fbpx
ვიდეომსოფლიო

კანარის კუნძულები: გავარვარებული ლავა ოკეანეში ჩაეშვა, ქარმა მოსახლეობა ტოქსიკური გაზებისგან იხსნა (ვიდეო)

გავარვარებული ლავის მდინარე დღეს, 29 სექტემბერს, შუადღისას ატლანტის ოკეანეში ჩაეშვა, თუმცა მოსახლეობა მომწამვლელ გაზებს გადაურჩა, რადგან ქარმა ტოქსიკური ღრუბელი ზღვისკენ გაფანტა.

ესპანეთის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც ჩაედინება 1000 გრადუს ცელსიუსამდე გავარვარებული ლავა 22-23 გრადუს წყალში და ამ „კონტრასტული შეხვედრის“ შედეგად როგორ წარმოიქმნება ტოქსიკური ღრუბელი. გაცივებული ლავის „პირამიდა“ დაახლოებით 2 საათისთვის სიმაღლით 50 მეტრს აღწევდა და ზრდას განაგრძობდა.

ყველაზე დიდ რისკს მოსახლეობისათვის ოკეანეში ლავის ჩადინების შედეგად ტოქსიკური გაზების წარმოქმნა ქმნიდა, თუმცა საფრთხე თავიდანაა აცილებული ქარის წყალობით, რომელიც ღრუბელს ზღვისკენ ფანტავს, რა თქმა უნდა, თუ ქარმა მიმართულება არ შეიცვალა.

ვულკანი კუმბრე ვიეხა 19 სექტემბერს ამოიფრქვა ესპანეთის კუთვნილი კანარის არქიპელაგის კუნძულ ლა პალმაზე. ათი დღის განმავლობაში ლავის მდინარემ თავის გზაზე ყველაფერი გაანადგურა – შენობები, სასოფლო-სამეურნეო მინდვრები, გზები და ამ პატარა კუნძულის 85-ათასიანი მოსახლეობისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

არქიპელაგის რეგიონული ხელისუფლების მეთაურმა ანხელ ვიქტორ ტორესმა რადიო COPE-სთან ინტერვიუში „საშინელ განადგურებაზე“ ისაუბრა.

მისი თქმით, კუნძული მთლიანად დამახინჯებულია ლავის ნაკადის გამო, ზოგ ადგილას მან ტერიტორია 600 მეტრის სიგანეზე დაფარა და სადაც გაიარა, აღარაფერია გაცივებული ლავის გარდა.

ლავამ დაანგრია, სულ ცოტა, 656 შენობა, დაფარა 268 ჰექტარი ტერიტორია.

ბანანის პლანტაციებს (ბანანის მოყვანა ტურიზმთან ერთად კუნძულზე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა) დიდი ზარალი მიადგა. საუბარია მთელი კანარის კუნძულების ბანანის მოსავლის მესამედზე.

საბედნიეროდ, ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 6000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

ლა პალმაზე ვულკანის წინა ორი ამოფრქვევა 1949 და 1971 წლებში მოხდა და 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 2 ტოქსიკური გაზის შესუნთქვის გამო გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close