ეკონომიკასაქართველო

რა ღირს თბილისური საცხოვრებელი ბინები უბნებისა და პრესტიჟულობის მიხედვით

თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ბუმია. ეს ბუნებრივია, რადგან მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილურად იზრდება. 2018 წლის მეორე კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 35.8% შეადგინა.

ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის ფარგლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ხდება ცნობილი, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვას მოიცავს. მასში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში 1 კვ. მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 აშშ დოლარსა და 881 დოლარს შორის მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით მთაწმინდა ისევ დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ რაიონად რჩება; ყველაზე დაბალი ფასები კი სამგორშია. კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 1 124 აშშ დოლარი ანუ 2 748 ლარი, ხოლო სამგორში – 547 აშშ დოლარი ანუ 1 339 ლარი იყო.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საცხოვრებელი ფართების გაყიდვის საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე – 887 დოლარი (2 170 ლარი); გლდანში – 561 დოლარი (1 373 ლარი); ნაძალადევში – 636 დოლარი (1 556 ლარი); დიდუბეში – 772 დოლარი (1 889 ლარი); ვაკეში – 992 დოლარი (2 426 ლარი); ჩუღურეთში – 772 დოლარი (1 889 ლარი); ისანში – 680 დოლარი (1 662 ლარი); ხოლო კრწანისში – 842 დოლარი (2 059 ლარი) იყო.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევაში არ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული უბანი – დიდი დიღომი. ბოლო ორი წელიწადია, თბილისის ეს უბანი ყველაზე ინტენსიური განაშენიანების ზონაა და ახალი საცხოვრებელი ბინების მთლიანი რაოდენობითაც ბევრ უბანს უსწრებს. აქ ერთი კვადრატული მეტრის ფასი 350 დოლარიდან იწყება და 590 დოლარამდე აღწევს, თუმცა ასეთი მაღალი ფასი მხოლოდ ერთ სამშენებლო კომპანიას აქვს. სხვა შემთხვევაში საშუალო ფასი 400-450 დოლარია. თუ გავითვალისწინებთ მშენებლობის ხარისხს, ვიზუალს, გარე ინფრასტრუქტურას, შიდა კომფორტს და სივრცეებს, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფასის პირობებში, ეს არის ყველაზე ლიკვიდური აქტივები მთელ თბილისში – მარტივად რომ ვთქვათ, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close