„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“ – ELLE-ის ბრიტანული რედაქცია მკითხველს მესტიაში მოგზაურობას ურჩევს

ცნობილი ფრანგული ჟურნალის, ELLE-ის ბრიტანული გამოცემა 2019 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ნუსხას აქვეყნებს. 18 გამორჩეულ მიმართულებას შორის საქართველოც არის დასახელებული, კერძოდ კი, მესტია.

გამოცემა წერს, რომ ტურისტული სფეროს ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნიეს და მკითხველებს მოუწოდებს, ეწვიონ საქართველოს, როგორც ეგზოტიკურ და ულამაზეს ქვეყანას: „მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს!“

სტატიაში მოცემულია კონკრეტული მითითებები, რამ შეიძლება დააინტერესოს უცხოელი ტურისტები: კერძოდ, ნათქვამია, რომ სვანეთში მოგზაურობისას სტუმარმა აუცილებლად უნდა მოინახულოს ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო უფრო აქტიურ ტურისტებს ურჩევენ, აუცილებლად ავიდნენ მყინვარ ხალდეზე და უშბასთან მდებარე ტბები მოინახულონ.

„გურმანებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ სვანური სამზარეულო, მათ შორის, კუბდარი და თაშმიჯაბი“, – წერია სტატიაში.

ELLE-ის ექსპერტები ტურისტებს ურჩევენ, საქართველოს მაისში, ივნისში ან სექტემბერში ეწვიონ. მათივე თქმით, ასევე რეკომენდებულია საქართველში შემოდგომაზე ჩასვლა, განსაკუთრებით, თუ კახეთში სტუმრობას აპირებენ.

ELLE-მა უფრო ადრე რამდენიმე წერილი მიუძღვნა თბილისის მოდის კვირეულს. გამოცემამ რჩეული ქართველი დიზაინერების, ქართული კულტურისა და საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიები გამოაქვეყნა.

კომენტარები
Загрузка...