პოლიტიკასაბერძნეთი

მაკედონიის საკითხი – ბერძნებს სტალინი გაახსენდათ

17 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას შორის, რომლის მიხედვითაც მხარეები იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილი ახალი სახელმწიფოს მომავალ ოფიციალურ სახელწოდებაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულებით დასრულდა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი უთანხმოების ეპოქა, რომელიც 27 წელს გრძელდებოდა.


ისტორიულ შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრემიერ-მინისტრების, ციპრასისა და ზაევის თანდასწრებით საბერძნეთის ფლორინის რეგიონის სოფელ ფსარადესში, პრესპის ტბასთან მოაწერეს ხელი. ადგილი, ცხადია შემთხვევით არ შეურჩევიათ: სოფელი ფსარადესი პრესპის ტბის ნაპირზე მდებარე ბოლო ბერძნული პუნქტია, რომელიც ერთდროულად ორ სახელმწოფოს, სკოპიასა და ალბანეთს ესაზღვრება. მართალია, ალბანეთი მოლაპარაკების პროცესში არ მონაწილეობდა, მაგრამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ალბანური უმცირესობა შეადგენს.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ კიდევ ერთი სიმბოლური ნაბიჯი გადაიდგა: პრემიერი ციპრასი თავის კოლეგა ზაევთან ერთად ნავით მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადავიდა და საზეიმო სადილში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო საბერძნეთის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში.
შეთანხმების მიხედვით ამიერიდან მეზობელი სახელმწიფოს სახელწოდება გახდება „ჩრდილოეთ მაკედონია“. სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“ შენარჩუნების სანაცვლოდ სლავური სახელმწიფო უარს ამბობს ანტიკური მაკედონიის ისტორიის მითვისების მცდელობებზე: გადაკეთდება შესაბამისი შინაარსის სასკოლო სახელმძღვანელოები, შეიცვლება ქვეყნის კონსტიტუცია და ასე შემდეგ – რათა საბერძნეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების იდეოლოგიური საფუძველი არ ჩამოყალიბდეს.

შეთანხმების ხელომწერას წინ უძღოდა მწვავე შიდა დაპირისპირება ორივე ქვეყანაში. ოპოზიციური პარტიის, „ნეა დიმოკრატიის“ ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა 16 ივნისს პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი დააყენა. მართალია, მთავრობამ ნდობა შეინარჩუნა, მაგრამ დებატები უკიდურესად მწვავე იყო. ზოგიერთმა დეპუტატმა პრემიერი ციპრასი სამშობლოს ღალატშიც კი დაადანაშაულა. სწორედ აღნიშნული დებატებისას გაისმა სტალინის სახელი – კერძოდ, აღინიშნა, რომ მეზობელი სახელწიფოს ოფიციალურ სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“ არსებობა დაუშვებელია, რადგან იქ მცხოვრებ სლავებს არაფერი აკავშირებთ მაკედონიასთან და მეორე მსოფლიო ომამდე ეს ტერმინი არც გამოიყენებოდა. 1944 წელს იოსიპ ბროზ ტიტომ, იუგოსლავიის კომუნისტური მოძრაობის ლიდერმა, გადაწყვიტა შეექმნა ავტონომიური ერთეული, რომელსაც მაკედონია უწოდა. ტიტოს მიზანს საბერძნეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება წარმოადგენდა, რათა მიეთვისებინა ქალაქი თესალონიკი და მიმდებარე ტერიტორია და ამ გზით ეგეოსის ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა. სხვადასხვა წყაროთი დასტურდება, რომ ტიტოს გადაწყვეტილების უკან სტალინი იდგა. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ორ ლიდერს შორის ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობები არსებობდა. მოგვიანებით სტალინისა და ტიტოს ურთიერთობა დაიძაბა და იუგოსლავიამაც ვერ შეძლო საკუთარი საზღვრების საბერძნეთის ხარჯზე გაფართოება, მაგრამ შვიდი ათეული წლის განმავლობაში ამ რეგიონში მცხოვრებ სლავებს ე. წ. „მაკედონური ცნობიერება“ ჩამოუყალიბდათ.

ამ სლავური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დღევანდელ საბერძნეთშიც ცხოვრობენ, ყველაზებევრნი არიან ფლორინის ოლქში. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მათი კულტურული და პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

არავინ იცის, გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი საბერძნეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებას სამომავლოდ, თუმცა გარკვეული საფრთხე ამ თვალსაზრისით არსებობს. ამის წარმოდგენა ჩვენთვის, ქართველებისთვის ძნელი არ იქნება, თუკი გავიხსენებთ, რომ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ალანიას ბოლშევიკებმა ჩრდილოეთ ოსეთი უწოდეს, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნეს. დღეს ამ გადაწყვეტილების შედეგი ყველასთვის ცნობილია. სხვათა შორის, ბერძნებსა და სლავებს შორის მოლაპარაკების დროს სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა. მათ შორის, „სლავომაკედონია“, „გორნამაკედონია“ და ასე შემდეგ. საბოლოოდ ორი ქვეყანა „ჩრდილოეთ მაკედონიაზე“ შეთანხმდა. იმედია, ბერძნებისთვის ეს გადაწყვეტილება ისეთივე შედეგით არ დასრულდება, როგორც საქართველოსთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნების შექმნა.

გიორგი ჯანელიძე

სტალინის და ციპრასის კარიკატურა აღებულია საიტიდან http://www.triklopodia.gr/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close