კოვიდინფიცირებული ვლადიმირ ჟირინოვსკის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და იგი ახლობლებს ვეღარ ცნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „URA.RU“ თავის Telegram-არხზე აქვეყნებს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ჟირინოვსკი ვეღარ ცნობს ნათესავებს, თანაპარტიელებს და ექიმებს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ექიმები ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
თავად პარტიის (Liberal Democratic Party of Russia (ЛДПР) პრესსამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ლიდერი „თავს კარგად გრძნობს და დოკუმენტებზე მუშაობას აგრძელებს“.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ჟირინოვსკის მოსკოვის კლინიკაში ვერაფერს შველოდნენ და მის საზღვარგარეთ – ისრაელში ან გერმანიაში წაყვანას აპირებდნენ. იგი დღეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს, რადგან დამოუკიდებლად ვეღარ სუნთქავს.
ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ორმხრივი კორონავირუსული პნევმონიითა და ფილტვების 50-75%-იანი დაზიანებით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. როგორც აღმოჩნდა, ინფიცირებას იგი 2 კვირის განმავლობაში მალავდა.
რუსული მედიის ცნობით, ჟირინოვსკი რუსული ვაქცინებით 2 წლის განმავლობაში რვაჯერ აიცრა. ბოლო აცრა, თავად პოლიტიკოსის ცნობით, მან 2021 წლის 20 დეკემბერს გაიკეთა.
დუმის დეპუტატის, რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარიული ექიმის, გენადი ონიშენკოს თქმით, ახლა ექიმებმა უნდა გაარკვიონ, რატომ ვერ უზრუნველყო ვაქცინებმა ვლადიმირ ჟირინოვსკის დაცვა. ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ 8-ჯერ აცრით ჟირინოვსკიმ თავისი იმუნიტეტი „დაღუპა“, თუმცა რუსი იმუნოლოგი ვლადიმირ ბოლიბოკი ამბობს, რომ საეჭვოა, აცრების რაოდენობა გამხდარიყო პოლიტიკოსის ცუდად ყოფნის მიზეზი. იგი ფიქრობს, რომ ან „უბრალო შემთხვევითობას აქვს ადგილი, ან პოლიტიკოსი იმდენჯერ აიცრა, რომ თავს სრულად დაცულად გრძნობდა და სადღაც ძალიან სახიფათო სიტუაციაში „შეყო თავი“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები