ამინდისაბერძნეთი

უამინდობა ციკლონ „ფილიპით“ ბრუნდება: წვიმა, შტორმი და თოვლი საბერძნეთში სამშაბათიდან

EMY-მ (საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური) გამოსცა ბიულეტენი, რომელშიც ნათქვამია, რომ საბერძნეთში უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სამსახური გაფრთხილებას იძლევა ციკლონ „ფილიპის“ თაობაზე, რომელიც საბერძნეთში წვიმას, შტორმს, თოვას და ძლიერ ქარს მოიტანს სამშაბათიდან ხუთშაბათამდე.

როგორც EMY აცხადებს, ამინდი გაუარესდება სამშაბათს (01.02.2022) ნაშუადღევს ხუთშაბათამდე (03-02-2022). ამასთან, ციკლონ „ფილიპის“, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე იტალიიდან შემოვა, მთავარი დამახასიათებელი ნიშნები იქნება წვიმები და ქარიშხლები, თოვა – ძირითადად, საბერძნეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, მთიან რაიონებში. ქარის სიმძლავრე ზღვაზე 8-9 ბალს მიაღწევს ბოფორტის სკალით.

სამშაბათი

შუადღის შემდეგ ძლიერი წვიმა და ელჭექი იქნება იონიის კუნძულებზე, ეპირსა და ცენტრალური საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში; დღის მეორე ნახევარში – დასავლეთ პელოპონესში და საღამოს – აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიასა და ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის კუნძულებზე. თოვა მოსალოდნელია დასავლეთ მაკედონიაში, ეპირის მთიან და ნახევრად მთიან რაიონებში, თანდათანობით კი უამინდობა მაკედონიისა და თრაკიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში გადაინაცვლებს. ზღვაზე იქროლებს შტორმული სამხრეთის/სამხრეთ-დასავლეთის ქარი, რომლის სიმძლავრე 8, შესაძლოა 9 ბალამდეც იყოს ბოფორტის სკალით.

ოთხშაბათი

ძლიერი წვიმა და ელჭექი გაგრძელდება ზემოაღნიშნულ რაიონებში და დილის საათებიდან დაიწყება თესალიაში, სპორადებზე, ევიაზე (ევბეა), აღმოსავლეთ სტერეასა და დროდადრო – აღმოსავლეთ პელოპონესში. შუადღის შემდეგ – კიკლადებზე, კრეტასა და დოდეკანესზე.

ძლიერი თოვა იქნება ქვეყნის კონტინენტური ნაწილის მთებში, ცენტრალური და ჩრდილოეთ საბერძნეთის ნახევრად მთიან რაიონებში, აგრეთვე, თრაკიის შედარებით დაბალ რაიონებში. ამინდის პირობები შესუსტდება ჩრდილოეთ იონიის ზღვაში, ეპირსა და დასავლეთ სტერეაში შუადღით, ხოლო თესალიაში, სპორადებსა და ევიაზე – ღამით.

იონიის ზღვაზე უმეტესად იქროლებს ჩრდილოეთის შტორმული ქარი, მაქსიმალური სიმძლავრე 8 ბალს მიაღწევს (ბოფორტის სკალით), ხოლო ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაგრძელდება სამხრეთის ქარები, 7-იდან 8 ბალამდე ბოფორტის სკალით.

ხუთშაბათი

კოკისპირული წვიმა და ელჭექი ადგილ-ადგილ მოსალოდნელია კრეტაზე, კიკლადებზე, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის  და დოდეკანესის კუნძულებზე, დროდადრო, შუადღემდე – კონტინენტური ნაწილის აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ პელოპონესში. უამინდობა თანდათან შესუსტდება ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის კუნძულებზე და თანდათან, ღამით – დანარჩენ რაიონებში.

ძლიერი თოვა მოსალოდნელია საბერძნეთის ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილების მთებსა და მთისწინეთში ხუთშაბათ დილით და თრაკიის შედარებით დაბალ სიმაღლეზე მდებარე რაიონებში. ზღვაზე უმეტესად იქროლებს შტორმული ჩრდილოეთის ქარები, რომელთა სიმძლავრე ბოფორტის სკალით 8-9 ბალს მიაღწევს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close