ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამგვარად, ევროპის საბჭოში 26-წლიანი წევრობის შემდეგ რუსეთს ორგანიზაციაში უფლებამოსილება შეუწყდა. მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება მიიღეს 216 ხმით, არცერთის წინააღმდეგ. მათ შორის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას ხმა არ მისცა ექვსმა ქვეყანამ: სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ, სერბეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ. გამოცემის ცნობით, აღნიშნული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. საქართველომ რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა.
რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი 1996 წლის 28 თებერვალს გახდა.
ფინეთის დელეგაცია ტვიტერში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ ევროსაბჭოში უკვე ჩამოხსნეს რუსეთის დროშაც.
Committee of ministers has just decided that Russia ceases to be a member of the Council of Europe @coe as of today. pic.twitter.com/9GWCw1GkMX
— Finland in the Council of Europe (@FinlandCoE) March 16, 2022
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები