„მინდა, რომ ჩემი გამოცდილება სხვებმა გაითვალისწინონ და ისეთი შეცდომა არ დაუშვან, როგორიც მე დავუშვი!“

ანანო შვანგირაძე სრულიად შემთხვევით გავიცანი რამდენიმე დღის წინ – საფრანგეთში მყოფ ქართველთა ფეისბუქჯგუფში ერთ-ერთი პოსტის ქვეშ მან კომენტარი დატოვა, რომ მალე საქართველოში ბრუნდება და ძალიან უხარია. დამაინტერესა მისმა ისტორიამ და პირად გვერდზე  „ჩათში“ მივწერე. აღმოჩნდა, რომ ანანო ამჟამად ბორდოში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ინტერვიუ ვთხოვე ჩვენი საიტისთვის, რაზეც თავაზიანად დამთანხმდა. მესინჯერით ვისაუბრეთ. ანანოს გულწრფელობამ და კეთილშობილურმა სურვილმა, მის მიერ დაშვებული შეცდომები სხვებმა არ გაიმეორონ (როგორც თავად მითხრა, სწორედ ამ მიზნით დამთანხმდა ინტერვიუზე), ძალიან მომხიბლა. თავად მოისმინეთ 5-თვიანი ემიგრანტობის საკმაოდ მძიმე ისტორია, რომელიც სულ მალე დასრულდება და ანანო საკუთარ სახლში, თბილისში დაბრუნდება მეუღლესთან ერთად. აი, ჩვენი საუბრის ჩანაწერიც:

ანანო, საფრანგეთის რომელ ქალაქში ხართ?
ბორდოში ვიმყოფებით უკვე 5 თვეა მე და ჩემი მეუღლე.

როგორ წახვედით და რა მიზნით?
ვიზალიბერალიზაციის შედეგად ადვილად ჩამოვედით, უვიზოდ, ჩვენი სურვილი იყო, გვესწავლა და გვემუშავა, ვაპირებდით საკმაოდ დიდი ხნით დარჩენას, ბავშვის გაჩენას ბორდოში… რომ ჩამოვედით, ჩავბარდით და მოვითხოვეთ თავშესაფარი. მაგრამ, სამწუხაროდ ისეთი მარტივი არ ყოფილა ყველაფერი, როგორც ველოდებოდით.

და რატომ აირჩიეთ ბორდო?
გვირჩიეს, რომ ყველაზე კარგი ქალაქი იყო მაგ მხრივ, ყველა ქალაქში ხომ სხვადასხვანირად ვითარდება პროცედურები… მე პარიზი მინდოდა, მაგრამ იქ ძალიან აჭიანურებენ დაბინავების და დახმარების საკითხს, ამიტომ საბოლოოდ მაინც ბორდოში გადავწყვიტეთ ჩამოსვლა.

რა მოტივით ჩაბარდით?
პირადი ისტორია დავწერეთ მე და ჩემმა მეუღლემ, მაგრამ რომ შევხედეთ სიტუაციას, ერთ თვეში უკვე გვინდოდა ძალიან მალე დაბრუნება საქართველოში – თან ისე, რომ 3-თვიანი ყოფნის ვადა არ დაგვერღვია, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, ცოტა ხანს კიდევ მოვითმინოთ, იქნებ რაღაც გამოჩნდეს… ამ მოთმენ-მოთმენით შემოვრჩით 5 თვე.
არ მიღირს ეს ყველაფერი იმად, რომ ჩემი ოჯახის გარეშე ვიყო გადაკარგულში… საბოლოოდ ვერ შევეგუეთ აქაურ ცხოვრებას, სიტუაციას, ხალხს და წამოსვლა გადავწყვიტეთ.

სად ცხოვრობდით?
თავიდან რომ ჩამოვედით, ჩვენი ახლობელი დაგვხვდა და სადამდეც შეძლო ჩვენი დახმარება, დაგვეხმარა, მაგრამ ყველა კონტროლში ჰყავთ და რთულია ვინმესთან ცხოვრება… მერე ისე მოხდა, რომ ჩამოსვლიდან 2 კვირაში სრულიად მარტოებს მოგვიწია ჭიდილი ყველა პრობლემასთან და იმდენად გაგვიჭირდა, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს შექმნილი ნერვებთან დაკავშირებით. თვე-ნახევარი ვიცხოვრეთ ქუჩაში, 115-მა (დახმარების სამსახურია, რომელიც თავშესაფრით უზრუნველყოფს უსახლკაროებს) მოგვცა რაღაც საერთო საცხოვრებელი რამდენიმე დღით, მაგრამ იქ იმდენად ცუდი სიტუაცია იყო, რომ ერთ დღეზე მეტხანს ფიზიკურად ვერ გავჩერდით – იმიტომ, რომ სულ ლოთები და ასეთი ტიპები იყვნენ.

უცხო ადამიანების დახმარების იმედად ვიყავით. ამ პერიოდში რამდენჯერმე საავადმყოფოშიც აღმოვჩნდი, სიცივის გარდა, ნერვული სტრესისგან შეტევა დამემართა… საავადმყოფო დაგვეხმარა იმაში, რომ „ოფმა“ (OFPRA – Office français de protection des réfugiés et apatrides – დევნილთა დახმარების ფრანგული ოფისი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება – ნ. ლ.) მოგვცა საერთო საცხოვრებელი, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ…

ამ ხნის განმავლობაში მოახერხეთ სადმე მუშაობა თუ ვერა?
ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, აქ არავინ არავის ენდობა, არც არავინ გვყავდა ისეთი, ვინც შეძლებდა ამ მხრივ ჩვენს დახმარებას. ამიტომ ვერ მოვახერხეთ მუშაობა და ვართ, ფაქტობრივად, ამათი დახმარების იმედად – 290 ევროს იმედად, რასაც თვეში გვირიცხავს ორივეს ერთად საფრანგეთის მთავრობა.

საკვებსაც გაძლევენ?
რასაც გვაძლევენ საკვებს კვირაში ერთხელ, სულ ვადაგასულებია და არ იჭმება. თან იმდენად ცოტაა, რომ რეალურად ერთი კვირა კი არა, ერთი დღე არ გეყოფა.

ენა ცოტა მაინც იცოდით?
არა, არ ვიცოდით.

თუ ისწავლეთ ამ ხნის განმავლობაში?
არა, იმიტომ, რომ რადგან ერთ თვეში უკვე წამოსვლა გადავწყვიტეთ, აღარ გვიცდია არაფერი. მართალი რომ გითხრათ, იმდენად მომართული ვიყავით საქართველოში დაბრუნებაზე, ველოდებოდით რაღაც პერიოდის გასვლას, რომ შეგვძლებოდა „სტოპით“ დაბრუნება – ანუ ისე, რომ საბუთები არ გაგვეფუჭებინა.

რამდენი წლის ხართ, ანანო?
მე – 25 წლის, ჩემი მეუღლე – 23-ის.

პროფესიით?
ჩემი მეუღლე შეფ-მზარეულია, სამზარეულოს მოყვარულია, მე ვიზაჟისტი ვარ.

და ვერ იშოვა მზარეულმა სამუშაო ბორდოში?
ეს საბუთი, რა საბუთიც ჩვენ გვაქვს, მუშაობის უფლებას არ გვაძლევს. მაშინ უნდა ემუშავა სადმე მუშად… არც ეგეთი სამსახურები იყო, თორემ არც მაგაზე იტყოდა უარს, იმიტომ რომ ეს 290 ევრო, პრაქტიკულად, არაფერში გვყოფნის.
საქართველოში სამსახურის შოვნის პრობლემა არ გვაქვს – არც მე და არც ჩემს მეუღლეს, უბრალოდ, გვინდოდა დამოუკიდებლადაც შეგვექმნა რაღაც ჩვენთვის…

ბორდოში ბევრი ქართველია?
ჩვენ რომ ჩამოვედით, ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა ჩვენთან ერთად და კიდევ უფრო და უფრო მრავლდებოდნენ.

თუ გაქვთ ურთიერთობა ქართველებთან და ისინი რას აპირებენ?
ვისაც ბოლომდე გადაწყვეტილი აქვს აქ დარჩენა, ითმენენ, ცდილობენ, რაღაც გააკეთონ – თან ბევრი ოჯახი ბავშვებით არის, ჩვენ ბავშვი არ გვყავს; ბავშვი რომ აქ სწავლას დაიწყებს, უფრო გაუმარტივდებათ სამომავლოდ დამკვიდრება, ამიტომ ჯერჯერობით იტანენ… თუმცა ჩვენნაირად ბევრი დაბრუნდა კიდეც საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან გართულებულია და ვერ უძლებენ ამ პირობებს, რაც აქ არის…
ძალიან ბევრ ქართველთან გვაქვს ურთიერთობა, ბევრი მეგობარიც შევიძინე – არიან, ვისთანაც ღირს ურთიერთობა, არიან, ვისთანაც არ ღირს…

არკაშონში (საფრანგეთი)

თქვენ როდის დაბრუნდებით?
უახლოეს მომავალში – „სტოპი“ გავგზავნეთ უკვე „ოფში“, რომ საბუთები არ გაგვიფუჭდეს და მომავალში ტურისტებად შევძლოთ წასვლა, თუ მოგვინდება… მხოლოდ და მხოლოდ ტურისტებად! ალბათ ერთი თვეც არ დაგვჭირდება – და საქართველოში ვიქნებით!

ანანო, მადლობა ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ხომ იცით, ეს ისტორია ჩვენს საიტზე უნდა გამოვაქვეყნო…
კი ბატონო, რა პრობლემაა. მე იმ მიზნით გესაუბრებით, რომ ჩემი ეს გამოცდილება სხვებმა გაითვალისწინონ და ისეთი შეცდომა არ დაუშვან, როგორიც მე დავუშვი. სადმე წასვლას თუ დააპირებენ, კარგად აწონ-დაწონონ, იმიტომ რომ შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს, გგონია, რომ სხვაგან უკეთესია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის…

თქვენს მშობლებს უხარიათ, რომ ბრუნდებით?
კი, ძალიან გახარებულები არიან. რომელ მშობელს არ უნდა, შვილი გვერდით ჰყავდეს?!

მართალი გითხრათ, მეც მიხარია, ანანო! დარწმუნებული ვარ, სამშობლოში კარგად იქნებით და ყველაფერს შესანიშნავად მოაგვარებთ!
დიდი მადლობა!

დიდი მადლობა თქვენ გულწრფელი საუბრისთვის!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები
Загрузка...