დღის თემაპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„ჩვენი აქციები პარასკევამდე გაგრძელდება, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული მიწა გადავარჩინოთ გასხვისებას“

დღეს დილიდან, „ქართული მარშის“ ორგანიზებით, თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, თუმცა ეს არ არის აქცია ტრადიციული გაგებით. პროტესტის მონაწილეები ცდილობენ, ხელი შეუშალონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი დაიკეტა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს. ისინი იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, არ დაუშვას უცხოელებზე მიწის გასხვისება და მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელი და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება.

აქციაში, რომელიც იუსტიციის სახლთან დილიდან მიმდინარეობს, მონაწილეობენ დეპუტატები – ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები. დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციები პარასკევამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იუსტიციის სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„იუსტიციის სახლი არის აბსოლუტურად იმავე ჭკუაზე, როგორზეც ჩვენ ვართ. მათ აქვთ თავიანთი ჩარჩო, რომელშიც ისინი არიან მოქცეულები. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მათ მხარდასაჭერად ვართ მოსული, რადგან მათ არ გააკეთებინონ ის, რაც საქართველოს მოსახლეობას არ სურს. ჩვენი აქციები პარასკევამდე გაგრძელდება, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა გადავარჩინოთ გასხვისებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ჩაიდინა დანაშაული და ღალატი სახელმწიფოს წინაშე და იქ აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს. ამიტომ მივმართავ პირდაპირ იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელს – დღეს თქვენ ხართ დავით აღმაშენებელიც, გიორგი სააკაძეც და ყველა ჩვენი წინაპარი მეომარი, ვინც საქართველოს მიწა-წყალი დღემდე მოიტანა, და არ უნდა გაასხვისოთ ეს მიწა უცხოელებზე. მოსახლეობას მოვუწოდებ, შემოგვიერთდეს, ხვალ 10.00 საათზე და ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ“, – განაცხადა კვიციანმა. აქციის მონაწილეებს აქვთ ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან იყოს დაკვეთილი.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე აფასებს: „ის, რაზეც ახლა მიდის საუბარი, არის რისკის ვარაუდი. თეორიული რისკი მომდევნო 4 დღის განმავლობაში არსებობს, რამაც ბევრი უხერხულობა შექმნა. სასურველი იყო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ასეთი გადაწყვეტილება არც გვქონოდა და ეს ერთკვირიანი დაძაბულობაც თავიდან იქნებოდა აცილებული“.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული ორგანული კანონის პროექტი მზად არის და ის პარლამენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ წარედგინება.

როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში და უცხოელებზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისევ ამოქმედდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close