საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკა“ და „სინოფარმი“ შემოვა ივნისში, „ფაიზერი“ – მესამე კვარტალში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს აქვს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის დაახლოებით 200 000 დოზა. ამ დროისთვის საქართველოში გაკეთებულია 117 000-ზე მეტი აცრა, ორივე დოზით კი ვაქცინირებულია 17 000-მდე ადამიანი.

გამყრელიძის თქმით, სასურველია, ამჟამინდელი მარაგი – 200 000 დოზა გამოყენებული იყოს მაისსა და ივნისში, ამისთვის კი, აცრის დღიური მაჩვენებელი უნდა ავიდეს 6 ათასზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მარტში აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი იყო 462, აპრილში – 1294 და მაისში – 3427.

მისივე თქმით, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი უნდა იყოს ინტენსიური აცრის პერიოდი.

გამყრელიძის ინფორმაციით, 15 ივნისამდე ქვეყანაში საერთაშორისო კოვაქს-პლატფორმით უნდა შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაახლოებით 43 000 დოზა, ხოლო ივნისის ბოლოს, ან ყველაზე გვიან – ივლისის პირველ რიცხვებში საქართველო მიიღებს „სინოფარმის“ 500 000 დოზას. რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ „კონტრაქტი დასრულების პირას არის“ და მესამე კვარტალში თანდათანობით უნდა შემოვიდეს მილიონი დოზა; პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოვაკსა“ და „ნოვავაქსთან“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველომ კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით უნდა მიიღოს 1 400 000 დოზა და აქედან დღემდე მიღებულია 115 000. იგი განმარტავს, რომ, ე.წ. მასობრივი იმუნიზაციისა და დღეში 10 000-იდან 15 000-მდე ადამიანის ასაცრელად საჭიროა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მარაგში იყოს ვაქცინების ნახევარი მილიონი დოზა.

საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, პირველ ეტაპზე ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ და ამერიკული „ფაიზერის“ ვაქცინებით, რომლებსაც შემდეგ დაემატა ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ პრეპარატები. 24 მაისის ჩათვლით გაკეთებულია 117 354 აცრა. მათგან ორივე დოზით აცრილია 16 864 ადამიანი.

წყარო:  რადიო თავისუფლება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close