კინო/ფილმებიჩვენი ფავორიტიარტისტი

როგორ გახდა კახი კავსაძე „ქართველი დონ კიხოტი“

რეზო ჩხეიძე: „ჩემს თავში დღემდე არის ბრძოლა, კახი ჯობდა თუ ოთარ მეღვინეთუხუცესი?“

გენიალური ქართველი მსახიობი კახი კავსაძე  არაერთ ფილმში გვიხილავს, მაგრამ მის მიერ განსახიერებული დონ კიხოტი მაინც გამორჩეულია. გარდა იმისა, რომ მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობს რეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმში „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“, კახი კავსაძემ დონ კიხოტის როლის განსახიერებისთვის დიდი მსხვერპლიც გაიღო – მთელი 9 სერიის გადაღების პერიოდში შიმშილობდა და დაახლოებით 35 კილოგრამი დაიკლო!  „ცარცით დახატულს ვგავდი“, – ხუმრობდა ხოლმე ბატონი კახი. რეზო ჩხეიძე კი ამბობდა: „მთელი თავისი არსებით ესმოდა, რომ ის უნდა ყოფილიყო სული პერსონაჟისა და არა – „ხორცი“. ანუ ზუსტად ისეთი, როგორც სერვანტესს აქვს დაწერილი“.

კახი კავსაძე დონ კიხოტის როლის განსახიერებისთვის „ოქროს ვერძით“ დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო მსახიობი. მიღებული ჰქონდა ჟიურის სპეციალური დიპლომი კინოფესტივალ „სოზვეზდიეზე“ – დიდებული სახის ხორცშესხმისთვის; პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის – დუშანბეს სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე.

თავად ამბობდა: ერთი პერიოდი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „მე მეთამაშა სერვანტესის როლი, მერე ითქვა, რომ თითქოს ორი დონ კიხოტი უნდა ყოფილიყო – მე და ოთარ მეღვინეთუხუცესი. ბოლოს ისე დაამტკიცეს, როგორც კინოშია. აქვე უნდა ვთქვა, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესის ვაჟკაცობამ გამაოგნა. ადვილი არ იყო იმ ყველაფრის გადახარშვა, რაც მაშინ ხდებოდა. ოთარი დიდი  მსახიობია და ამ სინჯების შემდეგ დავრწმუნდი, რომ დიდი კაციც ყოფილა“.

თუ როდის და როგორ გადაწყდა ფილმის გადაღება და რატომ გაკეთდა არჩევანი კახი კავსაძეზე, ამის შესახებ რეჟისორ რეზო ჩხეიძის მოგონებებიდან  შევიტყობთ.

„დონ კიხოტის“ გადაღების შესახებ რეჟისორის მოგონებას წიგნიდან „რეზო ჩხეიძე კინოს დიდ გზაზე“ მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ფოტოკოლაჟი წიგნიდან „რეზო ჩხეიძე კინოს დიდ გზაზე“

„კინოსტუდია „ქართული ფილმი“ საკავშირო ტელევიზიის გაერთიანება „ეკრანის“ მიერ დაკვეთილ ფილმებსაც იღებდა ტელევიზიით გასაშვებად, ამიტომ მათთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა.

ერთხელაც დამირეკა სახტელერადიოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისინი ძალიან აფასებდნენ ქართულ კინოს და დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ და იზიარებდნენ გამოთქმას – ქართული კინოს ფენომენი. სხვა რესპუბლიკების ფილმებზე ამას არ ამბობდნენ. თავმჯდომარე იყო სერგეი გეორგევიჩ ლაპინი, განათლებული და წინდახედული ადამიანი. მან ფილმი „ორერა სრული სვლით“ არ აჩვენა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. იქ ხალხი ძალიან ცუდად ცხოვრობს და რომ ნახავენ, გალაღებული ქართველები როგორ დადიან გემებით, მოგზაურობენ, მღერიან, შეიძულებენო. სატელევიზიო ფილმებში სმის გადაღება აკრძალული იყო, ასევე, სიგარეტის მოწევა…

…დამირეკა ლაპინის მოადგილემ, ჟდანოვას ქალი იყო და მითხრა: „დონ კიხოტს“ ხომ არ გადაიღებთო? მე ვუთხარი: – არსებობს ამქვეყნად რეჟისორი, რომელიც უარს იტყვის „დონ კიხოტის“ გადაღებაზე?  მაგრამ ამაზე ხომ ოცნებაც არ შემეძლო.

თურმე ლაპინი გიჟდება, ისე უყვარს ეს ნაწარმოები და უნდა, ეკრანზე ნახოს. იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ მე შემომთავაზონ. ლაპინთან რომ შეხვიდოდი, დიდხანს ვერ გამოხვიდოდი, იმდენი სალაპარაკო ჩნდებოდა. ღრმად განათლებული კაცი იყო და ვგრძნობდი, რომ ჩემზე მეტი იცოდა. ერთხელაც გავიფიქრე, მოდი, ისეთ რამეზე ჩამოვაგდებ სიტყვას, რაც მე უკეთ ვიცი და, წესით, იმან არ უნდა იცოდეს. მოვიფიქრე და სტანისლავსკიზე ჩამოვაგდე სიტყვა. აღმოჩნდა, რომ ესეც კი ჩემზე უკეთ იცოდა. მოადგილე ჰყავდა ერთი, ამ კარებში ვერ შემოეტეოდა, ისეთი უზარმაზარი კაცი. თავის დროზე იყო საბჭოთა აგენტი აღმოსავლეთის ქვეყნებში, თანაც თეირანის ქუჩებში იჯდა და ფეხსაცმელებს წმენდდა. ხელოვნებაც იცოდა და მთელი ტელევიზია ხელში ეჭირა.

რა თქმა უნდა, „დონ კიხოტზე“ ნაფიქრი მქონდა. ის ხომ სათავგადასავლო წიგნიც არის და ფილოსოფიურიც. თანაც ესპანური ხასიათი ქართულს ძალიან ჰგავს. ამას უცხოელებიც ამჩნევენ.

სცენარს სულიკოსთან ერთად ვწერდი, ვიქტორ შკლოვსკისთანაც ვთანამშრომლობდით. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ მერე ავად გახდა და გაგრძელება ვეღარ შეძლო.

სცენარზე მუშაობდა კიდევ ერთი ესპანელი კაცი, მარსიალ სუარესი. თბილისში რომ ჩამოვიდა, დავხვდით და მოგვყავს ქალაქში. ხელოვნების მუზეუმთან რომ გამოვიარეთ, სადაც ადრე სასულიერო სემინარია იყო, მანქანა გაგვაჩერებინა, გადავიდა, იქ  გაიარა და ქვები აკრიფა. გაგვიკვირდა, რად უნდოდა ის ქვები, თურმე ის კაცი გადარეული სტალინისტია და იმ ადგილის სახსოვრად, სადაც სტალინი სწავლობდა, ქვები აიღო და თან წაიღო. ესპანეთში რომ ჩავედით, საწერ მაგიდაზე ეწყო. აქ ცოლთან ერთადაც იყო ჩამოსული და ლიკანში წავედით სამუშაოდ. იქ ყველამ გაიგო, რომ სტალინის მოტრფიალეა, ბორჯომის რაიკომის მდივანმა მოუტანა სტალინის უზარმაზარი და ძალიან მძიმე სურათი, რომელიც სხვადასხვა ფერის ხისაგან მოზაიკასავით იყო დამზადებული და სცენაზე დგამდნენ ხოლმე. ისიც ესპანეთში წაიღო და სახლში დაიდგა. ცოლი კვდებოდა სიცილით. არაჩვეულებრივი ოჯახია, კულტურული, მოსიყვარულე. საქართველო უყვართ ძალიან. ესპანეთში რომ ვიყავით, ხშირად გვეპატიჟებოდნენ, კვირა არ გავიდოდა, ჩვენთვის სუფრა არ გაეწყოთ.

ერთხელ შკლოვსკიმ საუბარში ასეთი რამ თქვა: „დონ კიხოტში“  გამოხატულია იმ თაობის მსოფლიო სევდა. შექსპირი და სერვანტესი ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ ერთ ეპოქაში ცხოვრობდნენ, ერთი ტკივილი ჰქონდათ და ერთი და იგივე იდეები აწუხებდათ. ეს ორი გმირი ერთმანეთს ჰგავს, ორივე ჭეშმარიტების მაძიებელია, – ამ აზრმა მიკარნახა, რომ ჰამლეტი და დონ კიხოტი ერთმანეთს შეხვედროდნენ. ჰამლეტის როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს. დიდ პატივს ვცემ მას, არაჩვეულებრივი მსახიობია.

ფილმი ასე იწყება:

– ვინ ხარ, მგზავრო? საით მიდიხარო? – ეკითხება დონ კიხოტი.

– დანიის პრინცი გახლავარ, ჰამლეტი.

– მე დონ კიხოტი ვარ, მოხეტიალე რაინდი.

– რას დაეძებ ამ ღამეში, რაინდო?

– ახლა ძილის დრო არ არის. ბოროტება უნდა დავთრგუნო და ჭეშმარიტება აღვადგინო.

– მეც ვეცადე, ბევრი ვეცადე.

ფილმს დავარქვით „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“. ყველა წმინდანის ცხოვრებაც ხომ ასეა აღწერილი.

ეს ფილმი არის ერთგვარი არაკი იმ ქვეყანაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და სადაც მაძიებლობა სიგიჟედ მიაჩნდათ. ეს ჩანაფიქრი იმით გამოვხატეთ, რომ დონ კიხოტი და და სანჩო თანამედროვე მადრიდში, მთავარ ქუჩაზე დადიან. ბოლოს დონ კიხოტი ცაში ამაღლდება. ესეც იმის მანიშნებელია, რომ სიმართლისთვის მებრძოლი დღესაც დონ კიხოტად მიიჩნევა, არაფერი შეცვლილა.

მე არასოდეს მომაფიქრდებოდა, „დონ კიხოტს“ შევბმოდი ესპანელების გარეშე. ჩვენი პარტნიორი გახდა ფირმა „მიგელ სანჩეს ინფანტე“. ესპანური ნატურის გარეშე  ამ ფილმის გადაღება ხომ შეუძლებელია, თუმცა ბევრი ეპიზოდი სამხრეთ საქართველოში გადავიღეთ. ხშირად მიწას ვღებავდით, რადგან ესპანეთში მოწითალო მიწაა. ესპანელებს უნდოდათ, რომ  ძალიან რეალისტური, ყოფითი ფილმი გადაგვეღო, ნაწარმოებთან მაქსიმალურად მიახლოებული.

ბუნებრივია, მთავარი გმირების შერჩევა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო. სანჩოზე გავსინჯეთ  მკრტიჩიანი, ძალიან კარგი იყო, მაგრამ პირობა დაგვიყენა, ჩემი ცოლიც გადაიღეთო. ცოლი კი მსახიობი არ იყო. მერე გამოჩნდა მამუკა კიკალეიშვილი, რომელიც ვნახე სტუდენტურ სპექტაკლში „სამოთხის ჩიტი“, გიზო ჟორდანიამ დადგა. მამუკა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ამხელა როლს გაართვა თავი. ჩანდა, რომ დიდი მსახიობი დადგებოდა, სართულებს მოიმატებდა. კახისა და მამუკას კაცური ურთიერთობა ჰქონდათ, ამავე დროს, კახი წვრთნიდა მას, გადაღების შემდეგ ელაპარაკებოდა, რეპეტიციას გადიოდა.

დონ კიხოტის როლზე თავიდან ოთარ მეღვინეთუხუცესს ვფიქრობდი. არაერთი სინჯი გადავუღე. მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, ვყოყმანობდი. ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძე შემოვიდა ჩემთან კაბინეტში. სტუდიაში იყო მოსული და შემოიარა. დავიწყეთ ლაპარაკი. სხვათა შორის მკითხა, დონ კიხოტზე რას შვებიო? მე ვუთხარი, ალბათ ოთარი იქნება-მეთქი. „რეზო, დაფიქრდი, არც შენ გაქვს ტკბილი ხასიათი, არც ოთარს, ამხელა ფილმი გაქვთ გადასაღები და გაუძლებთ ერთმანეთს?“ – ეს ჩამრჩა მეხსიერებაში. გავაგრძელე სინჯების გადაღება და კახი კასვსაძე გამოიკვეთა. ორივე მომწონდა და ვერ გადამეწყვიტა, ვინ ამერჩია. ისიც კი ვიფიქრე, სცენარს გადავაკეთებ-მეთქი. გიგა ლორთქიფანიძემ ჩემი მდგომარეობა რომ ნახა, მითხრა: რეზო, შენ ამ საქმეს მარტო ვერ გადაწყვეტ, დაუძახე სამხატვრო საბჭოს და ყური დაუგდე, რას გეტყვიანო. შევკრიბე სამხატვრო საბჭო, ვაჩვენე ორივეს სინჯი, დავურიგე ფურცლები და ჩაყარეს ყუთში. კახიმ ძალიან ბევრი ხმა მიიღო. წავიღე ეს მასალა მოსკოვში. ისინი არ მთხოვდნენ სინჯების ჩაბარებას, მაგრამ მაინც. თანაც არ მითქვამს, მე ვინ მინდოდა. ყველამ კახის დაუჭირა მხარი. ჩემს თავში დღემდე არის ბრძოლა, კახი სჯობდა თუ მეღვინეთი? კახი ძალიან მომწონს, ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ დღემდე ვფიქრობ და ოთარი მენანება. კახის აქვს ისეთი დამაჯერებლობა, რომ მისი გიჟური საქციელიც გჯერა.

კახისთან მუშაობა მართლაც სასიამოვნო იყო. ჯერ ხომ რეპეტიციები გვქონდა, მერე თვითონ ამუშავებდა ტექსტს. მისი ოთახიდან გამუდმებით გამოდიოდა ხმა. ბევრს მუშაობდა, მამუკასაც აჩვევდა ასეთ თავდადებას.

როდესაც დონ კიხოტი სახლიდან გამოდის, სერვანტესი მოგვითხრობს, რომ სახლში ჰქონდა აბჯარი და ჩაიცვა. ფილმში სხვანაირად გავაკეთეთ. სურათი უკიდია ვიღაც რაინდის, იქიდან ამოჭრის აბჯარს და იმას ჩაიცვამს. ეს მისთვის საკმარისია, ის ხომ წარმოსახვითი აბჯარია. დულსინეაც ხომ იდეალია. მოვძებნეთ უმახინჯესი ქალი და ის გადავიღეთ დულსინეად.

ფინალში გვქონდა ასეთი თემა, რომ დონ კიხოტი დღესაც დადის მადრიდის ქუჩებში. გადავწყვიტეთ, მთავარ ქუჩაზე გადაგვეღო ეს ეპიზოდი. ცხენი და ვირი სადარბაზოში გვყავდა დამალული და გვინდოდა, ღამით გამოსულიყვნენ. დაღამდა, გამოვიდნენ, გადავიღეთ ერთი დუბლი. აბა, მოდი, მეორეც ვცადოთო, ვთქვით. მეორეზე არ გამოვიდნენ, მესამეზე პოლიცია მოვარდა. ატყდა ერთი ამბავი, ხალხიც ჩაება ამ კამათში და ისინი ჩვენს მხარეზე დადგნენ. თავი გავისულელეთ, ვითომ არ გვესმის ესპანური, თარჯიმანი არა გვყავს და რადგან არ შეიძლება, წავალთო, ვუთხარით. არადა, უკვე გადაღებული გვქონდა.

ფილმის გადაღება ასეთი შემთხვევების გარეშე ვერ ჩაივლის.

ერთხელ ჟურნალისტებმა მკითხეს, რით დაგამახსოვრდათ ეს გადაღებაო? მე ვუთხარი:  – მაშინ უფრო ჭკვიანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. – რატომო? – ყოველდღე ამისთანა სიბრძნეს რომ ვეხებოდი, მეც ვივსებოდი“.

****

მრავალსერიანი (9 სერია) სატელევიზიო ფილმი „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“ ეკრანზე 1989 წელს გამოვიდა. კომპოზიტორია გია ყანჩელი.

კახი კავსაძე  დონ კიხოტის როლში გადაღებულია ასევე გოდერძი ჩოხელის ფილმში „მიჯაჭვული რაინდები“. ანაპის კინოფესტივალ „კინოშოკზე“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

2021 წლის 27 აპრილს „ქართველი დონ-კიხოტი“ ზეცაში ამაღლდა. ნათელი მის სულს!

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

„დონ კიხოტის“ გადაღებისას კახი კავსაძე გზას ასწავლის მძღოლს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close