„ერთ ბიჭს ბიოლოგიური დედა სამ საათში ვუპოვე“ – სიმართლე, რომელიც არ უნდა დავმალოთ
ყველაფერი დაიწყო 2017 წლის 3 ივნისს, როდესაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში მაყურებელმა ცნობილი ჟურნალისტის ძალიან გულწრფელი აღიარება მოისმინა…
„გამარჯობათ, მე ვარ თამუნა მუსერიძე, თუმცა ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის, ნამდვილი სახელი და გვარი არ ვიცი, რადგან 32 წლის წინ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გადაწყვიტა და ალბათ მართალიც აღმოჩნდა იმაში, რომ მე სხვა ოჯახში უფრო ბედნიერი ვიქნებოდი“, – ეს იყო პირველი საჯარო გამოსვლა ამ თემაზე და მას ლამის აფეთქების მსგავსი ეფექტი მოჰყვა, რადგან ამით საზოგადოებაში დამკვიდრებული ყალბი სტერეოტიპი სამუდამოდ დაიმსხვრა.
შვილად აყვანის, გაშვილების თემა ჩვენში კარგა ხანია მკაცრად ტაბუირებული იყო, თუმცა ამ გამოსვლის მერე უკვე ბევრმა გარისკა საკუთარი ისტორია თამამად მოეყოლა. წლების იძულებითი დუმილის მერე ეს მათთვის ალბათ ერთგვარი შვებაც კი იყო.
2021 წლის იანვარში თამუნა მუსერიძემ შექმნა ფეისბუქჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც პირველი დღიდანვე მიიქცია ყველას ყურადღება.
გვერდის მიზანი ასეა განმარტებული: „ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში, თუ უკვე იცი, რომ შენ ხარ ნაშვილები და გსურს გაიგო ყველაფერი შენი დაბადების შესახებ, მაგრამ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, დროა დაგვიკავშირდე, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ დაგეხმარებით ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში“.
სულ ახლახან ჟურნალისტმა ანალოგიური თემით სატელევიზიო სივრცეშიც გადაინაცვლა. ჩვენ დავუკავშირდით მას და თქვენთვის საინტერესო რამდენიმე კითხვა დავუსვით.
თამუნა, აღიარება, რომელიც თქვენგან მოვისმინეთ, ალბათ სხვებისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ამ თემას ისინიც შეხებოდნენ…
ყველაფერი, მართლაც, ასე ვთქვათ, ჩემი საჯარო აღიარებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მსგავსი თემატიკის სიუჟეტები იყო სხვადასხვა გადაცემაში, სადაც ადამიანები საჯაროდ ჰყვებოდნენ თავისი გაშვილების ამბავს, მე მაინც გარკვეული ბიძგი ვიყავი საზოგადოებისთვის, რათა არ მორიდებოდათ და საჯაროდ მოეძებნათ ახლობელი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებოდა დედა, შვილი თუ ნათესავი, რომლის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი იცოდნენ.
თქვენი ჯგუფის გახსნის დღიდან ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ეძებს?
კონკრეტულად არ ვიცი რამდენი ადამიანი ეძებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯგუფში 150 000 ადამიანია გაწევრიანებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 10 000-მდე ადამიანზეა საუბარი. ეს კი ძალიან დიდი რიცხვია.
შეგიძლიათ თქვათ, როგორი შემთხვევებია უფრო ხშირი?
თქვენ წარმოიდგინეთ, სტატისტიკურად მოპარული ბავშვი უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალურად გაშვილებული. შეფარდებით რომ ვთქვათ, 20%-ია ნებით გაშვილებული, დანარჩენი 80% მოპარული, გატაცებულია. ვფიქრობ, ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია…
სოციალურ ქსელებში დაწყებულმა ამ საჭირო ინიციატივამ დღეს ტელესივრცეში გადაინაცვლა…
სოციალურ ქსელებში ამ თემამ ისეთი გამოხმაურება გამოიწვია, რომ ტელევიზიაში მისი გადატანა თავისთავად საჭირო გახდა. ამიტომაც მიმიწვიეს „ფორმულაზე“, სადაც ჯერჯერობით ორი გადაცემა გავიდა ეთერში, მაგრამ მათ ბევრი ნახვა აქვს. უკვე მეორე გადაცემას 500 000-მდე ადამიანმა უყურა. რადგან თემას ხალხის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამ ტელეგადაცემის გაკეთებაც ამიტომ გახდა საჭირო.
მათგან, ვინც თქვენი დახმარებით იპოვა დაკარგული ახლობელი, რომელი ემოციური ისტორია გახსენდებათ?
ჩემთვის ყველა ისტორია ემოციურია, მაგრამ პირველი, რომელიც მე ვიპოვე, მაინც განსაკუთრებით ემოციური იყო. ესაა ამბავი, როცა ერთ ბიჭს ბიოლოგიური დედა სამ საათში ვუპოვე. ეს ქალბატონი თავად გამოგვეხმაურა და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო მისი მოსმენა. მან მომიყვა, საკუთარი ნებით როგორ გააშვილა, როგორ დათმო თავისი შვილი. წლების მერე კი როგორ მოძებნა ის სოციალურ ქსელებში და მეგობრებში დაიმატა. ამის მერე მის ცხოვრებას თურმე სულ აკვირდებოდა. ყოველდღე იცოდა, მისი შვილი სად იყო და რას აკეთებდა, მაგრამ სიმართლეს ვერ ეუბნებოდა. ამ დედა-შვილის დაკავშირება ჩემი საშუალებით მოხდა. ძალიან მძიმე იყო დედის აღიარების მოსმენა. მახსოვს, ამ ქალთან ლაპარაკში მთელი ღამე გავათენე, იქით ის ტიროდა, აქეთ – მე….
როგორი იქნება თქვენი გზავნილი მათთვის, ვინც ეძებს?
ჩემი გზავნილი იქნება, რომ, პირველ რიგში, არ შერცხვეთ მათი მოძებნა. ძალიან ბევრი პოსტებს ანონიმურად გვადებინებს. ბევრი ანონიმურად გვაძებნინებს ახლობელს, რადგან იმის აღიარება, რომ აყვანილი ხარ, წლების მანძილზე სირცხვილად ითვლებოდა. ბავშვის აყვანა და ამის საჯაროდ თქმა თავის მოჭრა იყო. მე მინდა ყველა დედას მივმართო, ვისაც ბავშვი ჰყავს აყვანილი, რომ ეს სამარცხვინო კი არა, უდიდესი გმირობაა. ამის დამალვა კი დიდი ცოდვაა. ადრე თუ გვიან, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, სიმართლეს აბსოლუტურად ყველა იგებს. ამიტომ აჯობებს, რომ ადამიანმა ისევ დედისგან ან მამისგან გაიგოს, ვიდრე ნათესავისგან, ვინც მას არასწორ ინფორმაციას მიაწვდის.
ანალოგიური ფსიქოლოგიური პრობლემა ალბათ აყვანილ ბავშვებსაც აქვთ, ისინიც ერიდებიან ამ ფაქტის აღიარებას…
ასეა, აყვანილ ბავშვებსაც მინდა ვუთხრა, რომ დღეს აღარ არის სირცხვილი იმის თქმა, რომ ნაშვილები ხარ, რომ შენი მშობლები ბიოლოგიური დედა და მამა არ არიან, ამიტომ საჯაროდ მოძებნონ თავისი ბიოლოგიური დედები. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე – თუ სად და როგორ დაიწყო მათი ისტორია, ეს კი დედის გარდა არავინ იცის.
აქ ალბათ ის მომენტიცაა გასათვალისწინებელი, რომ სიმართლის დამალვის შემთხვევაში სისხლის აღრევის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ…
ბევრ ასეთ შვილს ეგონა, რომ დედამ ის საკუთარი ნებით გაყიდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფის დახმარებით აღმოაჩინეს, რომ დედას თურმე თავისი შვილი წლების განმავლობაში გარდაცვლილი ეგონა. მოვუწოდებ ყველას, რომ მოძებნონ ბიოლოგიური ნათესავები, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სისხლის აღრევა არ მოხდეს. ჩვენს მორიგ გადაცემაში ზუსტად ამაზე გვექნება საუბარი. ერთი ისტორია მახსენდება: ბიოლოგიური დები მეზობლები, მეგობრებიც კი იყვნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი იყო. მათ შვილებს შორის რაიმე რომ მომხდარიყო, უდიდესი ცოდვის წინაშე ხომ დავდგებოდით? არადა, ასეთი ოჯახი ძალიან ბევრია, სადაც არ ეუბნებიან შვილს, რომ გვერდით ბიოლოგიური ნათესავი ჰყავთ. აი, ზუსტად ამიტომ უნდა დაიწყონ მათ ძებნა, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად დავეხმარებით…
თეონა გოგნიაშვილი
sputnik-georgia.com
კომენტარები