ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელსაც კუნძულ ზაკინთოზე საკუთარი სასტუმრო აქვს

90-იანი წლების დასაწყისი – ომი აფხაზეთში და სოხუმის დაცემა, რამაც ირმა ყიფშიძის ცხოვრების გზა რადიკალურად შეცვალა… დღეს ის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფესვების“ დამფუძნებელი და დირექტორია, აქვს საყვარელი საქმე და სასტუმრო საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოზე, რომელსაც ყოველ სეზონზე სტუმრობენ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ წარმატების და კეთილდღეობის უკან დაუღალავი შრომა და მიზანსწრაფვა იმალება, რამაც ირმა ყიფშიძეს საშუალება მისცა, ემიგრაციაში ფეხზე მყარად დამდგარიყო. ახლა იგი უკვე სხვებს ეხმარება უანგაროდ…

ირმა, რამდენი ხანია, რაც ემიგრაციაში ხართ, რას საქმიანობთ და უცხოეთში ყოფნის პირველ პერიოდს როგორ გაიხსენებდით?

22 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. ვცხოვრობ საბერძნეთში და, ასევე, გერმანიაში – მეუღლე მყავს გერმანელი. მაქვს ჩემი საკუთარი სასტუმრო – Ionion Zante Apartement საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, ზაკინთოზე და ყოველ წელს ვიღებ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან – ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბრიტანეთიდან…

ემიგრაციაზე საუბარი 90-იანების პერიოდს მახსენებს – ომიანობის დროს, როცა ქვეყანა თავზე დაგვენგრა. დედა სოხუმელი მყავს, მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მახსოვს, ჩვენთან როგორ ჩამოვიდა ყველა… და მათი ემოციური სახეები დღესაც თვალწინ მიდგას. სოხუმი დავკარგეთ – მაშინ მე აეროპორტში ვმუშაობდი მესაზღვრედ. სასოწარკვეთა იმხელა იყო, რომ  უცბად ავდექი და ვთქვი: „მე აქ აღარ მინდა!“ – ამდენი უსამართლობისგან დაღლილს, ემოციებმა ეს სიტყვები მათქმევინა. ბუნებით ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ, ვერ ვაპატიე საკუთარ თავს ამხელა დანაკარგი და ვიფიქრე, რომ თავად გავუმკლავდებოდი ცხოვრების ამ დარტყმას. თან ათენში დეიდაჩემი ცხოვრობდა.

მოკლედ, ჩამოვედი. მეგონა, აქ სულ სხვა სამყარო დამხვდებოდა, მაგრამ ჭირს ვერ დაემალებიო, ნათქვამია… გონებაში სულ ეს ფიქრი მიტრიალებს: იქნებ ჯობდა, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი? – მაგრამ აქ უფრო მეტად მომეცა საკუთარი თავის რეალიზების საშუალება. დავიწყე საყვარელი საქმე და ჩემი საქმით ვეხმარები სხვებს, როგორც შემიძლია. ვფიქრობ, ასე ჩემს ქვეყანას ვუდგავარ გვერდში. მიყვარს ბედნიერი სახეების ყურება, როცა სხვას ვახარებ, მეც მიხარია.

თქვენს საყვარელ საქმესა და ბიზნესზე უფრო დეტალურად მოგვიყევით, თუ შეიძლება...

დროთა განმავლობაში ავაწყვე ჩემი ბიზნესი ტურისტულ სფეროში… წავედი კუნძულზე, ერთდროულად სამ ადგილას ვმუშაობდი, რომ ჩემი გეგმები განმეხორციელებინა – მინდოდა, სასტუმრო მქონოდა. ახლა საქმეს კარგად ვუძღვები, საერთაშორისო გამოფენები როცა ტარდება ჩვენი კუნძულის სახელით, მეც ვმონაწილეობ. Georgian Diaspora and Emigration Institute-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ, ვსაუბრობ რუსულ, ინგლისურ, ბერძნულ, გერმანულ და ქართულ ენებზე.

საბერძნეთსა და გერმანიაში ცხოვრობთ, როდის – სად?

სეზონზე 8 თვეს საბერძნეთში ვატარებ. აქ ზამთარი არ იცის… ზამთრის პერიოდში გერმანიაში ჩავდივარ, სადაც საკუთარი სახლი მაქვს პატარა ლამაზი ეზოთი. უსაქმოდ ვერც გერმანიაში ვძლებ – იქაც ჩამოვაყალიბე საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფესვები“, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მრავალშვილიანი ოჯახები ჩამომიყვანია და დამისვენებია ჩემს სასტუმროში, კუნძულ ზაკინთოზე, ასევე, ლეიკემიით დაავადებული ადამიანისთვისაც გაგვიწევია დახმარება – ოპერაცია დავუფინანსეთ… თუმცა ამაზე ბევრი ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია.

გერმანიაში, ბერლინში ქართველი მხატვრების გამოფენა მოვაწყვეთ, შემოდგომაზე ისევ ვგეგმავთ ახალ გამოფენას, სადაც ხელნაკეთი ნივთებიც გამოიფინება. ვისაც სურვილი აქვს, შემეხმიანოს, გადასახდელი არაფერია, უსასყიდლოდ გამოვფენთ მათ ნამუშევრებს და გაყიდული ნივთების თანხას ისევ მათ გადავცემთ. 4-5 დღე ჩვენი იქნება საგამოფენო დარბაზი და მინდა, მაქსიმალურად მივცე საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა ხელოვან ადამიანებს. მე თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი, რაც კი დღეს მაქვს, ჩემით მოვიპოვე. ვიცი, როგორია ეს გზა და მინდა, მათ გავუადვილო – სხვის გაკვალულზე სიარული ხომ გაცილებით ადვილია.

შვილები გყავთ?

შვილები არ მყავს, ამის გამო ხშირად მსაყვედურობენ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ორი და მყავს. ჩემი პატარა და ჩემი მარჯვენა ხელია, ყოველ სეზონზე ჩამოდის კუნძულზე, ჩემთან ერთად მუშაობს და თავგადამკვდარი მეხმარება. ჩემს უფროს დას ჰყავს სამი შვილი, რომლებსაც სამივე ერთად ვზრდით.

მოკლედ რომ ვთქვა, თვითნასწავლი „ბიზნესვუმენი“ ვარ. მიყვარს ეს სფერო. თუ ჩემს ქვეყანას წავადგები, შემოგევლოთ ჩემი თავი!

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
ყოველი სუნთქვა შეიგრძენით, სიცოცხლე იზეიმეთ! ნუ მოკვდებით თქვენს სიკვდილამდე. ნამდვილი ბედნიერება მადლიერებაში იმალება, ამიტომ მადლიერი იყავით და იცხოვრეთ ყოველი წუთით!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები