fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის თავდაცვითი შეთანხმება გაფორმდა: რას ითვალისწინებს ორი ქვეყნის სამხედრო კავშირი

თითქმის ორი წელიწადია ბერძნულ მედიაში მიმდინარეობს მსჯელობა საფრანგეთთან სამხედრო კავშირის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე. გუშინ, 28 სექტემბერს პარიზში მართლაც მოეწერა ხელი თავდაცვის სფეროში ურთიერთდახმარების თაობაზე შეთანხმებას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შორის.

შეთანხმება ითვალისწინებს მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო დახმარების გაწევას. ურთიერთდახმარების შესახებ მუხლი ძალაშია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავდამსხმელი ნატოს წევრი ქვეყანა იქნება (იგულისხმება თურქეთის შესაძლო თავდასხმა საბერძნეთზე).

საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ბერძნებს უმოკლეს ვადაში გადასცენ სამი ფრეგატი Belharra. პირველ ხომალდს საბერძნეთის შეიარაღებული ძალები 2025 წელს მიიღებს, ხოლო მესამეს – 2026 წელს. მოგვიანებით ბერძნები მეოთხე ასეთ ფრეგატს მიიღებენ.

როგორც აღნიშნავენ, Belharra-ს შეუძლია დიდ მანძილზე დაშორებული საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება, ასევე, წყალქვეშა სამხედრო გემების განადგურება, რაც ეგეოსის ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბერძნეთს მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას ანიჭებს თურქეთთან მიმართებში.

მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთი საბერძნეთს ფრეგატებს შეიარაღების სრული კომპლექტაციით გადასცემს, რაც მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

გრძელდება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები სხვა ტიპის სამხედრო ხომალდების ბერძნული მხარისთვის გადაცემის თაობაზეც. საბერძნეთი საკუთარი სამხედრო ფლოტის სრულად გადაიარაღებისთვის ემზადება. შეთანხმების მიხედვით, ორი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრებისას განიხილება რეგიონული საკითხები, ჰიბრიდული საფრთხეები, საზღვაო უსაფრთხოება და მიგრაციის პრობლემა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close