კინო/ფილმებიქართველები უცხოეთშიკულტურა

თბილისი უცნობ ქართველ ვარსკვლავს და იტალიელი თინეიჯერების კერპს, ლუკა ჩიქოვანს ელოდება

საქართველო უცნობ ქართველ კინოვარსკვლავს ელოდება: ლუკა ჩიქოვანი, იტალიელი მომღერალი და მსახიობი, იტალიელი თინეიჯერების კერპია. 24 წლის ამომავალი ვარსკვლავი წარმოშობით ქართველია, საქართველოში დაიბადა; სულ პატარა იყო, დედამისი სამუშაოდ იტალიაში რომ წავიდა და ბებიასთან დატოვა. მოგვიანებით, როცა ლუკა 6 წლის გახდა, დედამ თავისთან, იტალიაში წაიყვანა. ბიჭმა იქ მიიღო განათლება და აღიარებაც იტალიაში მოიპოვა.

ლუკა საქართველოში იშვიათად ჩამოდის და, ბუნებრივია, აქაური თანატოლების დიდი ნაწილისთვის უცნობია მისი იტალიური წარმატებები.

„თბილისში დავიბადე. ალექსანდრეს ბაღთან ახლოს ვცხოვრობ. დედა იტალიაში მუშაობს და 6 წლის ვიყავი, მეც რომ მასთან წამოვედი. აქვე შევედი სკოლაში და დავიწყე ოცნება მუსიკაზე. ჩემი პირველი ქავერი თავად შევქმენი. გადავიღე ვიდეო და ავტვირთე „იუთუბიზე“, რამდენიმე დღეში 200 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ამას მოჰყვა ჩემი პოპულარობა და წარმატება, – უყვებოდა 3 წლის წინ ლუკა ჟურნალ „თბილისელებს“, თუ როგორ მიაღწია  მან, სრულიად უცნობმა ქართველმა ემიგრანტმა, წარმატებას. – მეგობარი გოგონები მთხოვდნენ, ეს სიმღერები „იუთუბიზე“  ამეტვირთა. მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია და ინტერნეტში განვათავსე სიმღერები. ვიდეოების ატვირთვიდან 3-4 თვეში ყველა იტალიელი თინეიჯერი მიცნობდა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ასეთ მასშტაბებს და შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი. დავიწყე სხვადასხვა ქალაქში სიარული, რათა შევხვედროდი ჩემს მხარდამჭერებს. ვიყავი მილანში, ნეაპოლში და ასე შემდეგ. დღეისთვის მყავს 200 000-ზე მეტი მეგობარი ფეისბუქზე, ხოლო ტვიტერზე – 22 000.

ჩემი სიმღერებისთვის რომ სერიოზული სახე მიმეცა, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა სტუდიური ჩანაწერი. ამისათვის მჭირდებოდა ფული. ამიტომ უნდა მემუშავა, სხვაგვარად ფულს ვერ მოვაგროვებდი. რამდენიმე დღე დავდიოდი  მაღაზიებში და ვკითხულობდი, ფლაერების გამავრცელებელი თუ სჭირდებოდათ. დღეში 10 ევრო რომ მოეცათ, ფულის შეგროვებას და სიმღერის ჩაწერას შევძლებდი. ღმერთმა მიმიყვანა მაღაზიაში, სადაც იყო ხმის ჩამწერი სტუდია. მათ მკითხეს, რატომ ვეძებდი სამუშაოს, რისთვის მჭირდებოდა ფული. მეც ვუთხარი ჩემი გასაჭირი – სიმღერის ჩასაწერად რომ ვაგროვებდი თანხას. დაინტერესდნენ, ინტერნეტში მოიძიეს ჩემ შესახებ ინფორმაცია, იუთუბიზე  მოუსმინეს ჩემს სიმღერებს, ნახეს ვიდეო, რომელსაც 200 000-მდე ნახვა ჰქონდა. ამის შემდეგ, ორ კვირაში დამიკავშირდნენ და კონტრაქტის დადება შემომთავაზეს. ეს იყო ჩემი პირველი კონტრაქტი. ასე, მოულოდნელად დაიწყო ჩემი წარმატება“.

ლუკას მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა, რაკი შეამჩნიეს, მაგრამ ფიქრობს, რომ შრომის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია და ყოველდღიურად თავდაუზოგავად მუშაობს, 6, 8, 10 საათი.

დეკემბრის დასაწყისში თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, რომელზეც ფოკუს-ქვეყანა იტალია იქნება. ერთ-ერთი საკონკურსო ფილმია ალიჩე რორვახერის კინოსურათი “Lazzaro felice” („ბედნიერი ლაზარე“), სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ლუკა ჩიქოვანი ასრულებს. მაისში ამ ფილმმა უკვე მიიღო მონაწილეობა კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალში. საქართველო მოუთმენლად ელოდება ლუკა ჩიქოვანის ჩამოსვლას. ლუკასთვისაც ეს სხვა დაბრუნება იქნება, წარმატებული, პოპულარული ადამიანის დაბრუნება, რომელმაც მანამდე ემიგრანტის მძიმე და დამღლელი გზა გაიარა.

ადრიანო ტარდიოლო (ლაზარეს როლის შემსრულებელი) და ლუკა ჩიქოვანი (“Lazzaro feliCe”)  

„ქართველი გოგონები ნამდვილად ლამაზები არიან. ბევრი ბიჭისთვის ალბათ იტალიელი გოგო უფრო სექსუალურია, მაგრამ მე ქართველები მომწონს. ისინი უდავოდ ლამაზები და გამორჩეულები არიან. უფრო მეტიც, მინდა მომავალში ქართველი ცოლი მყავდეს. იცით, რა მინდა? ქართველებმა რომ ჩემით იამაყონ. ეს არის ჩემი გეგმა. მინდა, მაგალითი ვიყო ქართველი თინეიჯერებისთვის. საქართველოში ყველაფერი მენატრება: ხალხი, მეგობრები, ოჯახი და საჭმელები. ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო: ხინკალი, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ტყლაპი. ყველაფერზე მეტად კი მიყვარს ბებია. ბებიამ უმამოდ გაზარდა დედა, მეც, ნაწილობრივ, უმამოდ გავიზარდე. 15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მიუხედავად ყველაფრისა, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი ბებო და დედა მყავს“.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი სამ დეკემბერს გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს, დახუნძლული უამრავი საინტერესო ფილმითა და სიურპრიზებით. ყველაზე მთავარი „ინტრიგა“ ალბათ ქართველებისათვის უცნობი, მაგრამ იტალიელი თინეიჯერების კერპის, ლუკა ჩიქოვანის ჩამოსვლაა. იმედია, ლუკასთვისაც ეს გამორჩეული კინოფესტივალი იქნება. რატომ? ამ კითხვას პასუხი ლუკამ ინტერვიუში უკვე გასცა.

ნინო ხოშტარია

ტომაზო რანიო და ლუკა ჩიქოვანი კანის კინოფესტივალზე; 2018 წლის 14 მაისი

მოუსმინეთ ლუკა ჩიქოვანს იუთუბიზე:

https://www.youtube.com/watch?v=bjeqIvQEMeE

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close