L’OPINION.FR: „ფრანგი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს“

ფრანგული გამოცემა L’OPINION.FR  საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ფრანგი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს“.

„ფრანგული დიპლომატიიდან საქართველოს პრეზიდენტობამდე. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, – წერს გამოცემა. – …საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა და თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში სრული წარმატება უსურვა“.

სტატიაში, აგრეთვე, წერია, რომ „საფრანგეთში საქართველოდან დევნილ ემიგრანტთა ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003 წელს მანამ, სანამ მან არ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობას არ შეუერთდა. 2016 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი“.

„საქართველოს პრეზიდენტის პოსტი უფრო წარმომადგენლობითია მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი უკანასკნელ წლებში პრემიერ-მინისტრს გადაეცა, თუმცა სახელმწიფოს მეთაური მაინც ინარჩუნებს პოლიტიკურ გავლენას“, – აღნიშნულია სტატიაში.

„საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სალომე ზურაბიშვილს აქტიურად აკრიტიკებდნენ მისი განცხადების გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს მოკლე ომი რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ გაჩაღდა, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა და რუსეთის პროვოკაციებს უპასუხა. მისი მოწინააღმდეგეები, აგრეთვე, აკრიტიკებდნენ მას ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის გამო და ეჭვქვეშ აყენებდნენ მის პატრიოტიზმს“, – წერს ფრანგული გამოცემა (Reuters-ის წყაროზე დაყრდნობით).

ნიკო აბაშიშვილი

 

კომენტარები