fbpx
რჩევები

10 გავრცელებული შეცდომა დიეტის დროს

როდესაც ვცდილობთ, საძაგელი ზედმეტი კილოგრამები სწრაფად მოვიცილოთ, უამრავ შეცდომას ვუშვებთ და სასურველ შედეგსაც ვერ ვაღწევთ. აი, ტიპური შეცდომები, რომელთა გათვალისწინება გვმართებს, როდესაც დიეტის დაცვას გადავწყვეტთ ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად.

შეცდომა 1: ცხიმიან საკვებზე მთლიანად უარის თქმა

ეს გახდომის მსურველთა მთავარი შეცდომაა  – რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი! ზეთი, რომელშიც ხორცს ვწვავთ კარტოფილთან ერთად, ნამდვილად მავნებელია, მაგრამ არსებობს „კარგი ცხიმებიც“, რომლებიც საერთოდ არ ასუქებს ადამიანს და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. „მათ გარეშე ჩვენი ორგანიზმი იმ ვიტამინებს ვერ მიიღებს, რომლებსაც ორგანიზმი მხოლოდ ცხიმებში გახსნის შედეგად ითვისებს. არანაირი რისკი არ არის, თუ სალათას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით, მდოგვით და ლიმონის წვენით შეაზავებთ“, – გვირჩევს ჯანმრთელი კვების სპეციალისტი, ფრანგი დიეტოლოგი ვირჯინი პარე (Virginie Paré).

ასე რომ, ნუ გამორიცხავთ რაციონიდან ზეთის შემცველ კულტურებს: კაკალი, თხილი, ნუში, მაგალითად, ადვილად გვანაყრებს. ერთი მუჭა თხილეული საკმარისია, რათა შუადღისას დავნაყრდეთ. ასევე არ შეიძლება მცენარეულ ცხიმებზე უარის თქმა, თუმცა უნდა ავირჩიოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომლის შეფუთვაზეც მითითებულია: „პირველი ცივი გამოწურვა“  – და საკვებში თერმული დამუშავების გარეშე გამოვიყენოთ.

შეცდომა 2: ტკბილზე უარის თქმა

დიეტის პერიოდში მენიუდან ტკბილეულის მთლიანად გამორიცხვაც არ შეიძლება. როგორც ცხიმები, ისინიც არსებობს „ცუდი“ და „კარგი“. სასარგებლო შაქარს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს (რაც ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონეს მკვეთრად არ ზრდის). ასეთ შაქარს მწვანილიდან, ბოსტნეულიდან და ხილიდან ვიღებთ. ხოლო შაქარი, რომელსაც „რაფინირებულს“ ვუწოდებთ, ორგანიზმისთვის მავნებელია. „მავნე“ შაქარს ორგანიზმი გაზიანი სასმელებიდან და ტკბილი ცომეულიდან იღებს. მას შეიცავს სხვადასხვა სახის მაკარონი და თეთრი პური. ეს უნდა გვახსოვდეს და მაქსიმაურად შევზღუდოთ მათი მოხმარება. ტკბილი ხილის გამორიცხვა რაციონიდან არ შეიძლება, ამბობს ვირჯინი პარე.

შეცდომა 3: მცირე რაოდენობის წყალს ვსვამთ, რათა ორგანიზმმა სითხე არ შეაკავოს

სითხის შეკავება ორგანიზმში გამოწვეულია არა იმით, რომ ბევრ სითხეს ვსვამთ, არამედ იმის გამო, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესი ვითარდება, რასაც, თავის მხრივ, მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევა იწვევს. ორგანიზმში pH-ის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად დიეტოლოგები გვირჩევენ, ჩვენს კვების რაციონში 30%-ს არ აღემატებოდეს იმ პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც მჟავიანობას ზრდის. თუ მჟავიანობა გაიზრდება, ორგანიზმი სითხის შეკავებას იწყებს იმისთვის, რომ ეს მჟავა როგორმე წყლით „გააზავოს“ და, ცხადია, ზედმეტ კილოგრამებს ვერ მოვიშორებთ.

შეცდომა 4: ცილოვან საკვებზე გადასვლა

საქონლის ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები…- რა თქმა უნდა, ისინი ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას შეიცავენ, მაგრამ ცხიმი მათში მაინც არის. რაც უფრო მეტი ცხიმის შემცველია ცილოვანი პროდუქტი, მით მეტად ზრდის მჟავიანობას, რასაც შემდგომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სითხის შეკავება მოჰყვება. ფრანგი დიეტოლოგები „მოდიეტეებს“ ურჩევენ, ნებისმიერი ცილოვანი პროდუქტი მცირე რაოდენობით მიიღონ, თან ყველაზე უფრო მსუბუქ ვერსიაში, როგორიცაა თეთრი თევზი, მაგ., ვირთევზა ან ქათმის მკერდი.

შეცდომა 5: კვებისას „ნული“ კალორიის მიღება

უკალორიო პროდუქტებისთვის რაიმეს დამატების სურვილი გვიჩნდება, რათა გემოს კომპენსირება მოვახდინოთ. მაგ., ნულოვანი კალორიის მქონე იოგურთში „ფანტელებს“ (хлопья) ვყრით, რათა საუზმემ დააგვანაყროს, თუმცა გვავიწყდება, რომ „ფანტელები“ მაღალ ტემპერატურაზე მზადდება და „ცუდ“ ცხიმებს შეიცავს. შედეგად კი, წონის კლების ნაცვლად, ვიმატებთ. დიეტოლოგები გვირჩევენ, არ მივაქციოთ ყურადღება რეკლამებს და ჩვენი ცხოვრება „ლაით“ სტილზე არ გადავიყვანოთ. მაგალითად, მათთვის, ვინც დიეტას იცავს გასახდომად, საუზმეზე გაცილებით სასარგებლოა, ერთ ნაჭერ პურზე გადაუსვან კარაქის თხელი ფენა და მიირთვან.

შეცდომა 6: კვების გამოტოვება

სადილზე უარის თქმას მოჰყვება ის, რომ საღამოს 5 საათისთვის ძეხვიანი ბუტერბროდის შეჭმის დაუოკებელი სურვილი გაგვიჩნდება, რადგან კუჭი შიმშილისგან „კივის“. „თუნდაც ერთი კვების გამოტოვების გამო მომდევნო კვებისთვის იმდენად გვშია, რომ საკვების დაღეჭვაზე დროს აღარ ვკარგავთ“, – ამბობს ვირჟინი პარე. დაუღეჭავი ლუკმები კი თეძოებზე ზედმეტი კილოგრამებით აისახება. დასკვნა: საკვები უნდა მივიღოთ დღეში სამჯერ, ხანდახან კი, თუკი ვახშმამდე მოგვშივდება, თავს სამხრის მირთმევის უფლებაც უნდა მივცეთ.

შეცდომა 7: ვშიმშილობთ

დიეტა არ ნიშნავს იმას, რომ საკვებზე უარი უნდა ვთქვათ. „ჩვენი ორგანიზმი ინახავს გენეტიკურ მეხსიერებას აკრძალვის შესახებ. როდესაც გარკვეული პერიოდით უარს ვამბობთ რომელიმე პროდუქტზე, მაგალითად, ხილზე, შემდეგ კი ისევ ვიწყებთ მის მიღებას, ორგანიზმი დაუყოვნებლივ იწყებს მარაგის კეთებას“, – ამბობს  სწორი კვების სპეციალისტი. დიეტას უნდა მიუდგეთ არა, როგორც თავშეკავებას, არამედ, როგორც ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების პროცესს. სწორად კვებას თუ დაიწყებთ, თავისთავად გახდებით ტანწერწეტა.

შეცდომა 8: ყოველდღე სასწორზე ვდგებით

„გამომდინარე ჰორმონული ციკლიდან ან იქიდან, რა შევჭამეთ წინა დღეს, სხეულის წონამ შესაძლოა კილო-ნახევრის ფარგლებში მოიმატოს“, – ამბობს ვირჟინი პარე. სასწორზე ყოველდღიურად დადგომა მხოლოდ სტრესს მოგვიტანს, რადგან „წონაში მომატებას“ თუ აღმოვაჩენთ, ზედმეტად ნერვიულობას დავიწყებთ, ეს კი კუჭისთვის სტრესია. კვირაში ერთხელ აწონა სრულიად საკმარისია.

შეცდომა 9: ვარჯიშის იგნორირება

ყველასთვის ცნობილია, რომ დიეტა ფიზიკურ აქტივობას უნდა შევუთავსოთ. „გახსოვდეთ, რომ კუნთები კალორიების მთავარი მომხმარებელია სხეულში. კუნთოვანი მასის გაზრდით კი (ფანატიზმის გარეშე) უფრო სწრაფად დავიბრუნებთ კარგ ფიგურას“, – აღნიშნავს დიეტოლოგი. გამოსავალი: ნუ დაჯდებით უმოძრაოდ, დღეში თუნდაც ნახევარი საათი სიარული, ველოტრენაჟორი და აუზი კვირაში რამდენჯერმე – ეს არის სწორედ ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ.

შეცდომა 10: მსუბუქი ვახშამი

ნებისმიერი დიეტის კლასიკური პოსტულატია – მსუბუქი ვახშამი, დიეტის პერიოდში მას უკიდურესობამდე ამსუბუქებენ, შედეგად კი შესაძლოა, ძილის წინ ვეღარ მოითმინოთ და შოკოლადი შეჭამოთ. ეს ერთი პრობლემაა. დიეტოლოგი მეორე პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას: „მშიერ კუჭზე თუ დაიძინებთ, შესაძლოა შუაღამისას გაიღვიძოთ და ვეღარ დაიძინოთ – შიმშილი არ მოგცემთ დაძინების საშუალებას“. ამისთვის აუცილებელია ვახშამი. ფრანგები გვირჩევენ, ვახშმად ბოსტნეულის სქელი წვნიანი მივირთვათ, ტოსტერში გახუხულ პურთან და ერთ ნაჭერ ყველთან ერთად, ამას დამატებული რომელიმე ხილი და რამდენიმე თხილის გული. ასეთი ვახშმის შემდეგ ძილის წინ შოკოლადი ნამდვილად აღარ მოგინდებათ.

კირა კარიაული

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close