საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 200 დოზა ჩამოვიდა
შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა გადაუდებელი მოხმარებისთვის და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია დეტალები, ვის და რა პერიოდში შეუძლია ამ პრეპარატით აცრა.
„ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრა შესაძლებელია 45 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის.
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი ოთხი კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.
ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12-კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია.
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
საქართველომ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო“.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის მხრივ საქართველოში პრობლემები შეიქმნა და აცრაზე დარეგისტრირებულ ადამიანების დიდ ნაწილს ვიზიტის გადატანა მოუწია ვაქცინის მიწოდებაში შეფერხებების გამო. ვაქცინაცია მოგვიანებით განახლდა და ბოლო რამდენიმე დღეა, „ასტრაზენეკას“ პრეპარატით მხოლოდ იმ პირების აცრა ხდება, რომლებმაც პირველი დოზა, სულ ცოტა, 10 კვირის წინ მიიღეს. თბილისში ამ პროცედურის ჩატარება დღეისათვის მხოლოდ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაშია შესაძლებელი. ახალი დოზების შემოსვლის შემდეგ „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრის მსურველებს ალბათ სხვა კლინიკებმაც მოემსახურებიან.
კომენტარები