საბუთები, რომლებიც დაგჭირდებათ საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ნიმუშები)
საბერძნეთში კონსტიტუციით განსაზღვრულია უფასო განათლების უფლება, რომელიც ეხება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, ვინც ბერძნული განათლების მიღებას გადაწყვეტს. კერძოდ, უფასოა დაწყებითი და საშუალო განათლება, აგრეთვე, უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი). მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლა ფასიანია, თუმცა არსებობს დაფინანსების სხვადასხვა წყარო.
საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. გირჩევთ, სანამ კითხვას განაგრძობთ, ეს წერილი ყურადღებით წაიკითხოთ. იხილეთ ლინკი:
http://nostal.ge/2017/09/05/rogor-mivigot-umaglesi-g/
რამდენადაც საბუთების მომზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და დიდ ყურადღებას მოითხოვს, შევეცდებით დაგეხმაროთ, რათა ეს საქმე გაგიადვილოთ.
უპირველესად, დაგჭირდებათ სასკოლო ატესტატი. ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა, ატესტატი ხომ ყველას გვაქვს.
მეორე საბუთი არის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატის ატესტატი მას უფლებას აძლევს, სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე. მესამე საბუთი არის ცნობა იმის თაობაზე, რომ სკოლა, რომელიც დაამთავრეთ, ქვეყნის სახელმწიფო სასწავლო პროგრამის შესაბამისად ფუნქციონირებს. პრაქტიკულად, საქართველოში ეს დოკუმენტები ცალ-ცალკე არ გაიცემა. არსებობს გაერთიანებული სახით და საბუთს „დადასტურება“ ეწოდება. მას გასცემს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი. შესაბამისი ნიმუში იხილეთ ქვემოთ. (ყველა ნიმუშზე არსებული პირადი მონაცემები წაშლილია).
შემდეგი საბუთი, რომელიც დაგჭირდებათ, არის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ სრულად გაიარეთ საშუალო სკოლის ბოლო ორი წლის სასწავლო კურსი ანუ არ სწავლობდით დაუსწრებლად. აღნიშნული ცნობა უშუალოდ სკოლამ უნდა გასცეს. რამდენადაც სკოლას ხშირად არ უწევს ასეთი ცნობის გაცემა, შესაძლოა დირექტორს გაუკვირდეს, როდესაც მას მოითხოვთ. ამდენად, შეგიძლიათ აქ მითითებული ნიმუში აჩვენოთ. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიმუშის ტექსტში მხოლოდ დამამთავრებელ კლასზეა საუბარი (იმ დროს, როდესაც ეს დოკუმენტი გაიცა, საბერძნეთი მხოლოდ ბოლო წლის შესახებ ითხოვდა ინფორმაციას). ახლა ეს პირობა შეიცვალა და ბოლო ორი წლის შესახებ ითხოვენ ინფორმაციას. ყურადღებით გაეცანით ტექსტს:
მთავარი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება, არის შესაბამისობის სერტიფიკატი (Βεβαίωση αντιστοιχίας), რომელსაც საბერძნეთის განათლების სამინისტრო გასცემს.
აღნიშნულ დოკუმენტში თქვენი სასკოლო ნიშნები გადაყვანილია 20-ბალიან სისტემაში და გამოყვანილია საშუალო ნიშანი. სწორედ ეს საშუალო ნიშანი განსაზღვრავს, მოახერხებთ თუ არა მოხვდეთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში და სასურველ სპეციალობაზე, რადგან ანაცვლებს საბერძნეთის ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ნიშანს. იმისათვის, რომ საბერძნეთის განათლების სამინისტრომ აღნიშნული დოკუმენტი გასცეს, სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში უნდა წარადგინოთ სასკოლო ატესტატი და ე. წ. ნიშნების ფურცელი, რომლის ნიმუშსაც აქვე გთავაზობთ.
შემდეგი საბუთები, რომლებსაც საბერძნეთი ითხოვს, არის: ა) ცნობა კანდიდატისა და მისი მშობლების ეროვნული კუთვნილების შესახებ და ბ) ცნობა, რომელიც კანდიდატის მოქალაქეობას მიუთითებს. რამდენადაც საქართველოს საჯარო სამსახურები ეროვნების შესახებ ცნობას არ გასცემენ, შესაბამისი დოკუმენტის მოპოვება მხოლოდ საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს მეშვეობით შეიძლება. დაბადების მოწმობის საფუძველზე საკონსულო გასცემს ერთიან ცნობას, რომელიც შეიცავს როგორც ეროვნების, ისე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას. იხილეთ ნიმუში:
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა საჭიროა ორი ფოტოსურათი, პასპორტის ასლი, ბინადრობის მოწმობის ასლი (თუკი გაქვთ) და ე. წ. საპასუხისმგებლო გამცხადება (Υπεύθυνη δήλωση) ბერძნულ ენაზე შემდეგი შინაარსით:
i. δεν είμαι απόφοιτος ελληνικού σχολείου που λειτουργεί στην Ελλάδα, ii. δεν είμαι κάτοχος πτυχίου σχολής ή τμήματος της Τριτοβάθμιας Εκπαίδευσης της Ελλάδας και iii. δεν έχω εισαχθεί σε σχολή ή τμήμα της Ανώτατης Εκπ/σης της Ελλάδας το έτος 2015 ή προγενέστερα.
აღნიშნული დოკუმენტი ელექტრონული განაცხადის შევსების დროს ავტომატურად გენერირდება სისტემაში.
ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი, რომელთაც საქართველოს შესაბამისი დაწესებულებები გასცემენ, ლეგალიზებული უნდა იყოს აპოსტილის ბეჭდით და უნდა ითარგმნოს ბერძნულ ენაზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს სათარჯიმნო ბიუროს მიერ. ყურადღება მიაქციეთ – საქართველოში შესაძლოა შემოგთავაზონ თარგმნა ლეგალიზაციასთან ერთად. თქვენ კი მხოლოდ აპოსტილით დამტკიცება დაგჭირდებათ. ამისათვის უნდა მიმართოთ თბილისში არსებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).
ტელ.: (+995 322) 200 220
ვებგვერდი: https://www.eqe.ge//
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს სათარჯიმნო ბიურო:
ათენი, მონასტირაკი, არიონოს 10
ΑΡΙΩΝΟΣ 10
10554 ΑΘΗΝΑ
ტელ.: 2103285711
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის უნდა მიმართოთ კვლავ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს სათარჯიმნო ბიუროს.
ყოველი წლის ივლისის დასაწყისში საბერძნეთის განათლების სამინისტრო თავის საიტზე ხსნის სისტემას, რომელიც თქვენი განაცხადის დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ივნისის ბოლოს ყველა საბუთი მზად უნდა გქონდეთ. ელექტრონული განაცხადის გაკეთებისას პრიორიტეტის მიხედვით მიუთითებთ იმ უნივერსიტეტებსა და სპეციალობებს, სადაც მოხვედრა გსურთ. ჩაირიცხებით იმ სპეციალობაზე, რომელზე მოსახვედრადაც საკმარისი ქულები (იგულისხმება ატესტატის საშუალო ნიშანი) გაქვთ. შედეგებს სამინისტრო აგვისტოში შეგატყობინებთ, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა მიბრძანდეთ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტად უნდა დარეგისტრირდეთ. სტუდენტის სტატუსის მიღების შემდეგ მიმართავთ შესაბამის საიმიგრაციო სამსახურს ბინადრობის უფლების მიღების მიზნით (თუკი ასეთი საბუთი არ გაქვთ).
დაწვრილებითი ინსტრუქცია ბერძნულ ენაზე:
https://goo.gl/fuUa9m
საბერძნეთის განათლების სამინისტროს გვერდი, სადაც შესაბამისი განცხადებები იდება:
http://www.minedu.gov.gr/exetaseis-2/allogeneis-m/anakoinwseis-allodapoi
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები