ისტორიაკულტურა

ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპას? – ბერძენი ისტორიკოსის მოსაზრება

ის, რასაც დღეს იტალიად მოვიხსენიებთ, რამდენიმე საუკუნის წინათ პატარა სახელმწიფოების მოზაიკას წარმოადგენდა, რომლებიც მე-19 საუკუნეში გაერთიანდნენ და იტალიის სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. იტალიას აქვს ბერძნული (ანტიკური და შუასაუკუნეების) წარსული, რომლის უდიდესი ნაწილი შექმნეს კორინთომ (Κόρινθος), ხალკიდამ (Χαλκίδα) და სხვა ბერძნულმა ქალაქებმა კოლონიზაციისა და ცივილიზაციის გავრცელების გზით.

განსაკუთრებით ძლიერი იყო ბერძნული გავლენა იტალიის სამხრეთში, როგორც ანტიკურ, ისე ბიზანტიურ ეპოქაში. ბერძნების დაარსებულია ნეაპოლი (Νεάπολις, დღევანდელი იტალიური Napoli), კატანი (Κατάνη, დღევანდელი იტალიური Catania), აკრაგანტა (Ακράγαντας, დღევანდელი Agrigento), გელა (Γέλα, დღევანდელი Gela), ელეა (Ελέα, Velia=Elea), მესინი (Μεσσήνη, იტალიური Messina), სირაკუზა (Συρακούσες, Siracusa), რეგიო (Reggio), ტარანტო (Taranto), კაპრეა=კაპრო (Καπρέα=Κάπρος, Capri), მეტაპონტიო (Metaponto), კროტონი (Crotone) და სხვა ქალაქები.

ტარანტო

ამავე დროს, უდავოა ბერძნული გავლენა იტალიის დანარჩენ რეგიონებზეც ყველა ეპოქაში. როდესაც იტალიისკენ იონიის (Ιόνιο) ზღვით მივემართებით, ადრიატიკის ზღვაში შესვლისას გვხვდება ტრემიტის (Διομήδειες νήσοι, დღევანდელი იტალიური isole di Tremiti), ანუ ძველი ბერძენი გმირის, დიომედეს (Διομήδης) კუნძულები. ჩრდილოეთით მდებარეობს კორინთოელთა მიერ დაარსებული სირაკუზის კოლონია, ძველბერძნული ადრია (Αδρία, დღევანდელი Adria), რომლისგანაც მიიღო სახელი ადრიატიკის ზღვამ (Adriatico).

ბერძნებმა იტალიაში თავიანთი ცივილიზაცია შეიტანეს, რომლის ერთ-ერთ ელემენტს ვაზის კულტურა და ღვინის წარმოება წარმოადგენდა. ორივე მათგანი ქრისტეშობამდე 6 ათასი წლის წინათ საქართველოში დაიბადა, გავრცელდა საბერძნეთში და მიაღწია იტალიამდე, როგორც „ვინომ“ (vino). ძველი ბერძნების მეშვეობით იგივე გზა გაიარა იტალიამდე მეტალურგიულმა ხელოვნებამ, რომელმაც ასევე საქართველოდან ჩააღწია საბერძნეთამდე. ჰეფესტოსმა (Ήφαιστος) თავისი მეტალურგიული და მექანიკური ხელოვნება საქართველოში (სადაც შექმნა პრომეთეს ჯაჭვი და აიეტის სასახლე (Προμηθέας – Αιήτης)), საბერძნეთსა და იტალიაში დაამუშავა.

აპოლონიოს როდოსელის (Απολλώνιος Ρόδιος) მიხედვით, არგონავტებმა (Αργοναύτες) საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დიდი წრე დაარტყეს და იტალიის ნაპირებს მიაღწიეს. იტალიელთა მითიური გმირი ლათინოსი (Λατίνος), ერთ-ერთი ვერსიით, ბერძნულ-ქართული წარმოშობის იყო: ოდისევსისა (Οδυσσέας) და კირკეს შვილი, აიეტის ძმისშვილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უძველესმა ევროპელებმა, ანუ დმანისის ადამიანის შთამომავალმა ქართველებმა, იტალიას მიაღწიეს პეტრალონას (Πετράλωνα Χαλκιδικής) ადამიანის შთამომავალ ბერძნებთან ერთად. ქართულმა ცივილიზაციამ ბერძნულთან ერთად მსოფლიო შემოიარა.

ჰერაკლემ (Ηρακλής) იმოგზაურა საქართველოსა და იტალიაში, სადაც დააარსა ქალაქი ჰერაკლიონი (Ηράκλειον), დღევანდელი პომპეი (Pompei) და ჰერაკლეს ნავსადგური, დღევანდელი ლივორნო (Livorno). პიზიდან (Pisa) რომისკენ (Roma) მიმავალ გზაზე, ორბეტელოს (Orbetello) ახლოს მდებარეობს ტალამონე (Talamone), ანუ ძველბერძნული ტელამონი (Τελαμών). ეს ქალაქი არგონავტმა ტელამონმა (Τελαμών) დააფუძნა. რომიც (Roma) თავიდან ბერძნული ქალაქი იყო. მისი დაარსება ევანდროს პალანდიონელს (Εύανδρος – Παλλάντιον) უკავშირდება. ეს ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში მოხდა. ამიტომაც ქალაქის ცენტრალურ გორაკს პალატინო (Palatino) ეწოდება.

რომის პანთეონი, რომელიც აგებულია აპოლოდორეს (Απολλόδωρος) მიერ

რომის აღმოსავლეთით მდებარე ტივოლიც (Tivoli) ბერძნების ქმნილებაა. ჩრდილოეთით, პესკარასთან (Pescara) მდებარე კიეტი (Chieti) ძველბერძნული ტეანონია (Τέανον=Τεανόν), რომელიც, სავარაუდოდ, აქილევსის (Αχιλλέας) მიერ არის აგებული. ფოჯას (Foggia) ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სიპონტო (Siponto) ბერძნული სიპუნდაა (Σιπούντας), რომელიც დიომედემ დააარსა. მის სახელს უკავშირდება კანისიონიც (Κανούσιον=Κανύσιον), დღევანდელი კანოსა (Canosa).

უძველეს დროში ცენტრალურ იტალიაში ეტრუსკები ცხოვრობდნენ. მათ ბელადს, ტირენოსს (Τυρρηνός) ძველი ბერძნები ჰერაკლეს ვაჟად მიიჩნევდნენ. ამ ხალხმა მჭიდრო კულტურული ურთიერთობა დაამყარა კორინთოსთან (კორინთო მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა დიდი რეგიონისთვის დასავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთიდან საქართველომდე). უფრო კონკრეტულად, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეში კორინთოელი ვაჭარი დემარატოსი (Δημάρατος) სხვა კორინთოელებთან ერთად, ეტრურიაში წავიდა და დაფუძნდა. მისი ვაჟი ლუკუმონი რომის მეფე გახდა. დემარატოსმა თან წაიყვანა კორინთოელი მეცნიერები და ხელოვანნი ეტრურიაში (= ეტრუსკების რეგიონი), რომელთა მეშვეობითაც განვითარდა ადგილობრივი ცივილიზაცია.

იგივე განმეორდა ათასი წლის შემდეგაც, როდესაც იტალიაში ჩასულმა ბიზანტიელმა ბერძნებმა ცივილიზაციის ნაპერწკალი გააღვივეს იტალიელებში. ასე დაიწყო რენესანსის ეპოქა, რომელსაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ბერძენი ფილოსოფოსების მიერ იტალიაში დაარსებულმა პირველმა აკადემიამ. იტალიელთა დამწერლობაც ბერძნულს უკავშირდება. ხალკიდისა და კიმის (Κύμη) ანბანი ძველმა რომაელებმა აითვისეს, დაარქვეს „ლათინური“ და დღეს მას ევროპელთა უმრავლესობა და ამერიკელები იყენებენ.

კიდევ ერთი სახის ბერძნული (კირილიკო) დამწერლობა ძმებმა, კირილემ (Κύριλλος) და მეთოდიოსმა (Μεθόδιος) გარდაქმნეს სლავურ სტილზე, რომელსაც დღემდე იყენებენ სლავები )„კირილიცა“).

ბიზანტიელმა ბერძნებმა, რომელთა ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ ქართველები, იტალია სარაცინებისა და სხვა მტრებისგან გადაარჩინეს. მაგალითად, გრიგორი ტარხანიოტისმა (თარხნიშვილი; Γρηγόριος Ταρχανιώτης), როგორც იტალიის ბიზანტიელმა მმართველმა, იხსნა ქალაქი ბარი (Bari) 1002-1003 წლებში.

გრიგორი ტარხანიოტისი (თარხნიშვილი)

ბარიში ბერძნული კვალის გამოძახილია ამ ქალაქში ამჟამად არსებული ბერძნულ-იტალიური კულტურული ასოციაცია „პითაგორა“ (Associazione Culturale Italo-ellenica di Bari «Pitagora»).

ტარხანიოტისები (თარხნიშვილი – თარხნიშვილები) ბიზანტიაში განთქმულ ქართულ ოჯახს წარმოადგენდნენ. მათ ბერძნებთან მჭიდრო კავშირები დაამყარეს, გაბერძნდნენ და მოგვიანებით იტალიაში გადავიდნენ, სადაც ცნობილი გახდნენ, როგორც მოაზროვნეები. ანალოგიურად, ფართოდ ცნობილი ბიზანტიური ოჯახი, გვარად „იატრუ“ (Ιατρού) ან „იატრაკოს“ (Γιατράκος; ფუძე: იატროს = ექიმი) გადავიდა იტალიაში, სადაც მათი გვარი იტალიურად ითარგმნა და ასე წარმოიშვა ცნობილი მედიჩების (Medici; ძირი: medico = ექიმი) საგვარეულო. მედიჩები ცენტრალურ იტალიაში XIV-XVIII საუკუნებში ცხოვრობდნენ ქალაქებში: ფლორენცია (Firenze), რომი, ბოლონია (ძველბერძნული აპოლონია, აპოლონის ქალაქი, დღევანდელი ბოლონია – Bologna). თარხნიშვილები (იტალიურად Tarcaniota – Tracanioto – Tarcagnota) მათ გვერდით ცხოვრობდნენ და მედიჩებისგან ხშირად იღებდნენ დახმარებას.

ფლორენცია, მედიჩებისა და ტარხანიოტების (თარხნიშვილების) ქალაქი

საერთოდ, თარხნიშვილები მიდიოდნენ იქ, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ: ნაპოლში, ფლორენციაში, ანკონაში (Αγκών, დღევანდელი Ancona), ბოლონიაში, პადოვასა (Padova) და რომში. რავენა (Ravenna) aris ძველბერძნული რინი (Ρήνη). მოგვიანებით ის ეტრუსკების ქალაქი გახდა, ბიზანტიურ ეპოქაში კი წარმოადგენდა „რავენის მმართველობის“ (Εξαρχάτο της Ραβέννας) ცენტრს, რომელიც ბერძნების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ბიზანტიური კვალი კარგად ჩანს ქალაქის იტალიურ ტაძრებში, რომლებიც ბერძნული მოზაიკით არის მორთული. რიმინი (Rimini) წმინდა ადგილს წარმოადგენს. დიოსკურების (Διόσκουροι) ძველი ტაძრის ადგილას დღეს დგას წმინდა ფრანჩესკოს (San Francesco) საკათედრო ტაძარი. 1465 წლიდან იქ განისვენებს პლითოს გემისტოსის (Γεώργιος Γεμιστός Πλήθων) წმინდა ნაწილები, რომლებიც სპარტის (Σπάρτη) რაიონიდან გადაიტანეს. 1944 წლის 21 სექტემბერს ბერძნებმა ქალაქი გერმანელი ფაშისტებისგან გაათავისუფლეს და იქ ბერძნული დროშა აღმართეს. რიმინის ჩაბარების ოქმი სამ ენაზე: ბერძნულად, იტალიურად და ინგლისურად შედგა.

პიზა (Pisa), რომელიც დღეს თავისი დახრილი კოშკით არის ცნობილი, ბერძნულ კოლონიას წარმოადგენდა. მისი მიტროპოლისია ქ. პიზა (Πίσα), რომელიც ძველ ოლიმპიასთან (Ολυμπία) ახლოს მდებარეობს. XIX საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში რომთან ახლოს იცხოვრა გმირმა მეცნიერმა და საეკლესიო მოღვაწემ მიხეილ თამარაშვილმა, წარმოშობით ახალციხიდან, რომელმაც ახალგაზრდა კაცის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

დღეს საცხოვრებელი კოშკები არსებობს სვანეთში, საბერძნეთში (მანის რაიონი – Μάνη) და იტალიის სხვადასხვა მხარეში, როგორიცაა, მაგ., სან ჯემინიანო (San Geminiano), სიენასთან (Siena). ჩვენს ეპოქაში ქართველი იმიგრანტები საბერძნეთსა და იტალიაში ცხოვრობენ. ქუთაისის მოსახლეობის ლამის ნახევარი საბერძნეთში ცხოვრობს, ხოლო იტალიაში ქალაქი ბარი ქართველი იმიგრანტების შეკრების ცენტრად იქცა.

სამხრეთ იტალიის ზოგიერთ რაიონში დღემდე ცხოვრობენ ბერძნულად მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც ძველი ბერძნების შთამომავლები არიან.

ბერძნულენოვანი დაფა იტალიაში, ბერძნულ რაიონში

ანუ იტალია, უძველესი დროიდან და ყველა ეპოქაში, ბერძნებისთვის მშობლიურ გარემოს წარმოადგენდა, ისევე როგორც ქართველებისთვის, რომლებმაც ყოველთვის იცოდნენ ბერძნებთან ერთად სიცოცხლე და სიკვდილი! იტალიური გარემო ჰგავს ქართულს, რადგან კავკასიისა და ალპების მთები აკავებენ ჩრდილოეთის ცივ კლიმატს და უზრუნველყოფენ ბერძნულ ბუნებრივ გარემოს იტალიასა და საქართველოში. ეკუთვნის თუ არა საქართველო და საბერძნეთი ევროპას? არა, სინამდვილეში ევროპა ეკუთვნის საქართველოსა და საბერძნეთს! ეკუთვნის თუ არა იტალია ევროპას? იტალიას სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან მიჰყვება საბერძნეთისა და საქართველოს წმინდა ნაკვალევს!

იოანის ბულიასი

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close