სპორტი

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია – 2 მსოფლიო რეკორდი, ოლიმპიური რეკორდი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მე-2 ოქრო! (ვიდეო)

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დღეს ტოკიოში ფანტასტიკურად იასპარეზა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქრო მოუტანა. +109 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა ასპარეზობა ატაცში 208 კგ-იდან დაიწყო, შემდეგ 215 კგ დაძლია (ოლიმპიური რეკორდი) და 223 კგ-ით – მსოფლიო რეკორდით დაამთავრა.

აკვრაში ლაშამ 245 კგ-ით დაიწყო, რომლის დაძლევა მისთვის გარანტირებულად უდრიდა ოქროს მედალს, და ადვილადაც დაძლია ეს წონა. შემდეგ 255 კგ შეუკვეთა და ოლიმპიური რეკორდიც ოლიმპიური სიმშვიდით დაამყარა. მესამე ცდაზე კი არც მსოფლიო რეკორდის დამყარება გასჭირვებია – 265 კგ-ის აწევით საკუთარივე მსოფლიო რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.

მთლიანობაში ლაშამ ატაცში და აკვრაში ჯამურად 488 კგ დააგროვა და მთელი 47 კგ-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ირანელ ძალოსანს – ალი დავუდის.

ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების (2016 წ.) ჩემპიონია. მაშინ  ქართველმა სპორტსმენმა +105 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდით – 473 კგ-ით მოიგო. ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს მიერ სიდნეის ოლიმპიადაზე დამყარებული რეკორდი ლაშამ 16 წლის შემდეგ  რიოში ერთი კგ-ით გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენია – 27 წლის ასაკში იგი 2-გზის ოლიმპიური, 4-გზის მსოფლიო და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.

ლაშას ოქრომ საქართველო გუნდურ ჩათვლაში 10 პოზიციით დააწინაურა და ამჟამად ჩვენი ოლიმპიური ნაკრები 23-ე ადგილზე იმყოფება 2 ოქროს, 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close