რა არ უნდა დაგვავიწყდეს შობის ღამეს
უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, მორწმუნეები ფანჯრებში ანთებულ სანთლებს დგამენ.
ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
მაცხოვრის შობამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევად თანხა არ ჰქონდათ, ღარიბ-ღატაკნი არცერთმა სახლმა მიიღო…
შობის ღამეს სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის, მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი.
არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, სახლის რომელ მხარეს დაანთებთ სანთელს, თუმცა აღმოსავლეთ მხარეს ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ტაძარში საკურთხეველი აღმოსავლეთით არის განთავსებული. ეს არის მხარე, საიდანაც ამოდის მზე.
ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ქადაგებიდან:
„მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ.
არ დაგავიწყდეთ შობის ღამეს სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე..
შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა. გაეცით სიკეთე, ეს სიკეთე უკან დაგიბრუნდებათ. სიხარული და მადლი შემოვიდეს თქვენს ოჯახებში…“
ბედნიერი შობა თქვენ და საქართველოს!
კომენტარები