პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ამ სასახლეს რომ სტუმრები ჰყოლია!.. – ორბელიანების ისტორიული სასახლე, საქართველოს  პრეზიდენტის ახალი სამყოფელი   

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩის 25-ში მდებარე შენობაში დაიდებს ბინას. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის საქმიანობისთვის ეს შენობა ყველაზე შესაფერისია:

„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისელები ამ სასახლეს დღემდე ორბელიანების სასახლეს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორბელიანების ისტორიული შენობა ფიზიკურად აღარ არსებობს. ამ ლამაზი, თვალისმომჭრელი ნაგებობის ისტორიაც ასეთივე შთამბეჭდავია. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის თქმით, ათონელის 25-ში მდებარე შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს არის აშენებული და ტიპური თბილისური, ეკლექტიკური არქიტექტურით გამოირჩევა, ორბელიანების სასახლეს კი იმის გამო უწოდებენ, რომ, საისტორიო წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც მეფე თეიმურაზ მეორეს თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის უჩუქებია.

მთელი ეს ტერიტორია ქალაქის ისტორიული გალავნის გარეთ მდებარეობდა, ამიტომაც გარეთუბანი იწოდებოდა. გარეთუბანს უფრო კონკრეტული პატარა უბნებიც ჰქონდა: კალოუბანი, ორბელიანთუბანი და სხვა. ორბელიანთუბანი თავად ორბელიანების კუთვნილი სამოსახლო იყო და სწორედ ყოფილი კოლმეურნეობის ანუ დღევანდელი ორბელიანის მოედნის ახლოს მდებარეობდა. აქ ორბელიანების რამდენიმე სასახლე, ყმების სახლები, თავლა, სალოცავი და კიდევ არაერთი სამეურნეო ნაგებობა ყოფილა.

ორბელიანებს თბილისში ბევრი სამოსახლო ჰქონდათ. ისინი, ძირითადად, კალაში სახლობდნენ და ვრცელი უბანი ეკავათ მის ზედა ნაწილში; ამასთანავე, საკმაოდ ვრცელი ნაკვეთი ჰქონდათ გარეთუბანშიც. ეს ტერიტორია მეფე თეიმურაზ მეორემ 1751 წელს  თავის სიძეს – სარდალ ლევან ორბელიანს უწყალობა. წყალობის წიგნის თანახმად, ტერიტორია მოქცეული იყო „მეიდნის ყაბახისა“ (შემდგომში ალექსანდროვის, მოგვიანებით კომუნარების, დღევანდელი 9 აპრილის ბაღი) და მტკვარს შორის, ამ უბანში იდგა ორბელიანების სასახლე,  რომელიც ჩანს კიდეც 1870-იანი წლების ბოლოს ერმაკოვის ფოტოსურათზე; აგრეთვე, ორბელიანის სანათესაოს სახლები და კარის ეკლესია.

ორბელიანების სასახლის ბოლო მოსახლე პოეტი გრიგოლ ორბელიანი იყო. ეს სახლი მაშინდელი არისტოკრატიის შეკრების ადგილი ყოფილა, სადაც იმ პერიოდის საქართველოს ყველა გამორჩეული მოღვაწე სტუმრობდა. შენობის სარდაფი სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა, პირველი სართული – სტუმრების მისაღებად, ბოლო სართულზე კი ოჯახის საძინებლები და სამუშაო კაბინეტი იყო მოწყობილი.

ძველი შენობის ადგილას დღეს არსებული სასახლე 1880-იან წლებში აუშენებია პოეტის ძმისწულს, თავად გიორგი ილიას ძე ჯამბაკურ-ორბელიანს. ამ სახლის ნახაზები საქართველოს ეროვნულ საისტორიო არქივში ინახებოდა, სადაც ასევე იყო დაცული ორბელიანების სანათესაოს საცხოვრებელი სახლების პროექტები ამ სასახლის მიმდებარედ.

შენობა ისე იყო მოწყობილი, როგორც ფეოდალური საქართველოს დიდგვაროვანთა მდიდრული სახლები.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ორბელიანები ამ სახლის მესაკუთრეები იყვნენ გასაბჭოებამდე. გასაბჭოების შემდეგ, უფრო ზუსტად, 20-იანი წლების ბოლოდან, აქ ბინა დაიდო საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოებამ, რომელიც აქ თითქმის 1992 წლამდე მუშაობდა. ამ სასახლეში მოჰყავდათ უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციები, გამოჩენილი მეცნიერები და ხელოვანები. მოგვიანებით აქ ბინა დაიდო ამერიკის საელჩომ, შენობაში 10 წელზე მეტხანს ფუნქციონირებდა საელჩო და საკონსულო, შემდეგ მასში სამუშაოდ გადავიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფისი.

მე-20 საუკუნეში სასახლეს სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, თუმცა მხოლოდ ბოლო რეკონსტრუქციისას აღდგა მისი პირვანდელი სახე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close