საბერძნეთის პოლიციის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი პაკისტანელებმა სცემეს და ბინაში ჩაკეტეს
34 წლის პოლიციელი, რომელიც ამ შემთხვევამდე არც ისე დიდი ხნის წინ გახდა უსაფრთხოების მთავარი სამსახურის (ELAS) უფროსი, კონტრაბანდული თამბაქოთი და სიგარეტით მოვაჭრე პაკისტანელებმა თავიანთ ბინაში ჩაკეტეს და სცემეს. შემთხვევა დედაქალაქის ნიკეის რაიონში მოხდა.
თავად პოლიციელის თქმით, იგი ავიდა ბინაში, რომელიც, მისი ეჭვით, თამბაქოს უკანონო გასაღების ადგილი იყო; კარზე დააკაკუნა, კარი გაიღო და მოულოდნელად შიგნით შეათრიეს; ყვირილი დაიწყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენელია, რის საპასუხოდაც სასტიკად სცემეს, ყური დანით გაუჭრეს და, ხელფეხშეკრული, ბინაში ჩაკეტილი დატოვეს.
34 წლის პოლიციელი თავის ვერსიას დაბეჯითებით ამტკიცებს, თუმცა ვერ პასუხობს კითხვებზე: რატომ არ აცნობა კოლეგებს, თუ კონტრაბანდისტების ბინაში მიდიოდა; და როდესაც ნახა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, რატომ არ ითხოვა დახმარება.
მიმდინარეობს გამოძიება, პაკისტანელები უკვე დაკითხეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ იცოდნენ, რომ „სტუმარი“ პოლიციელი იყო. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიციელი მათთან მივიდა, რათა მორიგ ჯერზე მიეღო „წილი“ და მუქთა თამბაქო. პაკისტანელების თქმით, ასეთი ფაქტი ბევრჯერ მოხდა და ყელში ამოუვიდათ, ამიტომ გადაწყვიტეს გათავხედებული სამართალდამცველისთვის ჭკუა ესწავლებინათ.
ათენის სააგენტო ANA-MPA-ს თავისმა წყარომ პოლიციაში აცნობა, რომ ხუთშაბათს დილის 4 საათზე მათთან ზარი შევიდა – მოქალაქე იტყობინებოდა, რომ მეზობელი ბინიდან ყვირილი და ხმაური ისმოდა.
როდესაც შემთხვევის ადგილზე DIAS-ის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ეკიპაჟი მივიდა, მათ თავს დაესხნენ, როგორც ვარაუდობენ, პაკისტანელები. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები მოიგერიეს, სამართალდამცველები ბინაში შევიდნენ, სადაც თავიანთი ხელფეხშეკრული კოლეგა დახვდათ, რომელსაც ლაპარაკიც არ შეეძლო.
დაზარალებული ოფიცერი ათენის 401-ე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
სიტუაცია საკმაოდ რთული და ჩახლართულია. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს პოლიციის შიდა საგამოძიებოსამსახური იძიებს.
კომენტარები