ისრაელელი მეცნიერების ახალი კვლევით დადგინდა, როგორ და რატომ ხვდება ზოგიერთი ვაქცინირებული ადამიანი საავადმყოფოში კორონავირუსის გამო.
მსოფლიოში პირველი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ისრაელში ჩატარდა, ხანდაზმული ადამიანები თანმხლები დაავადებებით და იმუნოსუპრესიის მაღალი დონით, დიდი ალბათობით, კორონავირუსით დაინფიცირდებიან და დაავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით სრულად ვაქცინირების შემდეგაც. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იუწყება.
სრულად ვაქცინირებული ადამიანების მცირე ნაწილი დაინფიცირდება და ამ დაინფიცირებულიდან კი პროცენტულად მცირე რაოდენობის პაციენტი საავადმყოფოში მოხვდება. ამას ეწოდება breakthrough infections (გამრღვევი ინფექციები).
ისრაელელ ექიმმთა ჯგუფმა პროფესორ ტალ ბროშის ხელმძღვანელობით ქალაქ აშდოდის „ასუტას“ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეისწავლა 152 სრულად ვაქცინირებული პაციენტი 17 საავადმყოფოდან, რომლებსაც COVID-19 ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეზე მეტის გასვლის შემდეგ განუვითარდათ და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
შესწავლილი პაციენტების რაოდენობა დიდი არ იყო, რადგან ვაქცინირებული ადამიანებიდან ბევრი არ ყოფილა ისეთი, რომელიც დაინფიცირდა კორონავირუსით და საბოლოო ჯამში მძიმედ დაავადდა კოვიდ-19-ით, რადგან ვაქცინა სტანდარტული შტამის წინააღმდეგ 97-98%-ით ეფექტიანია და თითქმის იმავე ეფექტიანობას აჩვენებს დელტა შტამის მიმართაც. ამის დასტურია ის, რომ ისრაელში ბოლო დროს ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად მძიმე შემთხვევების რაოდენობა ნელა იზრდება.
„თითქმის ყველა მათგანს [152 გამოკვლელული პირიდან], ჰქონდა თანხმლები დაავადებები: გულის, ფილტვების, თირკმელების; დემენცია, კიბო ან სხვა გავრცელებული დაავადებები. ეს ადამიანები „გამრღვევი ინფექციით“ ავადდებიან და სხვებზე უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში“, – განაცხადა ბროშმა.
მათგან, ვინც საავადმყოფოში მოხვდა, 38 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. გარდაცვლილთაგან 94%-ს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, მხოლოდ 6%-ს არ ჰქონია მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა. 40%-ს იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა.
„თუ თქვენი იმუნური სისტემა სათანადოდ არ ფუნქციონირებს, უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ, რომ ვაქცინაცია ვერ დაგიცავთ“, – თქვა ბროშმა.
მისი თქმით, გამოკვლეული 152 პაციენტის დაახლოებით 35%-თან არ ჩანს ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვერ შეძლეს ვაქცინაციის შედეგად იმუნური პასუხის ფორმირება. საშუალო დრო მეორე დოზის მიღებიდან ჰოსპიტალიზაციამდე იყო 40 დღე, პაციენტთა საშუალო ასაკი – 71 წელი. უმეტეს შემთხვევაში ინფექციის წყარო უცნობი დარჩა.
ბროშმა აღნიშნა, რომ მართალია კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ისრაელში აქტიური იყო ალფა (ბრიტანული) შტამი და უმეტესობა ამ შტამით იყო ინფიცირებული, მაგრამ დიდად სავარაუდოა, რომ კვლევის დასკვნები ამჟამინდელი სიტუაციისთვისაც გამოდგება მათ შემთხვევაში, ვინც დელტა შტამითაა ინფიცირებული (და ამ დროისთვის ისრაელში აქტიურ პაციენტთა 90% სწორედ დელტა შტამითაა ინფიცირებული).
„დელტა შტამი ვაქცინას უფრო მეტად უვლის გვერდს, ვიდრე ალფა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, იწვევს თუ არა ეს შტამი უფრო სერიოზულ „გამრღვევ ინფექციებს“, – დასძინა ბროშმა.
მან საზოგადოებას მიმართა, რომ თუ ასაკოვნები არიან და აქვთ თანმხლები დაავადება, განსაკუთრებით, ერთზე მეტი თანმხლები დაავადება, თუ იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ვაქცინა კარგად დაიცავთ. შესაბამისად, მან ასკოვან ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ისრაელში სამშაბათს, 13 ივლისს კორონავირუსის 753 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გაიზარდა დადებითობის მაჩვენებლი – 1,45% (შაბათს 0,85% იყო).
ამჟამად ისრაელში 5172 აქტიური შემთხვევაა (სამშაბათს იყო 4623), მათგან 90 ჰოსპიტალიზებულია.
გუშინდელთან შედარებით (45) მძიმე პაციენტთა რიცხვმაც მოიმატა და ამჟამად 54-ს შეადგენს. სამშაბათს კორონავირუსით ისრაელში არავინ გარდაცვლილა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი კოვიდის მსხვერპლთა რიცხვი 6440-ს შედგენს.
ამასთან, ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე – ბუსტერული დოზის მიღება დაუშვა. ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ მესამე, ბუსტერული აცრა გაუკეთონ იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც იმუნიტეტის პრობლემები აქვთ.
და კიდევ: ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ აპირებს შეზღუდვების ისევ შემოღებას COVID-19-ის გამო.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები