რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრის წინ მოძრავი კრემატორიუმები წაიღეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის (Ban Wallece) თქმით, კრემატორიუმები მათ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპულთა რაოდენობის დასაფარად სჭირდებათ. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მანქანაზე დამაგრებული კრემატორიუმი, რომელსაც ერთ ჯერზე ერთი ადამიანის სხეულის დაწვა შეუძლია. ეს მანქანა რუსეთის სამხედრო ძალებს მიჰყვება თან და სავარაუდოა, რომ ჯარს უკრაინაშიც შეჰყვა.
„…ჯარისკაცი რომ ვყოფილიყავი და მცოდნოდა, რომ ჩემს გენერლებს იმდენად არ სჯერათ ჩემი, რომ ბრძოლის ველზე გადასატანი კრემატორიუმით დამყვებიან, ან რომ ვყოფილიყავი ვაჟიშვილის დედა ან მამა, რომელსაც პოტენციურად საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაიყვანენ და ჩემს მთავრობას აზრად მოსვლოდა, დანაკარგების დასაფარად მობილური კრემატორიუმები გამოეყენებინა, ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებდა“, – თქვა უოლესმა.
რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა სამი მიმართულებიდან – დონბასიდან, ბელარუსიდან და ყირიმიდან და სამხედრო ინტერვენცია რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული, მოქალაქეებს საღამოს 10-იდან დილის 7 საათამდე გარეთ გასვლა შეეზღუდათ.
ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში უკრაინის სამხედრო ტექნიკა შედის ქალაქის დასაცავად.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები