მედიცინა

ყნოსვის „უცნაურობანი“ კოვიდ-19-ის დროს – როგორ დავიბრუნოთ სუნების ჩვეული შეგრძნება

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხვირის წვეთებს ვიტამინ А-ს შემცველობით კორონავირუსის გამო დაკარგული ყნოსვის დაბრუნება შეუძლია. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

ამჟამად ეს წვეთები 12-კვირიან კლინიკურ გამოცდას გადის –  აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მკვლევრები წვეთებს მოხალისეებზე ცდიან. კვლევაში მონაწილეთა ნაწილს ზემოაღნიშნული წვეთებით მკურნალობენ. შემდეგ ექსპერიმენტის ყველა მონაწილე შეისუნთქავს ვარდების და გაფუჭებული თევზების სუნებს, რათა ტვინის სკანირების შედეგად დადგინდეს, დაუბრუნდათ თუ არა კოვიდგადატანილებს ყნოსვა ვიტამინ  А-ს შემცველი წვეთებით მკურნალობის შემდეგ.

ყნოსვის შეცვლას ან დაკარგვას Covid-ის გარდა სხვა ვირუსებიც იწვევენ და ეს საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მეცნიერთა თქმით, გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ზოგ შემთხვევაში ყნოსვა რამდენიმე კვირაში უბრუნდებათ, ზოგჯერ – ნახევარ წელიწადში, ზოგმა კი შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოს სუნების შეგრძნების უნარი.

კორონავირუსის შემდეგ ყნოსვის დაკარგვა – ყველაზე საშინელი რამე არ არის, გაცილებით უარესია, როდესაც ყნოსვა იცვლება და სასიამოვნო არომატები სიმყრალედ აღიქმება.

47 წლის ბრიტანელი კლერ ფრირი ასე აღწერს თავის შეგრძნებებს:

„ყველაფერს საშინელი სუნი მიეცა. ჩემს ლოგინის თეთრეულს უსიამოვნო სუნი აქვს და გული მერევა. საკუთარი პარტნიორის კოცნაც კი აღარ შემიძლია. რაღაც სიმყრალის სუნი ავსებს სახლს, როგორც კი აირღუმლის კარს გავაღებ და ეს აუტანელია. განსაკუთრებით ვერ ვიტან ხახვის, ნივრის, სოუსების, ყავის და შხაპის გელის სუნებს, როდესაც ისინი ჩემ სიახლოვესაა, თავბრუ მეხვევა და ვტირი, ისეთი აუტანელი სუნია. ასეთი შეგრძნებებით ძალიან ძნელია ცხოვრება“.

ლონდონელ ლინა ალნადის კორონავირუსის ფონზე პაროსმია  განუვითარდა – ბევრი ჩვეულებრივი საგნის სუნი  მისთვის შეიცვალა. ჩვეულებრივი ონკანის წყალს ჭაობის ან კანალიზაციის სუნი ჰქონდა, კვერცხს – ლინას ყველაზე საყვარელ საკვებს – დამწვარი რეზინის.

მისი თქმით, ეს საშინელება იყო, რადგან ბევრ ჩვეულებრივ პროდუქტს ვეღარ ჭამდა და იმ პროდუქტების სია შეადგინა, რომლების გულისრევას არ იწვევდნენ მასში შეცვლი, სუნის გამო, გარდა ამისა, რამდენიმე მეთოდიც შეიმუშავა – მაგ., ლიმონის დამატება საკვებში სუნის გასაუმჯობესებლად.

„მომიწია შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენა, თავი რომ დამერწმუნებინა, რომ კარგ პროდუქტებს ვჭამ, რათა ჯანმრთელობა შევინარჩუნო“, – ამბობს იგი.

წამყვანი მკვლევარი პროფესორი კარლ ფილპოტი ამბობს, რომ მათი კვლევის მიზანია, დაადგინონ, რა ხდება პაციენტების თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომელიც ყნოსვაზეა პასუხისმგებელი, როდესაც მათ А ვიტამინის შემცველი ცხვირის  წვეთებით მკურნალობენ.

ცნობისათვის, ვიტამინი А, იგივე რეტინოლი იმუნური სისტემის სიმტკიცეს უწყობს ხელს, კარგ ზეგავლენას ახდენს მხედველობასა და კანზე, ლორწოვან გარსზე (მათ შორის, ცხვირის). ზოგიერთი ბოსტნეული და რძის პროდუქტი ცხიმში ხსნად ვიტამინ  А-ს შეიცავს, თუმცა ზომიერება, რა თქმა უნდა, საჭიროა: ჭარბმა დოზამ სარგებლის ნაცვლად შესაძლოა ზიანი მოგვიტანოს.

რაც შეეხება თვითმკურნალობას კორონავირუსის გამო დაკარგული ყნოსვის აღსადგენად: სპეციალისტების თქმით, კარგია მძაფრსუნიანი პროდუქტების დაყნოსვა, როგორიცაა, მაგ., ლიმონი, ყავა, ნიორი და სხვ., თუმცა რეკომენდებული არ არის ისეთი მძაფრსუნიანი ნივთიერებების გამოყენება, როგორიცაა: ნიშადურის სპირტი, ძმარი, მძაფრი არომატის მქონე სუნამოები და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ სპეციალისტთან გაივლით კონსულტაციას.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close