პოლიტიკასაქართველო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლის საქმეზე. სხდომას თავად სააკაშვილი არ ესწრებოდა, რადგან სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ბრალდებული ექსპრეზიდენტის სხდომაზე მიყვანა სახიფათო იყო როგორც „შესაძლო დესტრუქციული ქმედებების“, ისე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის გამო.

სასამართლო სხდომა სააკაშვილის ადვოკატებმა ნაადრევად დატოვეს, რადგან მათი მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ისინი ითხოვდნენ სხდომაზე შესვენების გამოცხადებას და სააკაშვილის კიდევ ორი ადვოკატის – ნიკა გვარამიასა და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე შეშვებას, რომლებიც სასამართლო სხდომის დაწყებისას დარბაზში არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და სხდომის დაწყებისთანავე იმიტომ არ გამოცხადდნენ, ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ ახალ ინფორმაციას და მტკიცებულებებს ფლობს საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლოზე უნდოდა წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა გიგი უგულავას შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო. უგულავა დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური, Video grab

დღევანდელ სხდომაზე გაუქმდა 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, რადგან სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, რომ „ეს ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან“ [შეფარდებული აქვს 6-წლიანი პატიმრობა] და „გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close