოუსმინეთ თეანოს შთამბეჭდავ გამოსვლას:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close