ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

პარიზული კაბარეს ქართველი მომღერალი

ქართველი მომღერალი ელგა ფორჩხიძე უკვე 6 წელია პარიზის ცნობილ კაბარეში, AUX TROIS MAILLETZ-ში მღერის ქართულ, რუსულ და ფრანგულ სიმღერებს. მისი დღე ნაშუადღევის 5 საათზე იწყება და დილის 6-ზე მთავრდება. ასეთი რეჟიმის მიუხედავად ელგა მაინც ახერხებს თავისი კიდევ ერთი შემოქმედებითი ნიჭის რეალიზებას – იგი ბუნებრივი მასალისა და ქვებისგან ძალიან ორიგინალურ და კონცეპტუალურ სამკაულებს ქმნის. პირველი გამოფენა შარშან ჰქონდა პარიზში, მეორე – თბილისში მაია მიქაშავიძესთან ერთად და მესამეს ისევ პარიზში გეგმავს. ფიქრობს, რომ მისი სამკაულების ხაზი – BY ELGA მალე პოპულარული გახდება.

ელგა, არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში, მით უმეტეს, პარიზში თავის დამკვიდრება?

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ცხოვრების თავიდან დაწყება და პირველი ნაბიჯები ძალიან რთულია, მაგრამ თუ მიზანი და რწმენა გაქვს, რასაც ერთვის მონდომება, ყველა სირთულეს გადალახავ.

თქვენი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ…

უკვე 6 წელია ვმღერი პარიზის ერთ-ერთ უძველეს და ძალიან ცნობილ კაბარეში – Aux trois Mailletz-ში, რაც „სამ უროს“ ნიშნავს. ძირითადად, პოპულარულ სიმღერებს ვასრულებ.

ვინ არიან თქვენი მსმენელები?

მსმენელი მრავალფეროვანია, თითქმის ყველა ქვეყნიდან.

როგორია ელგა ფორჩხიძის ერთი დღე?

უფრო ვიტყოდი – ღამე, რადგან ჩვენი კაბარე ღამის თერთმეტი საათიდან დილის 6 საათამდე მუშაობს. შემდეგ სახლში ვბრუნდები. დაძინებამდე კიდევ უამრავ საქმეს ვაკეთებ… და მერე მთელი დღე მძინავს. ვიღვიძებ დაახლოებით ნაშუადღევის 5 საათზე, ვიტარებ თავის მოვლის პროცედურებს, შემდეგ ვპასუხობ წერილებს, გზავნილებს. ამის შემდეგ ან საქმიან ვახშამზე შეიძლება ჩემი ნახვა, ან რეპეტიციაზე.

დღეს ყავით იწყებთ?

არა, ჩემი დღე ჩვეულებრივი წყლით იწყება. შემდეგ სხვადასხვა ხილს მივირთმევ. დილის გემრიელობებს ასევე არ ჩამოუვარდება ნიგოზი, თხილი…და ამ ყველაფრის მერე დაახლოებით 20 წუთში ვსვამ ყავას.

არ მოგენატრათ ქართული სამზარეულო? რომელია თქვენი საყვარელი კერძი, რომლის მომზადებაც იცით?

მიყვარს ნებისმიერი გემრიელად მომზადებული კერძი. ქართულ სამზარეულოს რაც შეეხება, აქ გვაქვს ორი პატარა რესტორანი, რომელსაც ვსტუმრობ ხოლმე. მაგრამ მონატრებით, მენატრება დედიკოს ხელით მომზადებული კერძები – სულ სხვა გემო აქვს.

საქართველოში ხომ არ გეგმავთ ჩამოსვლას?
საქართველოში ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერა – მხოლოდ მაშინ, როცა დასვენება მაქვს.

თავისუფალ დროს როგორ იყენებთ?
თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო.

დაოჯახებული ხართ?
სრულიად თავისუფალი ვარ…

ქართველ მომღერლებთან გაქვთ ურთიერთობა?
რა თქმა უნდა, ერთ დროს ხომ მეც ქართულ სცენაზე ვმღეროდი.

რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდით?
მოცეკვავე… და რომ არა ხელოვანი, აუცილებლად ავირჩევდი ისეთ პროფესიას, რომ ბუნებასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონოდა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უამრავი გასტროლი დავგეგმე. რამდენიმე გამოფენა მექნება ჩემი ახალი საიუველირო მარკის, By Elga-ს პარიზის ხაზით. ამასთან ერთად, ვისურვებდი შევძლო და ჩავწერო რამდენიმე სიმღერა ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად, რომელსაც ჩემს გამოფენაზე ვიმღერებ.

რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა, რომლის ღიღინიც არასდროს მოგბეზრდებათ?
ბიძინა კვერნაძის ,,ვარდები არ არიან“.

რას ეტყოდით თქვენს მსმენელებს?
მადლობა ერთგულებისთვის მათ, ვინც დღემდე მისმენს. მსმენელების გარეშე ჩვენ, ხელოვანები ვერ ვიარსებებდით.

როგორც ემიგრანტი, რას ეტყოდით სხვა ქართველ ემიგრანტებს?
გაძლება მოგცეთ ღმერთმა! ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანას ამდენი ემიგრანტი აღარ ჰყავდეს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close