ცოცხალი ნიანგებიდან ბრილიანტებამდე – საბერძნეთის საბაჟოს მიერ 2017 წელს კონფისკებული კონტრაბანდა

საბერძნეთის შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის მანძილზე ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ ამოღებული უკანონო საქონლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, კონფისკაციას ბევრი უჩვეულო ნივთი და… ცოცხალი არსებებიც დაექვემდებარნენ.

ცნობილი ხდება, რომ კუნძულ როდოსის საბაჟო სამსახურმა ქვეყანაში „კაიმანის“ ჯიშის ხუთი ცოცხალი ნიანგის ჰოლანდიიდან უკანონოდ შემოყვანის მცდელობა აღკვეთა. გასული წლის აგვისტოში უკრაინის მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლისას 147 ათასი ევრო ნაღდი ფული აღმოუჩინეს, ხოლო ოქტომბერში საბერძნეთის მოქალაქე ათენის აეროპორტის გავლით 137 ათასი ამერიკული დოლარის გატანას ცდილობდა.

არ გაუმართლათ ძვირფასი ქვების უკანონოდ გადამტანებსაც: საბაჟომ 580 ერთეული ბრილიანტის კონფისკაცია მოახდინა. ასევე აღკვეთილია დიდი რაოდენობით სიგარეტისა და ყავის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობა. ალბანეთის ერთ მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის დროს ყურანის ხელნაწერი უპოვეს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მე-18 საუკუნისაა და ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შედეგად გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საბაჟო წესების დარღვევების რაოდენობა. მთავრობა კონტრაბანდასთან ბრძოლის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.

კომენტარები
Загрузка...