ჯანმრთელობარჩევები

გოგრის თესლი მეხსიერებას აუმჯობესებს და კიდევ უამრავ რამეს უხდება

გოგრის თესლს თავისი შემცველობის წყალობით დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის: ის მდიდარია ცილებით, მცენარეული ცხიმოვანი მჟავებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით, A და E ვიტამინებით; აგრეთვე, შეიცავს B, C, K, D ვიტამინებს; მასში უხვად არის მიკროელემენტები – თუთია, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, სპილენძი.

გოგრის თესლს აქვს შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს აირების წარმოქმნას კუჭსა და ნაწლავებში, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.

გოგრის თესლი 32-52%-ით გაჯერებულია გოგრის ზეთით, რომელიც ჯანმრთელობისა და კანის, ფრჩხილებისა და თმის სილამაზისთვის აუცილებელი ელემენტის – თუთიის დიდ რაოდენობას შეიცავს; თუთია ძლიერ ამაღლებს იმუნიტეტს, განსაკუთრებით შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში. თუთია, აგრეთვე, კარგად მოქმედებს ქალებისა და მამაკაცების სასქესო ორგანოების მუშაობაზე, სასქესო ჰორმონების გამოყოფის ნორმალიზებას ახდენს, არის ძლიერი პროფილაქტიკური საშუალება წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) და საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ. ფოსფორისა და თუთიის შეხამება სპერმატოზოიდების მოძრაობას ზრდის და კვერცხუჯრედის ხარისხს ამაღლებს.

რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გოგრის თესლი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შემცველობაზე, სისხლძარღვების სისუფთავესა და მათ ელასტიკურობაზე, გულის კუნთსა და სისხლში ქოლესტერინის დონეზე. მოხალული გოგრის თესლი სისხლის წნევას არეგულირებს და შაქრის დონეს დაბლა წევს.

გოგრის თესლში შემავალი ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის მუშაობის სტაბილურობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და ინფორმაციის დამახსოვრების სისწრაფეს ზრდის.

ამას გარდა, გოგრის თესლი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მას იყენებენ გულისრევის შეგრძნების მოსახსნელად ზღვის ავადმყოფობის დროს, აგრეთვე, ავტომობილით მგზავრობის აუტანლობის დროს და ორსულთა ტოქსიკოზის წინააღმდეგ. ქრონიკული შეკრულობისას რეკომენდებულია გოგრის თესლის სისტემატური მიღება.

ერთი მუჭა ნედლი გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს იცავს მავნე პარაზიტებისაგან, მათ შორის, ჭიებისგან და მათ მოშორებაშიც ეხმარება. ძირითადი ნივთიერება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პარაზიტების ცხოველქმედებაზე, არის კუკურბიტინი. სწორედ ის ახდენს ჭიების ნერვული სისტემის პარალიზებას, რაც მათ სიკვდილს იწვევს. გოგრის თესლს ჭიების წინააღმდეგ ექიმებიც ნიშნავენ: ეს პროდუქტი არატოქსიკურია, არ აღიზიანებს ლორწოვან გარსს, ძირითადად, ადამიანები მას კარგად იტანენ და არც ასაკობრივი შეზღუდვა გააჩნია.

პატარა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის თესლის ფაფა, რომელიც ასე მზადდება: გაარჩიეთ გოგრის თესლი და ბლენდერით ათქვიფეთ რძესთან ან წყალთან ერთად, გემოვნებით დაუმატეთ თაფლი (ფრთხილად, რადგან თაფლი ალერგიული პროდუქტია) ან ხილის (მაგ., ვაშლის, ფორთოხლის) წვენი. გოგრის თესლი ცნობილია, როგორც ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. მიეცით ფაფა ბავშვს დილით უზმოზე, ორ ულუფად, ნახევარსაათიანი შუალედით. იგივე ნაზავი უფრო დიდი დოზით მოზრდილ ადამიანსაც მოუგვარებს ანალოგიურ პრობლემას.

თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე: ერთი ჩაის ჭიქა გოგრის თესლი (გარჩეული) ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ (ნალექიც კარგად გამოწურეთ). მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში.

თირკმელებისთვის გოგრის თესლის ჩაიც სასარგებლოა: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, ერთ ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დააყენეთ რამდენიმე წუთი და მიირთვით.

დამწვრობის, კანის დერმატიტის და ჭრილობების წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ახალგარჩეული გოგრის თესლის ფაფა. ამისთვის ახალგარჩეული თესლები კარგად უნდა დანაყოთ როდინში, დააფინოთ მიღებული ფაფა დოლბანდზე და მტკივან ადგილზე დაიდოთ. ერთ საათში ტკივილი გაივლის, ხოლო ნაკაწრი შეხორცდება.

უკუჩვენებები:

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება მისცეთ კვირაში 1-3-ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.

გასტროენტეროლოგები გოგრის თესლის მიღებას არ ურჩევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებს დაავადების გამწვავებისას, რომელსაც ახლავს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა; აგრეთვე, სხვადასხვა ფორმის ნაწლავური გაუვალობის დროს.

არ მიიღოთ გოგრის თესლი, თუ გოგრისა და მისგან მომზადებული პროდუქტების ინდივიდუალური აუტანლობა გაქვთ.

გოგრის თესლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების მოძრაობის შეზღუდვა; კბილის ემალის დაზიანება (თუ კბილით აცლით კანს) და ჭარბი წონაც კი.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: მეხსიერება – როგორ გავუმკლავდეთ გულმავიწყობას

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close