საქართველოს ელჩი აშშ-ში: „ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ჩასული ემიგრანტების ზუსტი რაოდენობა უცნობია. არაოფიციალურად სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, ერთ-ერთი ვერსიით, ეს რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს. თუ გავიხსენებთ, ჩვენ გარშემო რამდენი ადამიანია შტატებში წასული სხვადასხვა მიზნით, ძირითადად კი, სამუშაოდ და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მაშინ ეს რიცხვი არც ისე არარეალურად მოგვეჩვენება. ოფიციალური მაჩვენებელი კი გაცილებით დაბალია.

ჩვენი ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონ დავით ბაქრაძეს სწორედ ემიგრაციასა და ემიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრეთ.

ბატონო დავით, როგორია ოფიციალური სტატისტიკა – რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, დაახლოებით რამდენია მათგან არალეგალური ემიგრანტი? რომელ ქალაქშია ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი?

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები, სამწუხაროდ, არ არსებობს. საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში, ფლორიდაში და, ასევე, დასავლეთ სანაპიროზე. რაც შეეხება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რაოდენობას, დაახლოებით 3000-ია.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა იმიგრაციული პოლიტიკა შეცვალა, გაამკაცრა წესები, აპირებს გააუქმოს მწვანე ბარათის ლატარეა… უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს ცვლილებები, რითაა გამოწვეული და რამდენად ეხებათ ეს სიახლეები ქართველ ემიგრანტებს?

აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ არ შეხებიათ. შეზღუდვები დაუწესდათ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა: ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია, სამგზავრო დოკუმენტის ნიმუშები და ა. შ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის, ვენესუელის, იემენისა და ჩადის მოქალაქეებისთვის დაწესდა გარკვეული შეზღუდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობაზე.

საქართველოს საელჩოს რა საკითხებზე მიმართავენ აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და რას აკეთებს საელჩო ემიგრანტებისთვის?

როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში და საელჩოს საკონსულო სამსახური ქ. ვაშინგტონში, შესაბამისად, თითოეული საკონსულოსათვის განსაზღვრულია შტატები, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებლები და ამ შტატებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევენ შესაბამის მომსახურებას. საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. პირველ რიგში, აღნიშნული მოიცავს საჭიროებს შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას; მოგეხსენებათ, საკონსულო დაწესებულებები, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებების (მაგალითად: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სამოქალაქო აქტები, სხვადასხვა სახის ცნობები და ა. შ.) მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ამ კითხვას რაც შეეხება, თავად ემიგრანტებმა მთხოვეს მისი დასმა: თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორი იქნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ემიგრანტების მიმართ, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო ავტომატურად დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა? როგორც ცნობილია, იგეგმება ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით და მალე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ გახდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, მაგრამ როგორც ემიგრანტები ამბობენ, ეს არ შეეხებათ მათ, ვინც ადრე მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს, რაც გულისხმობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ გახდება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი და ასეთი კატეგორიის პირებს აღარ მოუწევთ მიმართონ პრეზიდენტს გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და ექნება თუ არა მიღებულ ცვლილებებს უკუქცევითი ძალა, ანუ გავრცელდება თუ არა კანონის მოქმედება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცვლილებების ამოქმედებამდე მიიღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

რაც შეეხება შემდეგ კითხვას, მისი ავტორია არალეგალური ემიგრანტი აშშ-ში, რომელიც მოხუცს უვლის. იგი ჯერ ევროპაში ცხოვრობდა, ახლა კი 2 წელია ამერიკაშია, თუმცა უკვე აპირებს სამშობლოში დაბრუნებას:

თუ ეხმარებიან დასაქმებაში საქართველოში დაბრუნების მსურველ ემიგრანტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ, სამშობლოს მოახმარონ თავიანთი განათლება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება… თუ არსებობს მათი საქართველოში ინტეგრირების რაიმე გამოცდილება და როგორია სტატისტიკა?

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების წარმატებით რეინტეგრაციისთვის ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება

მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირების საჭირო დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

სოციალური პროექტების დაფინანსება

შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება სარეინტეგრაციო პროგრამებთან დაკავშირებით შესაძლებელია როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე.

კიდევ ერთი ემიგრანტის კითხვა: ტეხასში რატომ არ იხსნება საკონსულო?

როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს საქართველოს საკონსულო სამსახური ვაშინგტონში და გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში, ტეხასის შტატის დაფარვას ახორციელებს გენერალური საკონსულო. აშშ-ის მასშტაბების გათვალისწინებით, აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი მოქალაქეების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი მომსახურების მისაღებად მათ უწევთ პირადად გამოცხადდნენ საკონსულოში, რაც დროსა და საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ნაწილში საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს და ჩვენს მოქალაქეებს მომსახურების უმრავლესობის მიღება სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეუძლიათ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ჰიუსტონში ჩვენ გვყავს საპატიო კონსული – ქალბატონი ჯანეტ ჰალდემან მური; მართალია, მოქალაქეთა მომსახურების ნაწილში მისი ფუნქციები შეზღუდულია, თუმცა უკიდურესი აუცილებლობას შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს ქალბატონი ჯანეტ მური შესაბამის კონსულტაციას გაუწევს.

რაც შეეხება „ქართულ“ კრიმინალს აშშ-ში: როგორია სტატისტიკა, რამდენად ხშირად ხვდებიან ქართველები ციხეში დანაშაულისთვის და რა სახის დანაშაული ჭარბობს? რას აკეთებს საელჩო ასეთ შემთხვევაში?

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში საკონსულოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, დაკავებული პირისათვის თარჯიმნის მომსახურებით, აგრეთვე, სახაზინო ადვოკატით უზრუნველყოფა და ა. შ. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის.

თქვენ იყავით ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში. მოხარული ვარ, რომ მაშინ თქვენთან ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთში, რომელსაც მე ვრედაქტორობდი და რომელიც საბერძნეთსა და იტალიაში გამოდიოდა ემიგრანტებისთვის. შემდეგი სამი კითხვა საბერძნეთში მცხოვრებმა ლეგალურმა ემიგრანტმა მომწერა:

ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დღეს საბერძნეთში მოქმედ ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებს?

საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული საქართველოს მოქალაქის წარმატება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩემთვის საამაყო იყო საბერძნეთში ელჩობა და დღესაც ძალიან მახარებს ის ურთიერთობა, რომელიც საბერძნეთში მოქმედ ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების წევრებთან ჩამომიყალიბდა. ეს არის განსაკუთრებული ხალხი, რომლებიც თავიანთი შრომით აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკას. რჩევის მიცემა ძნელი იქნება ჩემი მხრიდან, გარდა იმისა, რომ გაერთიანებით, საერთო მიზნების დასახვითა და მათი შესრულებით მეტად გაიძლიერონ პოზიციები იმ ქვეყანაში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. ჩვენი ძალა ერთობაშია.

რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ ემიგრანტების დამკვიდრებისთვის მასპინძელ ქვეყანაში?

დღეს სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, რაც ადრე არ კეთდებოდა, და იმედი მაქვს, ამას ხედავენ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის კიდევ მეტი სივრცე და დიასპორული საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმით ხარისხობრივად მაღალ დონეზე ავიდა ეს ურთიერთობა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ ემიგრაციაში არიან ქართველები, იქ იყვნენ ძლიერად, მაგრამ ასევე შენარჩუნდეს მუდმივი კომუნიკაციის არხები სამშობლოსთან. ეს განსაკუთრებით ახალ თაობას შეეხება, რომელმაც შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა.

თუ დგას დღის წესრიგში ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების მიცემის საკითხი? ზოგადად, როგორ შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ემიგრანტებს?

აქ მნიშვნელოვანია, განვაცალკეოთ ტურისტული და სამუშაო ვიზები. ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა ისტორიული მნიშვნელობის მიღწევაა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს, არ დავარღვიოთ ის წესი, რომელზეც შევთანხმდით.

რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, ეს ცალკეულ სახელმწიფოსთან განსახილველი საკითხია და დამოკიდებულია მიმღები სახელმწიფოს ინტერესზე, მიიღოს სპეციფიკური პროფესიის ადამიანები. ამ მიმართულებით, რომელსაც ცირკულარული მიგრაცია ეწოდება, მუშაობა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს.

დაბოლოს, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე უახლოეს მომავალში. როგორი იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის 2018 წელი, რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ და რა მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი?

2017 წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობა შედგა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ორმხრივი ურთიერთობებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და აღსრულებას.

საქართველოს მთავრობის წევრები ახალი ადმინისტრაციის თითქმის სრულ შემადგენლობას შეხვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელიც  2017 წელსვე, პრემიერის მოწვევით, საქართველოს ესტუმრა. ასევე გასული წლის განმავლობაში განხორციელდა საკანონმდებლო დელეგაციების 8 გაცვლითი ვიზიტი და 100-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა აშშ-ის სენატორებსა და კონგრესმენებთან.

მთავრობებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2017 წელს საქართველოსათვის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა. განსაკუთრებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ მთავრობაში. მათ შორის:

  • საკანონმდებლო დონეზე პირველად საქართველოს ოკუპაციის აღიარება მოხდა აშშ-ის 2017 წლის საბიუჯეტო კანონში.

  • საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ხაზი გაესვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

  • რიგი ორპარტიული რეზოლუციებისა სენატსა და კონგრესში ხაზგასმით მოუწოდებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისაკენ.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმხრივი ხელშეკრულებები გაფორმდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით:

სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის ჯაველინის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შესაძლო მიყიდვის თაობაზე, რაც განამტკიცებს ქვეყნის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თავდაცვის ეროვნული მოთხოვნები.

მნიშვნელოვანია „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება და სტრატეგიული მზადყოფნის და ძალთა შენარჩუნების უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება.

ასევე აღსანიშნავია საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის მხრივ გააქტიურებული მუშაობა. საელჩომ გაააქტიურა მუშაობა აშშ-ის სხვადასხვა უწყებასთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე.

ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის წლევანდელი შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერას და პარტნიორობის მტკიცე გეზს, რომელიც აუცილებლად ასევე გაგრძელდება წელსაც და შემდგომ წლებშიც.

ბატონო დავით, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები
Загрузка...