ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი დელფტის ლაბორატორიაში უჯრედის გაყოფის ციკლს იკვლევს

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ანა ყალიჩავა ბიოფიზიკის მიმართულებით მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში, დელფტის (ჰოლანდია) ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც უმნიშვნელოვანეს პროცესს – უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის. იგი მრავალმხრივ განვითარებული პიროვნებაა, ფართო თვალსაწიერით და ორიგინალური მსოფლმხედველობით. სხვათა შორის, მიუხედავად შთამბეჭდავი ბიოგრაფიისა ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ანა ძალიან თავმდაბალია და საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს. ჩვენს კორესპონდენტს ქეთი კვირკველიას საკმაო ძალისხმევა დასჭირდა, რომ იგი საუბარზე დაეყოლიებინა და  ვფიქრობთ, მართლაც ძალიან საინტერესო და დატვირთული ინტერვიუ გამოვიდა.

 ანა, მოგვიყევი შენზე, რას საქმიანობ და რატომ დაგაინტერესა მეცნიერებამ?

კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი, ხშირად ტარდებოდა ოლიმპიადები, კონფერენციები, რაც ჩვენს შემოქმედებით გავითარებას და სიახლეებისადმი სწრაფვას უწყობდა ხელს. ფაქტობრივად, ჩემი არჩევანი კომაროვის სკოლამ განსაზღვრა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაინტერესებდა თეორიული ფიზიკა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ექსპერიმენტები მიზიდავდა… ბაკალავრიატის ბოლო კურსზე შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გავიარე პრაქტიკა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. აქედან დაიწყო ყველაფერი…

სწავლის პარალელურად ციურიხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა აშშ-ში პრაქტიკის გავლა შემომთავაზა. შემდეგ მაგისტრატურაში ვსწავლობდი ტეხასის უნივერსიტეტში, თან დოქტორანტურისთვის ვემზადებოდი; ვმუშაობდი გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მექანიკო-ბიოლოგიის მიმართულებით. რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ავირჩიე მუშაობა დელფტის (ჰოლანდია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

 ამჟამად რა პროექტზე მუშაობ?

პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, უჯრედების გაყოფის ციკლის (CellCycle) შესწავლას ისახავს მიზნად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სფეროა.

 რა როლს თამაშობს პროფესია შენს ცხოვრებაში?

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე განყენებულად ვერ აღვიქვამ დილის რვიდან საღამოს ექვსამდე სამსახურს და პროფესიასაც. ძალიან ბუნებრივად ვგრძნობ თავს ამ გარემოში. მუდმივად მიჩნდება კითხვები და ვცდილობ პასუხების პოვნას, მოვლენების გაგებას და ახსნას, დეტალების წვდომას… და როცა ვუყურებ, როგორ ებმის ცილა დნმ-ს და კომპაქტიზაციას უკეთებს შემდგომი პროცესებისთვის, მიჩნდება კითხვები: რა მექანიზმი დგას ამის უკან? რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი? საერთოდ, როგორ ხვდება ცილა, როდის დაიწყოს მუშაობა და როდის გაჩერდეს? – ეს ცნობისმოყვარეობა და ინტერესი სულ თან დამყვება, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, შესაბამისად, ასე განყენებულ  როლს ვერ მივანიჭებ ჩემს პროფესიას. ის ჩემი ნაწილია, ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების და ახლის შეცნობის საშუალება…

ამ პროფესიას რომ არ გაყოლოდი, სხვას რომელს აირჩევდი?

ვფიქრობ, ქირურგიას – ამ სფეროს ფუნდამენტურად ვეკიდებოდი და სამედიცინოზე ჩაბარებას ვაპირებდი. საბუთების შევსების ბოლო დღეს კი ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ერთია, რა მოგწონს და მეორეა, რა გიზიდავს. ვფიქრობ, ის, რისდამიც გაქვს ვნება, ყველაზე კარგად ხსნის შენში ღრმა შრეებს და შენი უნარების რეალიზაციას ახდენს.

უცხოეთში განათლების მიღებისა და დასაქმებისთვის რა არის საჭირო?

უცხოეთში განათლების მიღება საკმაოდ იოლია, თუ სურვილი გაქვს… თუმცა მარტო სურვილი არ კმარა, მონდომებაც არის საჭირო და, რა თქმა უნდა, შრომა და მიზანდასახულობა – აუცილებლად.

შენმა გამოცდილებამ რა დაგანახვა? რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

ყველაზე მნიშვნელოვანია, ეძიონ საკუთარი ინტერესის სფერო და განვითარდნენ. აუცილებელია ფუნდამენტური მიდგომა, დისციპლინა და შრომა. ხელშემშლელი მიზეზები ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია მიზნისკენ სვლის სურვილი.

ძირითადი სამუშაოს გარდა რით ხარ დაკავებული? ჰობი გაქვს?

კი, ძალიან მიყვარს მოტოციკლის ტარება – ეს პროცესი რაღაცით შინაგანი მეს გათავისუფლებას, გარეთ გამოშვებას ჰგავს. ეს ის მომენტია, როცა სრულებით მიჰყვები შენს შინაგან ხმას, ფიქრებს, სურვილებს…

კიდევ ერთი ჰობი მაქვს – ხატვა. ამ რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ვცდილობ, ფერებში გადმოვცე ჩემი აზრები, ემოციები და ის სურათი, რომელიც წარმოსახვაში მაქვს. ჩემთვის ნებისმიერი საკითხი თუ მოვლენა გასაგებია მხოლოდ მაშინ, როცა მისი წარმოდგენა შემიძლია. ჩემი კვლევების დანახვაში ხატვა ძალიან დამეხმარა.

რა ემოცია მოაქვს მოტოციკლს?

სიმართლე გითხრა, ასე კონკრეტულად ემოციას ვერ დავასახელებ: ეს არც ადრენალინია და არც სიჩქარის შეგრძნება, რაღაც უფრო კომპლექსურია… და თუ ერთხელ იგრძენი, სიმშვიდეს დაგაკარგვინებს, თუმცა საკუთარ თავს გაპოვნინებს. მოტოციკლის ტარებისას ხშირად მქონია შეგრძნება, რომ სამყარო მიქრის, მე კი გაჩერებული ვარ და ჩაფხუტის პატარა სარკმლიდან ვადევნებ თვალს მოვლენებს. რაღაც მომენტში გრძნობ, რომ ეს პროცესები ნელდება და ხვდები, რომ ეს შენ გაუშვი სიჩქარეს ხელი. რაღაცით ცხოვრებას ჰგავს, სადაც მარჯვენა ხელის გულში გაქვს მომწყვდეული ამაჩქარებელი – უბრალოდ, უნდა მოქაჩო და გაფრინდები…

რატომ დაიწყე ხატვა და რომელია შენი საყარელი ნახატი?

ზოგადად, ნებისმიერი პროცესის თუ მოვლენის გაგება და აღქმა მხოლოდ მაშინ შემიძლია, თუ გონებაში წარმოვიდგენ, შემდგომ კი ყველაფერი გასაგები და საინტერესო ხდება. ალბათ ხატვაც ამიტომ დავიწყე. თავიდან ვხატავდი ჩემს პროექტებს, ცილებს, ნეირონულ სინაფსებს (ნეირონული კავშირები – რედ.)… შემდგომ, საკუთარი თავით დაწყებული, გარემოთი დამთავრებული, ყველაფერს ვხატავდი ისე, როგორც აღვიქვამდი. ჩემი ნახატებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ცხენს, რომელზეც ტეხასში ცხოვრებისას ვჯირითობდი. ცხენს ერქვა Heaven („სამოთხე“).

ამსერდამის მარათონში მიიღე მონაწილეობა, რა შეგრძნებაა ფინიშის ხაზის გადაკვეთა?

ეს მარათონი იყო საკუთარი თავის გამოწვევა – გამეკეთებინა ის, რაც არ მიყვარს. მასში მონაწილეობისას აღმოვაჩინე, რომ ფინიშზე მნიშვნელოვანი იყო ის ხალხი, რომელიც მთელი გზა გვამხნევებდა ტრანსპარანტებით და ტკბილეულით. ერთხელაც არ მიფიქრია გაჩერებაზე ან გზიდან გადახვევაზე, რაღაც მომენტში ისიც კი დამავიწყდა, რატომ და საით მივრბოდი – მივუყვებოდი უკიდურეს მარჯვენა ზოლს, რათა ყველა გულშემატკივრისთვის ჩამომერთმია ხელი. ბოლო კილომეტრზე კი აღვიქვი, რომ წინ ფინიშის ხაზი, დედა და მეგობრები მელოდებოდნენ…

როგორც ვიცი, ვარჯიში შენთვის ჰობზე მეტიარას ურჩევდ იმ ამიანებს, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების დაწყება უნდათ?

ვარჯიშს ნამდვილად ვერ ვუწოდებ ჰობის. ძილი და ჭამა ხომ ბუნებრივი მოთხოვნილებებია და აუცილებელიც, ალბათ რაღაც ასეთია ვარჯიშიც ჩემთვის – ძალიან მეხმარება როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ფაქტობრივად, მეორედ ამოდის მზე ჩემთვის საღამოს: როდესაც ორგანიზმიდან ენერგია მთლიანად გამოწურულია, ვარჯიში თითქოს ახალ „ავზს“ ხსნის და ისევ ბედნიერი და ენერგიით სავსე გამოვდივარ სავარჯიშო დარბაზიდან. ვისაც სურს, ცხოვრების სტილი შეიცვალოს, ვურჩევდი, რომ ჯერ გაიაზროს და მიზანი დაისახოს, შემდეგ კი დისციპლინა და მოთმინება ისწავლოს. რაღაც დროის მერე ვერც გააცნობიერებენ, ისე გახდება მათი ცხოვრების ნაწილი ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ასე შემდეგ…

როგორ ასწრებ ამდენს?

არ ვფიქრობ, რომ ბევრს ვასწრებ, ან მოსწრებაზე ვარ. დღე-ღამეში 24 საათია, 6 საათს თუ დაიძინებ, 18 საათი სრულებით საკმარისია, რომ იფიქრო, რაღაც ახალი ისწავლო, ივარჯიშო, დახატო, მეგობრებთან დრო გაატარო…

რა არის შენთვის ბედნიერება?

ჩემთვის ბედნიერება საკუთარ სხეულში წონასწორობის შეგრძნება  და ჰორიზონტს მიღმა ფიქრია… როდესაც წინ იყურები და ხედავ სუფთა ჰორიზონტს, რომელიც, თავისთავად, ემოციურ სიმშვიდეს გგვრის და გიქმნის ბუფერს, რომ იყო კრეატიული.

რა არის უმთავრესი ცხოვრებაში?

ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია: ჩემთვის კონკრეტულად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წარმოსახვაში ვხედავდე ჩემს მიზანს და გზას. ცხოვრება ხშირად მოულოდნელობებით და, უმეტესწილად, დაბრკოლებებით არის სავსე… ამ დროს ფოკუსს ვკარგავთ, მიზნის ქონა კი გზის პოვნაში გვეხმარება და მოტივაციას გვაძლევს.

ამბობენ, ჭკვიან ქალების მამაკაცებს ეშინიათო…

ამაზე შენი კითხვის პერიფრაზითვე გიპასუხებ: ჭკვიან კაცებს ჭკვიანი ქალები მოსწონთ…

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...