newsკულტურასაქართველო

მარკა რუსთაველის გამოსახულებით – გაერომ საიუბილეოდ საქართველოს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა

პირველი რესპუბლიკის დაარსების და დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა: უკვე დაბეჭდილია და დღეიდან, 26 მაისიდან გაერო რეალიზაციაში უშვებს საფოსტო მარკას რუსთაველის გამოსახულებით, რომელიც ამ ორგანიზაციის ვენის ოფისიდან გაიყიდება. შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საიუბილეო საფოსტო მარკა ათი სხვადასხვა დიზაინის არის და პოემის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ასახავს. მარკის ღირებულება 80 ევროცენტია.

გაეროს მიერ გამოშვებული მარკა, რომელზეც საქართველოს რუკა 1992 წლის საზღვრებით არის წარმოდგენილი, 26 მაისიდან მსოფლიოს მოივლის. მარკის დაბეჭდვის იდეა საქართველოს წარმომადგენლობას გაუჩნდა. გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე ამბობს, რომ კონკრეტულად მარკებთან დაკავშირებით საქართველოს წარმომადგენლობამ გაეროსთან 9 თვე იმუშავა, ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ორგანიზაციის შესაბამის სამსახურებთან: „გაერომ მართლა უპრეცენდენტო რამ გააკეთა, დაიბეჭდა მარკა მე-12 საუკუნის მოღვაწეზე, ასეთი რამ ჯერ არ გვახსოვს. ასე რომ, მგონი, ძალიან კარგი საჩუქარი გამოუვიდა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით“.

გაეროს Ecosoc-ის პალატაში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და მარკის პრეზენტაციას გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მიროსლავ ლეჟაკი და უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ. მიროსლავ ლეჟაკმა სტუმრებს მიმართა:

„შოთა რუსთაველის მე-12 საუკუნის ეპოქალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი ქმნილებაა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. ბევრი გზავნილი, რომელიც ამ პოემაშია, დღემდე აქტუალურია. მაგალითად, კომპრომისებზე წასვლა მოლაპარაკების დროს და წინასწარ მოსალოდნელი არასასურველი შედეგის განჭვრეტა. დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ და ვახსენებთ ამ ღირებულებებს, როგორც მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილ დიდ წვლილს“.

დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საქართველოს პრეზენტაციაზე მყოფმა უცხოელმა დიპლომატებმაც მიულოცეს, მათ შორის, იორბენ შულცმა, გერმანიის ელჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ გაერო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხარდაჭერას წელსაც რეზოლუციის კენჭისყრაზე დააფიქსირებენ.

მარკის პრეზენტაციაზე მისულ დიპლომატებს ჟურნალ “National geographic”-ის ქართული გამოცემა გადაეცათ, სადაც საქართველოს შესახებ არის მოთხრობილი.

პრეზენტაციის შემდეგ ქართველი მუსიკოსის, გიორგი მიქაძის და ფოლკლორული ტრიოს ერთობლივი პროექტის “Georgian Overtones” კონცერტი გაიმართა.

წყარო: „ამერიკის ხმა“

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close