ზეითუნის ზეთი აშშ-ში ოფიციალურად აღიარეს სამკურნალო საკვებ პროდუქტად
ასოციაცია COLDIRETTI-მ (CONFEDERAZIONE NAZIONALE COLTIVATORI DIRETTI) განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის ჯანდაცვის სააგენტოს რეკომენდაციით, უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის ბოთლებზე დაეწერება, რომ ყოველდღიურად ნახევარ სუფრის კოვზამდე ზეითუნის ზეთის მიღება გულის შეტევების და გულის დაავადებების პროფილაქტიკის გარანტიაა.
გულის დაავადებები – იმ სნეულებათა მხოლოდ ნაწილია, რომელთა განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია ზეითუნის ზეთის ყოველდღიური მოხმარებით. იტალიაში დიდი ხანია იციან ოლეინის მჟავის სასიკეთო თვისებების შესახებ, თუმცა ამერიკელები ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, იტალიელებს გაუსწრებენ: ცნობილი ხდება, რომ შტატებში უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთს ოფიციალურად აღიარებენ სამკურნალო პროდუქტად. ამის თაობაზე იტალიის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია Coldiretti იტყობინება FDA-ს (პროდუქტების და წამლების კონტროლის სამმართველო, აშშ) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით: როგორც ჩანს, ყველა ბოთლზე, რომელშიც მოთავსებული იქნება პირველადი გამოხდის ზეითუნის ზეთი, დააწერენ, რომ პროდუქტის მოხმარება სასარგებლოა გულისთვის.
კერძოდ, ხაზს უსვამს Coldiretti, სააგენტო FDA რეკომენდაციას იძლევა, ბოთლების ეტიკეტზე დაეწეროს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება გულის დაავადებების პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზეითუნის ზეთის მოხმარება ბოლო 20 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – 315 მლნ ლიტრს (+174%) მიაღწია. ამ მაჩვენებლით დღეისათვის აშშ მესამე ადგილზეა ზეითუნის ზეთის ძირითად მომხმარებლებს შორის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ.
იტალიურ ზეითუნის ზეთს მთელ მსოფლიოში აფასებენ. მაგალითად, იაპონიაში მისი მოხმარება ბოლო 20 წლის განმავლობაში 8-ჯერ გაიზარდა.
კირა კარიაული
კომენტარები