მსოფლიოპოლიტიკა

„პუტინის იახტას“ დააყადაღებენ? – იტალიაში „იდუმალი“ მეგაიახტის მფლობელის დადგენას ცდილობენ

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ დაიწყო გამოძიება სუპერიახტა „შეჰერაზადას“  (Scheherazade) მფლობელის დასადგენად. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

ამჟამად იახტა იტალიის ქალაქ მარინა დი კარარას ნავსადგურშია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, უახლესი და ძვირადღირებული იახტაა. მისი სიგრძე 140 მეტრია, ხოლო ფასი – 700 მლნ დოლარი. მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის პუტინს ეკუთვნის.

გემის კაპიტანი, ბრიტანელი გაი ბენეტ-პირსი (Guy Bennett-Pearce) ჰყვება, რომ იტალიელი გამომძიებლები 4 მარტს, პარასკევს ბორტზე ავიდნენ და ხომალდის დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყეს. „ისინი ადგილობრივი პოლიციელები არ არიან, ამ ადამიანებს მუქი კოსტიუმები ეცვათ“, – თქვა მან. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ წყარომ, რომელიც ამ საქმეში ჩახედულია, გამოცემას აცნობა, რომ გამოძიება იტალიის ფინანსურმა პოლიციამ (Guardia di Finanza) დაიწყო.

იახტის კაპიტნის თქმით, „შეჰერაზადას“ ეკიპაჟის წევრთა 70 პროცენტი რუსია. MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში იახტა სოჭისკენ რამდენჯერმე გაემართა, ბოლოს – 2021 წლის ივლისში. ეკიპაჟის ყოფილმა წევრმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, „ნიუ-იორკ ტაიმსს“  უთხრა, რომ მისი კოლეგები ხომალდს „[პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის იახტას“ უწოდებდნენ.

კაპიტანმა კი სატელეფონო საუბარში უარყო, რომ იახტის მფლობელი პუტინია და თქვა, რომ იგი იახტაზე არასდროს ყოფილა. მისი თქმით, იახტის მფლობელი შესაძლოა რუსია, მაგრამ არანაირ სანქცირებულთა სიაში არ ირიცხება. 7 მარტს კი მან შეტყობინება გაუგზავნა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტიორს, რომ „სხვა არჩევანი არ აქვს“, იახტის მფლობელის შესახებ მონაცემები იტალიის ხელისუფლებას უნდა გადასცემს. ამის გაკეთებას იგი მეორე დღესვე (სამშაბათს, 8 მარტს) აპირებდა. მისივე თქმით, დაჰპირდნენ, რომ კონფიდენციალურობას დაიცავენ.

როგორც გამოცემა წერს, „შეჰერაზადას“ საიდუმლო იმიტომაც დაიბადა, რომ  როდესაც ის მარინა დი კარარას პორტში შევიდა, კორპუსზე სახელი დაფარეს, ნავმისადგომში კი დიდი მეტალის ბარიერი აღმართეს – უცხო თვალისგან დასაცავად. ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით, ამგვარი რამ მარინა დი კარარაში არასდროს ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების და ევროკავშირის სანქციების შემდეგ იტალიაში რამდენიმე რუსი ოლიგარქის ვილები და იახტები დააყადაღეს, რომელთა საერთო ღირებულება 143 მილიონი აშშ დოლარია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close