მიგრაციასაზოგადოებაქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტისაქართველო

„მჯერა, ჩემი წილი ბედნიერება მხოლოდ აქ მელოდება“, – დაბრუნება 23 წლის შემდეგ

ჟურნალისტი ფერიდე ბიწაძე 1995 წელს წავიდა ემიგრაციაში მეუღლესა და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. იგი წლების განმავლობაში ჯერ საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობდა, შემდეგ – აშშ-ში, ნიუ-იორკში. ფერიდე 5 თვის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ნიუ-იორკიდან თბილისის გზაზე (უფრო ზუსტად კი, ჰაერში) გაკეთებულ ჩანაწერებს თავის განცდებსა და გრძნობებზე იგი დღეს აქვეყნებს თავის ფეისბუქგვერდზე. შეუძლებელია გულგრილად წაიკითხო ეს გულიდან ამოსული წერილი, რომელშიც ავტორი ემიგრანტობის მთელ „ანატომიას“ ძალიან ზუსტად, ძალიან გულწრფელად, თავისი შემოქმედებითი ნატურის პრიზმაში გატარებულს გვიხატავს ისე, რომ გულისგულში ატანს.
NOSTAL.GE უცვლელად ბეჭდავს „21-ე საუკუნის მგზავრის წერილებს“, როგორც მას ჟურნალისტმა ნინო კვაჭანტირაძემ უწოდა:

„ზუსტად 5 თვის წინ საქართველოსკემ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი და მუხლებზე ვწერდი…
წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე აქ, ამ სივრცეში გავამხილე, რომ საბოლოოდ ვბრუნდებოდი სამშობლოში ხელახლა დასაფუძნებლად…
ჩემმა კოლეგა ნინო კვაჭანტირაძემ, ჩვენმა „კვაჭიმ“, ყველას დაასწრო და მთხოვა, დამიწერე შენს განცდებზეო…
მთლად უარი ვერ ვუთხარი, ვცდი-მეთქი, წამომცდასავით, რადგან ჩემი გონება სულ სხვა საფიქრალებით იყო მაშინ სავსე… არანაირი „ვცდი“, თვითმფრინავში იცი რა მაგარი რამე გამოგივაო, მთელი განცდებით და სალონის მგზავრების განწყობებითო, ციდან გადმოყრილი მგზავრის წერილებივით იქნებაო, აბა, შენ იციო, ტრაპთან გელოდებიო – არ დამიტოვა გამოსავალი…
ჰოდა, კენედის აეროპორტით დაწყებული, დოჰას აეროპორტის მოსაცდელით გაგრძელებული და Qatar Airways-ის „ბოინგის“ სალონით დასრულებული, ვუკაკუნე და ვუკაკუნე მუხლებზე გაშლილი კომპის კლავიატურას და რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ჩემი დაბრუნების ეიფორიული ფიქრები და განცდებია, დღეს პირველად რომ ნახულობს დღის სინათლეს – ისევ „დამკვეთის“ ნებართვით და წათამამებით, რომლის დღემდე სინათლეუნახავ ჟურნალსაც იმავეს ვუსურვებ…

ესეც დოჰა…
უჰჰჰ… ამოსუნთქვასავითაა ეს შეყოვნება თოთხმეტსაათიანი ფრენის მერე…
სანამ თვითმფრინავს შევიცვლი, აეროპორტის მოსაცდელში, პირველი, რასაც ვაკეთებ, შვილისეულ საათს მაჯიდან ვიხსნი და რვასაათიან განსხვავებას დროში წამებში ვაქრობ… ეს ადრე ჩამოსვლებისასაც გამიკეთებია, მაგრამ ახლა სხვანაირი რევანშული სიხარულით ვაკეთებ…

სულ რაღაც სამსაათ-ნახევარი და მორჩება ჩემი 23-წლიანი დროშიაცდენილობა!!!
მარცხენა ხელზე ისევ მარიამის ხელის სითბო მაქვს შერჩენილი, აეროპორტამდე გზაზე თავის ხელში რომ ჰქონდა ჩაბღუჯული და დროდადრო ცრემლიანი სველი ტუჩებით მკოცნიდა…

ეს დღეც დადგა, ვბრუნდები…
მერე რა, რომ ის სიყვარული, რომლის გადასარჩენადაც წავედი, მაინც ვერ გადარჩა და ჯერჯერობით შვილებიც სხვათა ქვეყნებს არიან შერჩენილები… ესეც დროებითია… რაკი მე შევძელი, ისინიც შეძლებენ… დედა რომ აქეთ დაეგულებათ, უფრო ადვილად შეძლებენ…
ბევრია 23 წელი, უსასრულოდ ბევრი საიმისოდ, ვინმემ დაგიჯეროს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე არასდროს იყავი კარგად… მაზოხისტურად ბევრი, როცა ჩემოდნები ბოლომდე არც არასდროს ამოგილაგებია… როცა ყველაზე ლამაზი კაბები მხოლოდ სამშობლოში ჩასაცმელად გქონდა გადანახული… როცა გადმოხვეწილობის ყველაზე ბედნიერ დღეებსაც კი, ქრონიკულ ტკივილად ახლდა სიხარულების ყველაზე გულწრფელი გამზიარებლების საკლისი… როცა ტელეფონის ღამეული ზარების ექო პატარ-პატარა ელდის სიკვდილებით განადგურებდა… როცა უცხოთა ალიონების ჩახჩახა მზეებს მეცხრე თვალი სულ აკლდა…
ამას ვერავის აუხსნი, ეს ყალბი პათეტიკაა, როცა საკუთარი, გინდაც ბოროტ დედინაცვლადქცეული სამშობლოს მიწაზე დგახარ და ისმენ…

საკუთარი ბუდეების დატოვებისას ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე… და მხოლოდ მერე, ბედნიერების საძებნელად სხვათა სამშობლოებს რომ მივეკედლებით, ვაცნობიერებთ, რომ იქ, მიუხედავად ბევრი სიკეთისა, ბედნიერება მაინც ყოველდღიურად გ ა მ ო ს ა გ ო ნ ი ა, ის ბუნებრივად არ მოდის და ამას, რა ძალითაც უნდა გქონდეს გამოჯახუნებული კარი წამოსვლისას, მაინც ხვდები…

ვზივარ ახლა და ვიხსენებ, რა იყო ის უკანასკნელი წვეთი მოთმინების გალიცლიცებულ ფიალაში, რომელმაც წლების წინ ბარგი ჩაგვალაგებინა და საკუთარი ცხოვრება აეროპორტებში შეხვედრა-გაცილებების ბასრი ტკივილებისთვის გაგვამეტებინა…
ვერ გავიხსენე…

ალბათ ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ყველანაირ ადამიანურ რესურსს ნულამდე დაიყვან, არსებობისთვის ბრძოლა ისე დაგღლის, გამოგფიტავს, ისეთ უსურვილო ნაცრისფერობად გაქცევს, რომ, დილით გაღვიძებულს, მოტივაციის მოძებნა გიჭირს, საკუთარ თავს ხელი ჰკრა და კვლავ ყოველდღიურობის გაუსაძლის რუტინაში შეაგდო….
გონებას ვძაბავ… მაინც ვერ ვიხსენებ…

იქნებ იმიტომ, რომ ეს ბოლო წვეთი კი არა, კოკისპირულად თავსდატეხილი უძლურებები იყო მაშინ, საკუთარი თავიდან ამოხტომების მარცხით დამთავრებული მცდელობების კასკადი, რომელსაც ვეღარ გავუმკლავდით…
ჩემმა ქვეცნობიერმა ხომ შერჩევითი მახსოვრობის რეჟიმი დაუკითხავად ჩართო, მხოლოდ კარგი დაიმახსოვრა… ცუდები სულ ამოყარა, გააქრო, გაანადგურა…
ალბათ, მხოლოდ ასე შეიძლებოდა სამშობლო გადაგვერჩინა ჩვენში, იმით გაბრაზებულებს, მან თავისთან რომ ვერ დაგვიტოვა….

ყველაფერი ინსტინქტის ამბავი უფრო იყო…

მე მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ გადმოხვეწამდე არასდროს მიოცნებია სხვათა ლამაზ ქვეყნებზე, უცხოთა კომფორტზე და დალხენილობა-დავარცხნილობაზე… იურა სენკევიჩის „კინომოგზაურთა კლუბი“ და გელა ჩარკვიანის „გლობუსი“ მყოფნიდა საამისოდ…

თანწაღებული, შენი წილი სამშობლო თავიდან ყელზე ჩემოკიდებული ავგაროზივითაა, რომელიც ჯერ გიცავს… მერე ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, ყულფად გექცევა… ჯაჭვივით მძიმდება და, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა ცხოვრებას დაალაგებ, მოიწყობ, ამოისუნთქავ, სიმშვიდის და სტაბილურობის სიკეთეებს მოიყირჭებ, უცხო მიწაზე თავის დამკვიდრების აზარტი და სიამაყე მიგინავლდება…

ამის მერე იწყება უხასიათოდ ყოფნის დღეები… უმიზეზო ცუდადყოფნები… არაფერი რომ არ გტკივა და მაინც რომ ძვლებში გამტვრევს… უსამშობლობის, მიუსაფრობის, უცხოობის შეგრძნება მეტასტაზებივით ერევა სულს და, უსახელო პარანოიაშეყრილი, სიზმრებზეც დაყურადებას იწყებ – უცხოური სუბტიტრები რომ არ დაედოს…

მერე, ეტაპობრივად, თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ ტკივილით ცხოვრებას გასწავლის, ეჩვევი, ტკბები უსაძირკვლო სახლის სიმყუდროვითა და ზიზილპიპილებით… ხან შვილების წარმატებების ოაზისებში ჩამობმულ ჰამაკში რწევით ატყუებ ქვეცნობიერს, რომ რაღაც მაინც კარგადაა… ხან ქვაზედადებული სიკეთის უკანდაბრუნებული მადლი გიბამს თვალებს, სამსახურებრივ საკეთებელს რომ მოაქვს… ხან უცხოტომელთა საქებარი სიტყვები… ხანაც შეჩვეული კომფორტი და მეგობრების წრეში კოლექტიურად თავისდამშვიდებები – ჩვენს ასაკში რაღა დროს ცხოვრების ნულიდან დაწყებააო…

მაგრამ, ერთ დღესაც სულ უბრალო წაბორძიკება ისეთი ძალით დაგანარცხებს მიწაზე, რომ თვალებიდან ჩინჩხლებად გაყრილი ნაპერწკლები უცებ გაგინათებს მთელი შენი არსებობის სისაწყლეს… დაისვამ და წამებში სხაპასხუპით ჩამოურაკრაკებ საკუთარ თავს იმას, რასაც მანამდე გულმოდგინედ უმალავდი… რამაც თვალი მოხიბლა და გული ვერ მოატყუა… კეთილი დედინაცვალი დედად ვერ გიქცია… მადლიერება კი – სიყვარულად…

და უცებ მიხვდები, რომ ის გ ე ნ ე ტ ი კ უ რ ი მახსოვრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ამოტვიფრა შემოქმედმა შენში, ჯერ კიდევ დედის სხეულის თბილ წყლებში ტივტივისას, არის მოურევლად ძლიერი (და ღირებულიც)… რომ მხოლოდ მას უნდა აყურადებდე და მისდევდე, სხვა ყველაფერი ამაოა და სასოწარკვეთამდე მიმავალი გზაა…

ვერ გეტყვით, რა ჰქვია იმ ემოციას, რომლითაც ახლა უკან ვბრუნდები, რადგან ეს უბით დიდხანსნატარები, წლების წინ ბოღჩით წამოღებული ჩემი წილი სამშობლოს სიყვარული ხეტიალში ისე გადნა და გაილია, იმდენი აწვიმ-ათოვა, ისეთი შიშები, დაეჭვებები, იმედგაცრუებები და გულისფანცქალები აიკრა ზედ ძურწა ბალახივით – ხანდახან ისიც კი თვითგადარჩენის ინსტინქტის გამონაგონი მგონია, რაც ცხადად მახსოვს და მიყვარს…

* * *
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვება…
ტრაპზე თბილისური ივნისის ხვატი მელოდება…
და ყველაფერი, დაბადებასავით, ისევ ცრემლებით დაიწყება…
ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება…

მჯერა, ჩემი წილი ბედნიერება მხოლოდ აქ მელოდება და სანამ ჯერ კიდევ დროა, მე ის როგორმე უნდა ვიპოვო!..

შენ კი, ჩემნაირო „უძღებო შვილო“, ვინც ჩემოდნებს ახლა ალაგებ და სხვათა ქვეყნების ლამაზ განთიადებს წინასწარ ელაციცები – დამიჯერე, შენც აუცილებლად დაბრუნდები…

უნდა დაბრუნდე!!!

ნიუ-იორკი – დოჰა – თბილისი,
17 ივნისი, 2018 წელი.

ფერიდე ბიწაძე

თბილისი, 2018 წ.
ფერიდე ქალიშვილთან, მარიამთან ერთად. ნიუ-იორკი, 2018წ.
ფერიდე შვილებთან – მარიამთან და გიორგისთან ერთად. ნიუ-იორკი, 2017 წ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close