ლევან მოსიაშვილი: „გადავწყვიტე, იარაღზე უარი მეთქვა და ფუნჯი ამეღო ხელში“

„საფრანგეთი მიჩემებს უკვე, ცდილობენ მათი სახელით გამოვიდე, მათი დროშა ავწიო, მეუბნებიან, საფრანგეთის ინტერესები უნდა დაიცვაო. ვეუბნები, რომ მე ჯერ ქართველი ვარ სულით და გულით, ქართველი მხატვარი. რა თქმა უნდა, დავიცავ და ყოველთვის ვიცავ საფრანგეთს ყველა ქვეყანაში, სადაც ნამუშევრებს ვფენ. ბიოგრაფიაშიც წერია, რომ მე ვცხოვრობ, ვმოღვაწეობ და ხელს მიწყობს საფრანგეთი, ამაზე მეტი დაცვა რით შემიძლია?! მაგრამ ყველა გამოცემაში, ყველა უცხოურ გამოფენაზე აუცილებლად წერია: ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის გამოფენა“…

ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში (ვაშინგტონში), მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორატში, საფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში, ფრანგულ კუნძულებზეც (რეუნიონი, ტაიტი) კი… ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კერძო კოლექციებში ინახება.

1998 წლიდან დღემდე ხელოვანი 100-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორი, არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. მისი ნამუშევრები ხშირად შეუდარებიათ ფიროსმანის, შაგალის, მატისის, პინეს ნახატებთან… ლევან მოსიაშვილი პროფესიით მხატვარი არ არის. რამ მიიყვანა ტილოსთან და რას ეუბნება აღიარებული ქართველი ხელოვანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს?

ბატონო ლევან, პროფესიით მხატვარი არ ხართრამ მიგიყვანათ ტილოსთან?

ძალიან მტკიოდა ის, რაც საქართველოში 90-იან წლებში მოხდა – ძმათამკვლელი ომი შეიძლება დავარქვათ. იმ დროს აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი სატყეო საინჟინროზე. მეორადი ფაკულტეტიც დავამთავრე სარეჟისორო განხრით. სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, დეკორაციებს ვქმნიდი, ხანდახან ვხატავდი კიდეც… ვფიქრობდი, რომ ომი არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. ბევრი ჩემი მეგობარი შეეწირა იმ ომს, მე კი გადავწყვიტე, რომ იარაღზე უარი მეთქვა და ფუნჯები ამეღო ხელში, ამით გამომეხატა ჩემი პროტესტი.

„მშვიდობის შვილი“, 2003

მამათქვენი, თამაზ მოსიაშვილი ცნობილი მხატვარი იყო, ალბათ მაინც  გენებმა დაგძლიათ…

ალბათ… ისე, მინდოდა პროფესიით ბუნების დამცველი გავმხდარიყავი, გავხდი კიდეც: ჩემი გამოფენებით და აქციებით ვიცავ ყველაფერს, რასაც სილამაზე, ბუნება ჰქვია… საქართველოს ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ უცხოეთში.

ვინ გაგიხსნათ გზა უცხოეთისკენ?

საფრანგეთის კონსულმა საქართველოში, ბატონმა ბრუზომ 1998 წლიდან ოფიციალურად გამიხსნა გზა საფრანგეთისკენ, სადაც მან თავად ჩაიტანა ჩემი ნამუშევრები. ამ ნამუშევრებმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და…

თქვენც საფრანგეთში აღმოჩნდით

საფრანგეთში უცნაურად, ერთ-ერთი ექიმის მოწვევით მოვხვდი. მერე იქ ისე აიტაცეს ჩემი ქართული პერიოდის ნახატები, ისე მოეწონათ ჩემი კომპოზიციები, რომ ხელი აღარ გამიშვეს (შაგალი, ფიროსმანი გაცოცხლდაო, მასზე წერდნენ – თ. ო.). მას შემდეგ მოვდივარ ასე და ახლა უკვე, პრაქტიკულად, ყოველი თვე დახუნძლულია გამოფენებით. ეს ყველაფერი მოიტანა მეგობრობამ, ურთიერთობამ, სხვადასხვა კულტურის პატივისცემამ… ეს არის, ალბათ, ჩემი პატარა წარმატებების საიდუმლო, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფესვებს, მშობლებს, მეზობლებს, კოლეგებს…

„ოჯახი“, 2007
„ჩემი ანგელოზების ცეკვა“
„ქალის ცხოვრება“, 2016
„ქალაქი შუაღამით და ვარსკვლავები“, 2016

მიმაჩნია, რომ ხელოვნებაში ხანდახან შელამაზებული სიმართლე უნდა ვთქვათ. ამით საკუთარ თავსაც სტიმულს ვაძლევთ და სხვასაც ვეუბნებით, რომ არის რაღაც ამოუხსნელი, მიუწვდომელი, ბედნიერი იმაში, რასაც ხელოვნება, ფერთა ჭიდილი ჰქვია. პროფესიონალიზმი მოაქვს მხოლოდ დიდ შრომას, თავდადებას და სიყვარულს. ეს თუ ჩანს ტილოზე, ამით ყველაფერია ნათქვამი. სიუჟეტს, ჟანრს, ფერს არა აქვს მნიშვნელობა. ხანდახან ლამაზად ვწერ – ეს სილამაზე მეც მჭირდება, რადგან არც იმ ევროპაშია იდეალური ცხოვრება და არც ჩვენს საყვარელ ქვეყანაში.

მაგრამ ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, დიდი კომფორტია

მატერიალური…

მატერიალურიდან იწყება ბევრისთვის ცხოვრებაქართველისთვის, რომელიც აკვირვებს იქაურ საზოგადოებას, რა არის დისკომფორტი?

ვფიქრობ, რომ სპონტანურობა დააკლდა იქაურობას, რაც, საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს… რა ვიცი, ბევრი რამ არის ისეთი, რაც ჩემი მორალისთვის მიუღებელია. ჩემთვის ყველაზე დიდი ფუფუნება უბრალოებაში, ადამიანურ კავშირებშია…

ქართველი ემიგრანტები თუ მოდიან თქვენს გამოფენებზე?

მოდიან იმიტომ, რომ მათში ნოსტალგიას ვიწვევ, ყოველთვის კითხულობენ, სად არის ჩემი ქართული პერიოდი, სად არიან მოქეიფეები, ჩემი კახეთი…

„ვნების ღამე“
„ღვინის სამშობლო“
„ვაზის და ღვინის სამშობლო“

ალბათ ნოსტალგია თქვენც შემოგაწვებათ ხოლმე. რა გშველით ასეთ დროს?

ხატვა. ერთადერთი გზა, ერთადერთი წამალი არის ხატვა. საქართველოში მირჩევნია ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ…

არასდროს ვეძებ მატერიალურ ბედნიერებას, ჩემთვის ვღიღინებ. ადამიანმა, რაც გსიამოვნებს, ის უნდა აკეთო. მე მიყვარს და მსიამოვნებს, რასაც ვქმნი, ეს სიყვარული გადმოდის ტილოებიდან. ალბათ ჰანგებიც გესმით. ჩემთვის წარმოუდგენელია, მხოლოდ მშრალად დავდო რაიმე ტილოზე – ყოველგვარი ემოციის, პოეზიის, პროზის და დადებითი ჰანგების გარეშე.

ბოლო წლებია ამ „პოეზიით, პროზითა და დადებითი ჰანგებით “ გაგვანებივრეთ – ყოველი წლის აპრილში გამფენას აუცილებლად აწყობთ საქართველოში, წელს კი რაღაც არ ჩანხართ.

მიხარია, რომ გახსოვართ… აპრილი ჩემთვის დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს – გაზაფხულის, დაბრუნების, სიახლეების ჩვენების! თუმცა წელს გაზაფხულის „იგნორირება“ გადავწყვიტე და არა მარტო ჩემს სამშობლოში – პრაქტიკულად, უარი ვთქვი რამდენიმე სერიოზულ გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ჩემი პროტესტია იმ ნეგატივების მიმართ, მსოფლიოში რომ ხდება. როცა ომია, მუზები დუმან; ჩემი მუზებიც დავადუმე, მინდა დავფიქრდეთ და ყველამ უარი ვუთხრათ ომს, ტერორს, აგრესიას. ჩემი ნამუშევრები სირიაშიც ინახებოდა, ნამუშევრებს აღარ ვჩივი, უამრავი მეგობარი დავკარგე იქ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები… მოკლედ, ხელოვნების დროშა მცირე ხნით დავუშვი მათი სულების პატივსაცემად.

მიუხედავად ამისა,  დარწმუნებული ვარ, სიახლეები ბევრია თქვენს შემოქმედებაში…

სიახლე იქნება ალბათ ის, რომ უახლოეს მომავალში კვლავ გამოვფენ სულის ვიბრაციებს, ფერებად დადებულ ისტორიებს, ამ სერიით უფრო დავაფიქრებ მაყურებელს ადამიანის როლზე მომავლის შექმნაში და უფრო ფილოსოფიურად ვესაუბრები მნახველს აწმყო-მომავალზე; სიახლე იქნება ისიც, რომ მაქსიმალურად ავამოქმედებ ჩემს პირად კონტაქტებს, რათა საქართველო არა მხოლოდ ღვინით გაიცნონ, არამედ ინტელექტითაც. აქცენტს გავაკეთებ ახალგაზრდების მიპატიჟებაზე უცხოეთში, რათა მათ ახლოს გაიცნონ და ეზიარონ ევროპულ კულტურას და ხელოვნებას. მალე ასოციაცია, რომლის ადმინისტრატორიც ვარ, რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდას მიიწვევს ორი კვირით საფრანგეთში, კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. დეტალებზე მოგვიანებით გესაუბრებით.

რას გაძლევთ საფრანგეთი, როგორც შემოქმედს?

იცით, ძალიან დიდი ხიბლის წინაშე დგები ადამიანი, როდესაც უცხოეთში ხარ, მატერიალური სამყარო გჭამს, გიზიდავს, გეძახის… ძლიერი უნდა იყო, რომ ბევრ რამეზე უარი თქვა და შენი გზით იარო. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისინი სათბურის პირობებს მიქმნიან, მე კი ისევ ჩემს ივრის ჭალებში ვბრუნდები. ჩემს თავისუფლებას ვერაფერზე გავცვლი. ამას ვეუბნები იქაურ პრესასაც: შეიძლება ქართულ ხასიათს პორტრეტებში ვეღარ ხედავთ, მაგრამ ჩემს აბსტრაქციებში ქართულ პეიზაჟებს და ქართულ ხასიათებს მაინც აღმოაჩენთ მონასმით, სიღრმით და, მე ვიტყოდი, პათოსით. აუცილებელია, რომ ეს ხაზი გასდევდეს ჩემს შემოქმედებას.

„ფერადი ზამთარი“, 2017
„ჩემი ოცნების სოფელი“, 2016
„მზის ჩასვლის ვარდისფერი ოცნება“, 2016
„წითელი პარასკევი ჩემს ქალაქში“

მარტო საფრანგეთში არა, ბევრ სხვა ქვეყანაში გაქვთ გამოფენები

საფრანგეთი მიჩემებს უკვე, ცდილობენ, მათი სახელით გამოვიდე, მათი დროშა ავწიო, მეუბნებიან,  საფრანგეთის ინტერესები უნდა დაიცვაო. ვეუბნები, რომ მე ჯერ ქართველი ვარ სულით და გულით, ქართველი მხატვარი. რა თქმა უნდა, დავიცავ და ყოველთვის ვიცავ საფრანგეთს ყველა ქვეყანაში, სადაც ნამუშევრებს ვფენ. ბიოგრაფიაშიც წერია, რომ ვცხოვრობ, ვმოღვაწეობ და ხელს მიწყობს საფრანგეთი, ამაზე მეტი დაცვა რით შემიძლია?! მაგრამ ყველა გამოცემაში, ყველა უცხოურ გამოფენაზე აუცილებლად წერია: ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის გამოფენა.

თქვენი ნახატები საკმაოდ ბევრ გალერეაშია დაცული და კერძო კოლექციებშიც აქვთ. არის ვინმე ცნობილი პიროვნება, რომელსაც საკუთარი სურვილი ჩუქეთ თქვენი ნამუშევარი?

ხშირად არ მიჩნდება ამის სურვილი. არის რამდენიმე პიროვნება, რომელთაც საქართველო ძალიან უყვართ და რომლებიც ღირსად ჩავთვალე, მეჩუქებინა ნახატი წარწერით, რომ ის არის საქართველოდან; ძირითადად, ევროკავშირის ელჩებს; ასევე, ცნობილ მომღერალს – სელინ დიონს გავუგზავნე პირადი აგენტის საშუალებით. ძალიან მიყვარს ეს მომღერალი, დიდი ხელოვანია, ვგიჟდები მის შრომისმოყვარეობაზე. მითხრეს, რომ მას თავის თვითმფრინავში აქვს ჩემი ნახატი. ხშირად მეკითხებიან, ვინ იძენს ჩემს ნამუშევრებს. ძალიან ბევრი, მაგრამ ამას უკვე აკონტროლებს ის შუამავალი, რომელიც მხატვარსა და მყიდველს შორის დგას.

მაგრამ გექნებათ ალბათ ნამუშევრები, რომლებსაც არასოდეს გაყიდით, მილიონებიც რომ გადაგიხადონ

კი, არის რამდენიმე ასეთი ნამუშევარი. ძველი პერიოდის ნახატებია, რომლებიც საფრანგეთში ინახება. ისინი არ გაიყიდება, ჩემთან ერთად დაბრუნდება საქართველოში. ხაზს ვუსვამ: არ მგონია და არ ვფიქრობ, რომ ევროპაში ან რომელიმე უცხოურ ქვეყანაში ცხოვრება ჩემი კრედო იყოს, ეს არის საშუალება, რომ ახლოს გავაცნო მათ ჩვენი ფესვები, რეალობის ჩვენეული აღქმა.

ფრანგები სულ მეუბნებიან, რომ პასპორტი შევიცვალო, მე არ ვიცვლი, რეზიდენტი ვარ საფრანგეთის, ქართული პასპორტი მაქვს, ვუფრთხილდები და ჩვენს ემიგრანტებსაც ვეუბნები, რომ გავუფრთხილდეთ, რაც ჩვენია.

საინტერსოა, მხატვრის თვალით დანახული თქვენივე პიროვნება როგორია?

უცნაური კაცი ვარ, მე თვითონ ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებ, მაკვირვებს, შეიძლება ათი დღე არაფერი ვაკეთო, ვითევზაო, ვისეირნო, ვიკითხო, წერილები ვწერო და მეთერთმეტე დღეს ხუთი ნახატი შევქმნა…

ერთ დღეში?

კი… აღფრთოვანებული არასოდეს ვარ ჩემი თავით, ვერ გეტყვით, რომ ის შევქმენი, რისი შექმნაც შემიძლია, უბრალოდ, ფუნჯებს ვასველებ საღებავში და ხატვისას საკუთარ თავთან ვლაპარაკობ, რაღაც ისტორიებს ვყვები, ამ ისტორიებში ხშირად ჩემი ქვეყანაა, მაგრამ ხშირად ჩემი პირადულიც არის.

მოდით, აქვე ოჯახიც გაგვაცანით

მყავს მეუღლე – მერი ვაშაკიძე და ორი შვილი – ანა და სანდრო მოსიაშვილები.

რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ

დიახ, ასე გადავწყვიტე და მეუღლე მხარს მიჭერს, ეს ჩემთვის სტიმულია, რომ ხშირად ჩამოვიდე საქართველოში. მინდა, რომ ჩემი შვილები ქართულად განვითარდნენ, ქართული სულის სიდიადე საქართველოშივე შეისისხლხორცონ და შეიყვარონ ეს მიწა, ამიტომაც მხოლოდ ტურისტებად მიმყავს ხოლმე ისინი უცხოეთში… სანდრო ათი წლისაა, ფეხბურთი ხიბლავს ძალიან, ანა კი ფსიქოლოგი ხდება წელს.

დაბოლოს, რას ისურვებდით?

ვისურვებდი, უფრო მეტი გულახდილობა ვიხილო ხელოვნებაში, ვიდრე კომერცია. სამწუხაროდ, მსოფლიო მატერიალისტი გახდა. სული? სადღაა სული?! გლობალიზაცია თავისას შვრება, ხშირ შემთხვევაში ბევრი ერთმანეთს ჰგავს ყველაფრით და ყველაფერში. მომწონს, რომ იცვლება საქართველო, ბევრი რამ მომწონს ახალგაზრდებში, უფრო გულწრფელები არიან, ოღონდ უმეტესობის თვითმიზანი ქვეყნიდან წასვლაა, რაც დასაფიქრებელია – ვაკუუმი რით შეივსება?! დაბრუნდით, ხშირად დაბრუნდით, უამრავი რამაა აღმოსაჩენი და საკეთებელი საქართველოში, სხვა არ გააკეთებს იმას, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ!

სხვათა შორის, მალე ჩრდილოეთ ევროპაში ელიან საქართველოს გამოფენის გახსნას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ახალ კულტურული ცენტრში. ეს იქნება ხიდი ძველ და ახალ ცივილიზაციებს შორის. ქართული პერიოდის ნახატებით (40 ნახატი ბატონი ლევანის იქნება – თ. ო.), კულტურით, შინაარსით ვბრუნდებით ჩვენს სახლში – ევროპაში!

აქვე მინდა მოვეფერო ჩემს თანამემამულეებს და ვუთხრა, რომ დავაფასოთ და გავუფრთხლდეთ ერთმანეთს, ყველა იმ ღირებულებას და ფასეულობას, რაც კი გაგვაჩნია. ნასწავლს, უსწავლელს, პროფესორს თუ მუშას, იმ მიწის შვილს, რომელსაც საქართველო ჰქვია, დაბადებიდანვე ძალიან დიდი მადლი და ტვირთი მოჰყვება. შევინარჩუნოთ ჩვენი თავი, ვითანამშრომლოთ და პატარა აგურები ვალაგოთ ჩვენი საქართველოსთვის.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

„გაზაფხული“
„გაზაფხული“
კომენტარები
Загрузка...