„თუ შინაგანად ხარ ახალგაზრდა, არასდროს  დაბერდები!“

ევროპის ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი წყალში ხტომაში, ტელეწამყვანი ნანა ნებიერიძე, რომელიც შარშან მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინა, მუდამ არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი არასტანდარტული, ეფექტური გარეგნობა ყოველთვის ყურადღებას იპყრობს – რა გასაკვირია, სილამაზე ხომ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს.
ნანა ნებიერიძის დღე საკმაოდ დატვირთულია, მით უმეტეს, რომ ახლა მას შვილიშვილიც ჰყავს – პატარა საშა, რომელსაც ხშირად უთმობს დროს და ეთამაშება, თუმცა სპორტს მაინც არ ღალატობს. მომხიბვლელი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ შინაგანი განწყობა, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ გამოვიყურებით.
„კიკალა სტუდიოს“ ფოტო

სილამაზე ღვთის საჩუქარია, მაგრამ ჩვენ თავად რამდენად შეგვიძლია გავიუმჯობესოთ გარეგნობა? თქვენ თუ გაქვთ თქვენისილამაზის რეცეპტი“?  

გენეტიკა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს, მაგრამ, ამასთან ერთად, საჭიროა აქტიური, ჯანსაღი ცხოვრება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდე, სასურველია არა მარტო გარეგნულ მხარეზე ზრუნავდე, არამედ შინაგანადაც დადებითი ენერგიით უნდა იყოს სავსე. ეცადეთ, მეტი პოზიტივი შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში და საკუთარ თავს საკმარისი დრო დაუთმოთ.

ნანა ნებიერიძე ქალიშვილთან – ნინასთან ერთად

თუ მიგიმართავთ პლასტიკური ოპერაციისთვის და, საერთოდ, რა აზრის ხართ პლასტიკურ ქირურგიაზე?

პლასტიკურ ოპერაციებს ვერიდები. ალბათ ყველაფერს აქვს თავისი დრო, მაგრამ პირადად მე ბუნებრივობა მირჩევნია არაფრის მთქმელ, სტანდარტულ, ხელოვნურ სახეს.

როგორია ნანა ნებიერიძის ერთი ჩვეულებრივი დღე? ვიცი, რომ სპორტს არ ღალატობთ

ჩემთვის ყოველი დღე განსხვავებული და განსაკუთრებულია. ყოველთვის ვცდილობ, დროის დიდი ნაწილი ოჯახს, მეგობრებს და საყვარელ საქმეს დავუთმო. ჩემს პატარა შვილიშვილთან თამაში კი განსაკუთრებით მიყვარს; ძვირფას ადამიანებთან ერთად დროის აზრიანად გატარება დადებითი ენერგიით მავსებს. რაც შეეხება სპორტს: ის ჩემი ცხოვრების ნაწილია, ყოველდღე ვვარჯიშობ და ეს საშუალებას მაძლევს, მუდამ ფორმაში ვიყო.

ოჯახური იდილია: პატარა საშას ბებიასთან და დედასთან ერთად

სახლში რას საქმიანობთ? როგორი დიასახლისი ხართ და რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

მიყვარს სახლის დალაგება, არ მეზარება, „სისუფთავის მანიაკი“ ვარ… საყვარელ კერძს რაც შეეხება, ვგიჟდები ხინკალზე.

თქვენი აზრით, ჯანსაღი კვება რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში?

სწორი კვება ყველაფერზე აისახება და დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც.

ეს კითხვა ყველა ქალს აინტერესებს: თქვენი აზრით, როგორ უნდაგადავავადოთსიბერე?

როგორი განწყობაც გაქვს, ისე გამოიყურები. ასაკი გვემატება, ესეც ცხოვრების კანონია, მაგრამ თუ შინაგანად ხარ ახალგაზრდა, არასდროს  დაბერდები!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები