დღის თემაეკონომიკასაქართველო

რატომ გაძვირდა პური საქართველოში? – ამ საკითხს კონკურენციის სააგენტო მოიკვლევს

საქართველოში პური გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიები ფქვილის ფასის მატებას ასახელებენ.

„პურის ფასის ზრდა ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ რაიმე რეგულაციას არ გამოუწვევია“, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. დავითაშვილის თქმით, რა გახდა პურის ფასის ზრდის მიზეზი, ამას შესაბამისი უწყებები მოიკვლევენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კუთხეში შეიძლება იყოს თონე, მაინც კონცენტრირებულია ბაზარი და რამდენიმე მოთამაშე ფარავს ბაზრის დიდ პროცენტს. პრემიერის განცხადება ყველამ იხილეთ, მან გასცა ბრძანება და შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ ანალიზს, რამდენად ადეკვატურია ის გაზრდილი ფასები იმ რეალობისა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. წელს მსოფლიოში ხორბლის შედარებით ნაკლები მოსავალია 2017 წელთან შედარებით, გარკვეული კლიმატური პირობების გამო. ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში შემცირებული იყო ხორბლის საექსპორტო შესაძლებლობები და წელს ხორბალი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე 2017 წელს. თუმცა ფასები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ფქვილზე, რამდენად ადეკვატურია იმ საკმაოდ დიდი ზრდისთვის, ეს ბადებს კითხვებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გარდა ამისა, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პურის ფასის ზრდა ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ რაიმე რეგულაციას არ გამოუწვევია: „ასევე იყო პურის მწარმოებლების მხრიდან განცხადება, რომ გარკვეული რეგულაცია შეიძლება გავლენას ახდენდეს პურის ფასის ზრდაზე, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ახალი რეგულაცია ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთ მგრძნობიარე საკითხს, როგორიც პურის ფასია, ადეკვატური პასუხი გაეცეს იმ უწყებების მხრიდან, რომელიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

რატომ გაძვირდა პური, ამ საკითხს კონკურენციის სააგენტო მოიკვლევს. სააგენტოს განცხადებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლიან ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას. ამ საკითხზე სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის – ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close