საზოგადოება

ესე ამბავი მკურნალობის უფლებააყრილი პაციენტისა ანუ ღია წერილი ენდოსკოპიის მეტრად მიჩნეულ ბატონ მამუკა გურგენიძეს

ბატონო მამუკა, ვიცი, ძვირფას დროს გართმევთ, მაგრამ მაინც ცოტა შორიდან და არცთუ მთლად სამედიცინო თემით უნდა დავიწყო.

არც ისე შორეულ წარსულში, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ფეხბურთელების მორიგი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ერთ-ერთი ტელევიზიის სპორტულ გადაცემაში ქართული ფეხბურთის მესვეურები და ექსპერტები შეიყარნენ და ძალიან დიდხანს და გაცხარებით მსჯელობდნენ, თუ რა სჭირდათ ჩვენს ფეხბურთელებს და რატომ ვერაფრით ახერხებდნენ თავიანთი სასიქადულო წინამორბედების მიერ საფუძველჩაყრილი ესოდენ სასახელო ტრადიციის გაგრძელებას. და როცა ერთ-ერთმაექსპერტმალამის კბილებიდანაც კი ოფლი იდინა იმის მტკიცებით, რომ დღესაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, ოღონდ ბედი არ სწყალობთ, რადგან ხან ძალიან უხერხული მეტოქე ხვდებათ, ხან მეტისმეტად ტენდენციური მსაჯი, ხანაც ბურთია ნამეტანი მრგვალიო, სტუდიაში წარსულში კარგად ცნობილმა ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა დარეკა და მოკლედ მოჭრა: მაგათი (დღევანდელი ფეხბურთელები იგულისხმა) მთავარი პრობლემა უბედობა კი არა, უჯიგრობაა, უჯიგრო ფეხბურთელს კი გინდ, ნიჭი მიეც და გინდ ბედი, მაინც ვერაფერში გამოიყენებსო.

მეც სწორედ უჯიგრობაზე უნდა მოგახსენოთ, ბატონო მამუკა, ოღონდ ფეხბურთში კი არა, უშუალოდ თქვენს სამოღვაწეო სფეროშიმედიცინაში.

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, მექანიკური სიყვითლის დიაგნოზით, ჩემი მეუღლე ჯერ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა), მერე კი უშუალოდ თქვენთან მოხვდა და პირველი შოკიც მაშინვე მიიღო. არ ვიცი, იმ დღეს მარცხენა ფეხზე იყავით ამდგარი თუ, როგორც შემდგომში ერთმა თქვენმა კოლეგამ „აგვიხსნა“, ეს საზოგადოდ, ადამიანებთან ურთიერთობის თქვენეული ფორმაა, მაგრამ თქვენმა აგდებულმა ლაპარაკმა და უდიერმა მოპყრობამ ჩემი მეუღლეცა და მისი თანმხლებნიც იმდენად გაგვაოგნა, რომ რამდენიმე წუთი (თქვენთან ჩვენი პირველი  შეხვედრა კი მეტხანს არც გაგრძელებულა) მეტყველების უნარიც კი დავკარგეთ.

„ამ თავხედის დანის ქვეშ არ დავწვები!“ – თქვენგან გამოსვლისთანავე გააპროტესტა მომხდარი ჩემმა მეუღლემ და მეც მაშინვე მხარი ავუბი. მაგრამ ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ბატონო მამუკა, ზოგადად, ადამიანზე და, მით უმეტეს, ცნობილ ექიმზე ჭორ-მართლის გასავრცელებად თბილისი რა პატარა და მოხერხებული ქალაქიცაა და ჩვენც უმალ თქვენით, როგორც დიდი პროფესიონალით, აღფრთოვანებული ახლობლებისა თუ ნაცნობების ლამის მთელი არმია აგვიმხედრდა: კი, უკმეხია, იქნებ ცოტა უზრდელიც, მაგრამ როგორც პროფესიონალს, მარტო თბილისში კი არა, მთელ ქვეყანაშიც ბადალი არ ჰყავს და შანსს ხელიდან ტყუილად უშვებთო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თქვენს მაქებართა შემოტევას ვეღარ გავუძელით და იმის შიშით, რომ საუკეთესო ენდოსკოპისტის ხელში მოხვედრის შანსი მართლა ხელიდან არ გაგვეშვა, მეორე დღესვე დამნაშავეებივით ისევ თქვენს კარზე ავიტუზეთ. ამჯერად თქვენც საგრძნობლად კორექტული და ლმობიერიც კი აღმოჩნდით და თქვენი და ჩემი მეუღლის, როგორც ექიმისა და პაციენტის, ურთიერთობაც, როგორც იქნა, დაიწყო.

თქვენი ფრიად დატვირთული გრაფიკის გამო  საოპერაციოდ  მომზადებამ კარგა ხანს გასტანა და, სავარაუდოდ (თუ რატომ სავარაუდოდ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ), მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიურმა გადასხმებმა და სხვა სამედიცინო პროცედურებმა ჩემი მეუღლის ნაღვლის სადინარში გაჭედილი კენჭი ადგილიდან დაძრა და ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოიყვანა, რაც მოგვიანებით განხორციელებული პაპილოტომიური ჩარევის (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამედიცინო ტერმინებსა და პროცედურებში გარკვევა სულ ახლახან დავიწყე და მათ ზუსტად მოხმობაზე თავს ჯერ ნამდვილად ვერ დავდებ) შემდეგ თქვენც დაგვიდასტურეთ და ისიც დასძინეთ, რომ ეს თქვენს პრაქტიკში მომხდარი საკმაოდ კარგი პრეცედენტი იყო; თუმცა ის კი აღარ გაგხსენებიათ, რომ ჩარევის წინა დღეს, მართალია, ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ მაინც შემოგბედეთ იმ სიმპტომების გაჩენის თაობაზე, რომლებიც, როგორც ჩარევის შემდეგ თავადვე ბრძანეთ, კენჭის დაძვრის ნიშნები ყოფილა. არადა, ჩვენი ნათქვამი წინა დღეს ყურად საერთოდ არ იღეთ, მეორე დღეს კი უკან თითქმის უცვლელად დაგვიბრუნეთ. და როცა ისევ შემოგბედეთ, ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ გუშინ მოგახსენეთ-თქო, ჩვენი ნათქვამი ისევ უპასუხოდ დატოვეთ.

თქვენ შემდეგ, ბატონო მამუკა, ჩემს მეუღლეს კიდევ არაერთ თქვენს უშუალო კოლეგასთან (ერთი თქვენი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელიც გახლდათ) მოუხდა შეხება, რომლებმაც თქვენი და თქვენი სხვა კოლეგების მიერ პაპილოტომიურ ჩარევამდე განხორციელებული თუ რატომღაც არგანხორციელებული პროცედურები კი არა, ჩემი მეუღლის ნაღვლის სადინარში კენჭის საერთოდ არსებობაც კი ეჭვქვეშ დააყენეს. მაგრამ  მე ისევ იმის მოყოლას მივუბრუნდები, რაც ჩემს მეუღლეს, როგორც პაციენტს, თქვენი, როგორც ექიმის, პროფესიული ჩარევის შემდეგ (ხაზს ვუსვამ – ჩარევის შემდეგ და არა შედეგად!) დაემართა.

როგორც  თავადვე აგვიხსენით, ჩემი მეუღლის ნაღვლის ბუშტიც, სავარაუდოდ, კენჭებით იყო სავსე და რაც მალე ამოიჭრიდა, მით უკეთესი. მაინც რამდენად მალეო, როცა დაზუსტება გთხოვათ, თუნდაც ხვალვეო, უპასუხეთ.

მიზეზთა და მიზეზთა გამო, მთლად „თუნდაც ხვალვე“ არ მოხერხდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც დროებით სახლში გამოუშვეს, მეორე ოპერაციასაც თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში, ოღონდ უკვე თქვენს კოლეგასთან მას შემდეგ გაიკეთებდა, როცა სიყვითლე გაუვლიდა. მაგრამ დღე დღეს მისდევდა, სიყვითლე კი კლების ნაცვლად, მგონი, კიდეც მატულობდა, რასაც ტემპერატურის მკვეთრი აწევ-დაწევა და ციებაც დაერთო და, გვარიანად დაფეთებულებმა, თქვენს კოლეგა ქირურგთან ნაადრევად მოვირბინეთ. ნუ გეშინიათო, დაგვამშვიდა, ეს შეიძლება ვირუსი იყოს ანდა პირველი ჩარევის დროს „გაგვეპარა“ რამე და მალე გამოვასწორებთო. ასე დაიწყო მეორე ოპერაციისთვის მზადება და  საჭირო ანალიზების აღება, რამაც ჩემი მეუღლის ორგანიზმში დაწყებული სერიოზული ინტოქსიკაცია გამოავლინა. ალბათ მიხვდით, რომ პირველი, ვისთანაც ამის შემედეგ მივირბენდით, თქვენ ანუ ის ექიმი იქნებოდა, ვისი პროფესიული ჩარევის შემდეგაც ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა.

ბატონო მამუკა, ერთი თქვენი კოლეგა, რომლის მძიმე ავადმყოფი მეუღლისთვის წარმატებით გიმკურნალიათ, მარწმუნებდა, მამუკა გურგენიძეს ისეთი მახვილი თვალი აქვს, უბრალო შეხედვითაც კი უზუსტეს დიაგოზს სვამსო. სამწუხაროდ, მე პირადად თქვენი კოლეგის ნათქვამს ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, რადგან, მისგან განსხვავებით, ჩემი მეუღლისთვის თვალის შევლებაც აღარ ისურვეთ, აქოდა, მე ყველაფერი სწორად გავაკეთე, სისხლში სერიოზული ცვლილელების მიზეზი კი სხვაგან ეძებეთო.

ასე დავიწყეთ მიზეზის „სხვაგან“ ძებნა და მის საპოვნელად, მგონი, არ დარჩა ანალიზი, რომელიც იმ დღეს ჩემს  მეუღლეს  თქვენს კლინიკაში არ გაუკეთეს და ექიმი, ვისთან კონსულტაციის გავლაც არ ურჩიეს თუ მოსთხოვეს. ბოლოს, როცა  ძვლის ტვინის აღების პერსპექტივაზეც ჩამოუგდეს სიტყვა, საბოლოოდ სისხლგამშრალმა და საფუძვლიანად ჯიბედაცარიელებულმა  მაგიდას მუშტი დაჰკრა (ამას ფიგურალურად ვამბობ, თორემ სადღა ჰქონდა მუშტის დაკვრის ძალა!), თქვენ მართლა ხომ არ გადაირიეთო და მეც მაშინვე ავყევი: ადამიანებო, სანამ ძვლის ტვინის აღებამდე მიხვალთ, ნუთუ ამხელა სამედიცინო დაწესებულებაში წამლად ერთი ინფექციონისტი მაინც არ მოგეძევებათ, რომ აზრი მისთვისაც გვეკითხა-მეთქი.

ასე აღმოვჩნდით ახალგაზრდა ინფექციონისტთან, რომელმაც ჯერ დაგვამშვიდა, შემდეგ ყურადღებით მოგვისმინა, ყველაფერი გააანალიზა, დიაგნოზი დასვა და ზუსტი მკურნალობაც დაგვინიშნა. ზუსტი-მეთქი, ასე თამამად მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში), სადაც ამის შემდეგ ჩემი მეუღლე მოხვდა, სწორედ ამ დანიშნულების მიხედვით საკმაოდ წარმატებით უმკურნალეს.

ბატონო მამუკა, საზოგადოდ ცნობილია, რომ საქართველოში მედიცინა უკეთეს შემთხვევაში ცალკე ბიზნესად, უარესში კი რომელიღაც სხვა, მავანთათვის უფრო მნიშვნელოვანი ბიზნესის ნაწილად არის ქცეული. ქართულად წარმოებული ბიზნესის უღრანებში გარკვევა კი მე და ჩემისთანებს  კი არა, ხშირად ამ საქმეში ჭიპმოჭრილ ადამიანებსაც ძალიან უჭირთ, თუმცა ერთი მარტივი ჭეშმარიტება ჩემთვისაც ცნობილი და გასაგებია: ბიზნესმა რომ გახეიროს, ჯერ შენ უნდა ახეირო და მასში ნიჭთან, უნართან და ენერგიასთან ერთად, საკმაო ფულიც უნდა ჩადო. როგორც ამიხსნეს, თქვენი სამედიცინო დაწესებულებაც ბიზნესის სერიოზულ რელსებზეა შემდგარი და პაციენტების მიერ გამოკვლევასა თუ მკურნალობაში გადახდილი ფულიც საფუძვლიანად ასაზრდოებს. და რადგან ასეა, უნდა გითხრათ, რომ  ჩემმა მეუღლემაც, როგორც ერთმა კონკრეტულმა პაციენტმა,  საკუთარი ჯიბიდანაც და კერძო სადაზღვევო კომპანიის მეშვეობითაც, თქვენს დიდ ბიზნესს არცთუ მთლად უმნიშვნელო თანხა შემოუმატა და კიდევ უფრო მეტის შემომატება მოუწევდა, დილით მეორე ოპერაციისთვის მოსამზადებლად მოსული, საღამოსპირზე, თქვენთან შემდგომი მკურნალობის უფლებააყრილი, პირდაპირ ქუჩაში არ გამოგეშვათ: აქაოდა, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დიაგნოსტიკური დაწესებულებაა და არა სტაციონარულიო (არადა,  ორიოდე კვირის წინ თქვენს საკმაოდ ძვირადღირებულ სტაციონარში ერთი დღე-ღამე უკვე გატარებული ჰქონდა). ამიტომაც, ახლა სახლში წადით, „სასწრაფო დახმარება“ გამოიძახეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ამაღამვე რომელიმე პროფილურ კლინიკაში მოხვდეთ, რადგან თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებაო.

ბატონო მამუკა, ალბათ დიდად არ დაგაინტერესებთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, თუ რა დიდი, მაგრამ სრულიად უშედეგო ჯაფა დაადგა „სასწრაფო დახმარების“ ექიმს თქვენგან მოძულებული პაციენტის კიდევ ერთ თქვენივით ფეშენებელურ კლინიკაში გასამწესებლად. და როცა იმ კლინიკის  წამომადგენელს  არგუმენტად „თოდუადან გამოშვებული პაციენტი ჩვენ რატომ უნდა მივიღოთო“ არ ეყო, ძვირადღირებული აპარატურის მწყობრიდან გამოსვლაც კი მოიმიზეზა. რა ვქნა, ახალში არ გიღებენო, ამოიოხრა იმედგადაწურულმა „სასწრაფოს“ ექიმმა და ძველ ინფექციურში თუ წახვალთო, ისე გვკითხა, თითქოს, ეშაფოტზე ასვლას გვთავაზობდა. წავალთ-წავალთო, ერთად ამოვიხავლეთ  მე და ჩემმა ილაჯგაწყვეტილმა მეუღლემ. ასე აღმოვჩნდით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, სადაც ჩემს მეუღლეს მარტო გადაუდებელი დახმარება კი არ აღმოუჩინეს, სულიც საფუძვლიანად გაუთბეს. რა კარგია, რომ სწორედ აქ მოვხვდითო, მითხრა  მოგვიანებით, ძლივს ისევ სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი თავიო.

ბატონო მამუკა, თქვენთვის ღია წერილის მოწერა რომ გადავწყვიტე, მარტო თქვენი ნიჭისა და პროფესიონალიზმის თაყვანისმცემლებმა კი არა, თქვენმა განმაქიქებლებმაც კი პირდაპირ მითხრეს, წერე და იკითხე, მამუკა გურგენიძეს მაინც ვერაფერს დააკლებ და წამლად ერთ პაციენტსაც კი ვერ მოაკლებო. არადა, არც ერთის გაკეთება მიფიქრია და არც მეორის. ჩემი მოკრძალებული სურვილი ჩემი მეუღლესავით კანონ და „ექიმდამჯერე“ თქვენი თუნდაც მხოლოდ ერთი პოტენციური პაციენტისთვის ხმის მიწვდენაა, რომ თქვენთან მოხვედრის მსურველთა უგრძეს რიგში ჩადგომისას ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და  ძვირადღირებული საათის მექანიზმივით ზედმიწევნით გამართულ და ელვისუსწრაფესად მოძრავ თქვენს „პაპილოტომიურ კონვეიერზე“ მოხერხებულად „შეხტომა “და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგებით „ჩამოხტომა“ მოახერხოს.

ისევ პაციენტი ვახსენეთ, ბატონო მამუკა, და ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ექიმები ყველაზე ჭირვეული და უხერხული პაციენტები ყოფილან და ამ მხრივ გამონაკლისი ალბათ არც თქვენ იქნებით. ჩემი კიდევ ერთი მოკრძალებული სურვილი კი ის იქნებოდა, რომ ერთხელ თქვენ და თქვენი ზოგიერთი კოლეგაც  უბრალოდ პაციენტის კი არა, ჩემი მეუღლესავით მკურნალობის უფლებაწართმეული პაციენტის როლში აღმოჩენილიყავით და, ბედის ანაბარა მიტოვებულებს, საკუთარი უსულგულობის წამლობა თავადვე გეცადათ. თორემ ზემოთ ნახსენები წარსულში ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონის თქმისა და, რაც მთავარია, დიდი სულხან-საბას სიბრძნის პერიფრაზისა არ იყოს, უჯიგრო  ექიმს გინდ ნიჭი მიეც, გინდ – ბედი და ნეხვთა დაჰფალ…

პატივისცემით,

რიგითი ჟურნალისტი რუსუდან ლებანიძე

P.S. რაც შეეხება ჩემი მეუღლის, როგორც პაციენტის, შემდგომ ბედს, ბატონო მამუკა, მას ნაღვლის ბუშტი სულ სხვა კლინიკაში, სულ სხვა ქირურგებმა მრავალსაათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ წარმატებით ამოაჭრეს და არანაკლებ რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზეც მყარად დაყენეს, რითაც მას ჯანმრთელობა, მე კი მრავალტანჯული ქართული მედიცინის უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი დამიბრუნეს. თუმცა, ეს უკვე ალბათ, სულ სხვა პუბლიკაციის თემაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close