ისტორიამიგრაცია

ბერძნული მოსახლეობა საქართველოში

ბერძნულ-ქართული ურთიერთობა თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსივობით სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს. ამავე დროს, საქართველოს ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენში, ძირითადად, XIX-XX საუკუნეებში გადმოსახლდა იმ რეგიონებიდან, სადაც ე. წ. პონტოს ანუ პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ.

პონტოელ ბერძნებს ასე ეწოდებათ იმიტომ, რომ ისინი თურქეთის შავიზღვისპირა რაიონში – პონტოში უკვე ანტიკური ხანიდან მოყოლებული სახლობდნენ, ვიდრე  XIX-XX საუკუნეებამდე. მათ ეჭირათ მრავალრიცხოვანი დასახლებები აღმოსავლეთით რიზეს და დასავლეთით გირუსუნს შორის. ამ არეალის ყველაზე ცნობილი ცენტრები იყო ტრაპიზონი, სამსუნი (ძვ. ამისოსი) და გიუმუშჰანე (ძველი არგირუპოლისი). თავის დროზე პონტოს რაიონში 102 ელინოფონური დასახლება ყოფილა. მართალია, ამავე რეგიონში სხვა ხალხებიც ცხოვრობდნენ, პირველ რიგში კი, ქართველურენოვანი ტომები, უპირატესად, ლაზები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჭეშმარიტ ავტოქტონებად გვევლინებიან, მაგრამ ოსმალეთის იმპერიის დავთრების მიხედვით, ბერძნულენოვანი მოსახლეობა პონტოს რეგიონში ყველაზე მრავალრიცხოვანი ყოფილა.

უახლესი მონაცემებით, პონტოს ე. წ. ბერძნულენოვანი მოსახლეობა ჯერ კიდევ 1922 წლამდე დაახლოებით 700 ათას კაცს შეადგენდა. ამავე დროს, 500 ათასი უკვე გადასახლებული იყო თურქეთიდან, ძირითადად, რუსეთსა და საქართველოში. ეს პროცესი XIX საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით 257 ათასი პონტოელი ბერძენი დაიღუპა მათი დევნის პერიოდში თურქეთში.

პონტოურ დიალექტს თანამედროვე ბერძნულის დიალექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ზოგი მას ცალკე ენადაც კი განიხილავს. პონტოელთა ენამ ძველი ბერძნულის ზოგიერთი ისეთი ნიშანი დაიტოვა, რომელიც დღეს ბერძნულ დიალექტებში გამქრალია.

პონტოელი ბერძნების ის ნაწილი, რომელიც საქართველოში გადმოსახლდა და რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიდო ბინა, თავიდანვე ერთგვაროვანი არ ყოფილა. საქართველოს ბერძნების დაყოფა შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად: ელინოფონურ ანუ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე და თურქულენოვან ჯგუფებად. თავის მხრივ, არც ბერძნულის პონტოური დიალექტია საქართველოში ერთგვაროვანი და სხვადასხვა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.

საქართველოში მცხოვრები პონტოს დიალექტზე მოლაპარაკე ბერძნები თავიანთ თავს „რომეოს“ (იშვიათად – „გრეკოს“ ან „ელლინას“) უწოდებენ, ხოლო თურქულენოვანთა სახელწოდებაა „ურუმი“. როგორც ერთი, ისე მეორე სახელწოდება წარმოდგება ტერმინიდან „რომი“. როგორც ცნობილია, ბერძნულ ტრადიციაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბერძნებს ეწოდებათ რომაელები. „რომეო“ სწორედ ამ სახელწოდებას უკავშირდება, ხოლო „ურუმი“ კი ალბათ აღნიშნული ტერმინის არტიკლიანი ფორმის თურქულენოვანი ტრანსფორმაციის შედეგს წარმოადგენს.

ქართველები პონტოელებს, ისევე როგორც მათ ბიზანტიელ წინაპრებს, ბერძნებად მოიხსენიებდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება და ბერძნული მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდანაა გადმოსახლებული. ბერძნების მცირე ჯგუფი საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, როცა მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით ჩვენში ვერცხლის და ტყვიის მოპოვება დაიწყო; მაშინ მოიწვიეს ანატოლიიდან ამ საქმის მცოდნე ბერძენი ოსტატები. არსებული ცნობებით, გიუმიუშხანიდან მოსული ბერძნების 800-მდე ოჯახი 1763 წელს ახტალის მიდამოებში ჩასახლებულა. მათი შთამომავლები არიან მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში მცხოვრები ბერძნები. უფრო მოგვიანებით (1813 წ.) თურქეთიდან მოსული ბერძნების 120 ოჯახი სოფელ წინწყაროში (თეთრიწყაროს რაიონი) დასახლდა, რომელიც ქართული მოსახლეობისგან დაცლილი იყო. 1830 წელს თრიალეთში დასახლდა ისევ თურქეთიდან მოსული 7 ათასამდე ბერძენი, რომლებმაც ქართველების ნასახლარზე 18 სოფელი შექმნეს.

პონტოელთა სოფელი ბექთაშენი

XIX საუკუნის შუა წლებში ბერძნები ზღვისპირა აჭარაში, აგრეთვე, სოფელ ირაგაში (თეთრიწყაროს რაიონი) და ციხისჯვარში (ბორჯომის რაიონი) ჩამოსახლდნენ.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბერძნები მასობრივად ჩასახლდნენ აფხაზეთში, უმთავრესად, სოხუმის მახლობელ სოფლებში. ეს ბერძნებიც თურქეთიდან იყვნენ მოსულები და, ძირითადად, თამბაქოს გაშენებას მისდევდნენ. იმავე საუკუნის მიწურულში ბერძნების საერთო რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა. მაშინ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საქართველოს ქალაქებში ცხოვრობდა (თბილისში, ბათუმში, სოხუმსა და სხვ.).

საქართველოს მოსახლეობის 1800 წლის აღწერის მიხედვით, აქ 500 ბერძენი ცხოვრობდა; 1832 წელს – 7 ათასი; 1865 წელს – 12 ათასი; 1886 წელს – 28 ათასი; 1897 წელს კი – 38 ათასი.

1926 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის 54 054 ბერძენი ცხოვრობდა, 1939 წლის აღწერით კი – 84 960; 1959 წელს – 72 ათასი; 1970 – 89 ათასი; 1979 წელს – 95 ათასი; 1989 წელს – 100 ათასზე მეტი.

2002 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 15 166 ბერძენი, მათ შორის, თბილისში – 3792.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 5500 ბერძენი ცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის 0,1 პროცენტს შეადგენს.

ალექსი დავითაშვილი

ისტორიკოსი

წყარო:
„ბერძნები საქართველოში“ (კოლექტიური მონოგრაფია, რედაქტორი რ. გორდეზიანი), თბილისი 1990
ვ. ჯაოშვილი, „საქართველოს მოსახლეობა“ XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984
ვ. ჯაოშვილი, „საქართველოს მოსახლეობა“, თბილისი 1996

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close