ჯანმრთელობარჩევები

როგორ მოვიშოროთ სახლის პირობებში ცელულიტი და რა ახალი მედიკამენტი გამოვიდა – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ონკოლოგმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, „ქართველი ექიმი ჰაუსის“ სახელით ცნობილმა გიორგი ღოღობერიძემ, რომელიც მუდმივად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციებს სხვადასხვა აქტუალურ სამედიცინო თემაზე, ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ქალებისათვის ძალზე მტკივნეულ პრობლემაზე, ცელულიტზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და მკურნალობის მეთოდებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ცელულიტი უამრავი ქალისთვის მოუგვარებელი პრობლემაა, ბევრ ქალს უკვე 18-20 წლის ასაკიდან ბარძაყების, მუცლის და დუნდულოების მიდამოებში უჩნდება დანაოჭებული კანი – ლიპოდისტროფია (ე. წ. ცელულიტი), რაც მათში გულისტკენას იწვევს. მამაკაცებში ცელულიტი იშვიათია.

რა იწვევს ცელულიტს? 

როდესაც საკვებს ვიღებთ, თავის ტვინში გამოიყოფა ბევრი კმაყოფილების ჰორმონი (ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი), თუმცა ენდორფინის გარდა გამოიყოფა ბევრი ლეპტინიც და ამ ბევრი ლეპტინის ხარჯზე იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განლაგებულია სისხლძარღვის გასწვრივ, როცა ადამიანი ბევრს ჭამს, ეს ცხიმოვანი უჯრედები ზომაში იზრდებიან, სისხლძარღვს შორდებიან, ჟანგბადს და საკვებს ვეღარ იღებენ, საბოლოო ჯამში კვდებიან და ცხიმოვან ქსოვილებს შორის უკვე ლაგდება შემაერთებელი ქსოვილი – ეს არის სწორედ კოლაგენის ბოჭკოები. და გაჩნდა ნაოჭები. ანუ ცელულიტი არის, როდესაც კანში ლაგდება შემაერთებელი ქსოვილი და კოლაგენის ბოჭკოების ხარჯზე იწყება ახლა უკვე ალაგ-ალაგ კანის ჩადრეკა-დანაოჭება.

არსებობს ერთ-ერთი ჰიპოთეზა (რომელსაც ახლა უკვე ეჭვის თვალით ვუყურებთ), რომ ცელულიტის გაჩენას იწვევს  ესტროგენი, ქალური ჰორმონი. ამიტომაც არის მამაკაცებში ცელულიტი იშვიათობა. თუ ქალს აქვს ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია), თავისთავად, ნაკლებია თიროქსინი, ვეღარ წვავს ორგანიზმი ცხიმებს და ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცხიმების ჩალაგება. ჰიპოდინამია – მჯდომარე ცხოვრების წესი, აგრეთვე, იწვევს ცელულიტს.  ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ეს შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით წყლის მიღების შედეგი – არ არის გაჯერებული ქსოვილები წყლით და ამიტომ ნაოჭები ჩნდება მასზე.  ეს შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსის – ძალიან ბევრი პროლაქტინის შედეგი.

როგორ უნდა ებრძოლოს ქალი ცელულიტს?

პირველ რიგში, უნდა მიმართოს ექიმს, თუმცა სანამ ექიმთან მიხვალ, სახლის პირობებშიც შეიძლება რაღაც რჩევები გაიზიარო.

  1. მიიღე ბევრი წყალი – ნორმის ფარგლებში, მაგრამ იმდენი, რომ შარდი ღია ფერის იყოს. თუ სითხეს მიიღებ საკმარისი რაოდენობით, ქსოვილები გაჯერდება წყლით და ჩადრეკილი უბნებიც ამოიბურცება.
  2. შეასრულე რაც შეიძლება მეტი ვარჯიში – განსაკუთრებით ეფექტურია საჯდომის მიდამოს ვარჯიშები – ჩაჯდომა-ადგომები…. ამ ვარჯიშების შედეგად კუნთები დაიჭიმება, ცხიმოვანი ქსოვილი დაიწვება და ჩადრეკილი უბნებიც გასწორდება.  უამრავი ვიდეო არსებობს იუთუბზე და შეგიძლია იმის მიხედვით გააკეთო ვარჯიშები.
  3. ზოგადად, ეს არის წონაში კლება – ცელულიტის გაჩენას წონაში მატება იწვევს და წონაში კლებაც, თავისთავად, იქნება გამოსავალი ცელულიტისგან. ზედმეტ ცხიმოვან ქსოვილს რომ მოიშორებ, ცელულიტიც ალაგდება, უფრო ნაკლები იქნება.
  4. და კიდევ – რაც შეიძლება ნაკლები სტრესი – როცა ადამიანი სტრესშია, გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი. სწორედ მისი დამსახურებაცაა, რომ ჩნდება ლიპოდისტროფიები, ამიტომ შეეცადე, რაც შეიძლება ნაკლები გქონდეს სტრესული ჰორმონი – როგორ? ირბინე, იცეკვე, იმხიარულე, იმღერე, განწყობა შეიქმენი. მეტი სეირნობა, მეტი მოძრაობა…

ახლახან დამტკიცდა ახალი მედიკამენტი, ის საქართველოში ჯერ არ არის და, სავარაუდოდ, ჩამოვა  2021 წლის ზაფხულისკენ ან შემოდგომაზე, არ ვიცი, ფასიც ჯერ არ არის ცნობილი. მედიკამენტს ჰქვია კოლაგენაზა.  კეთდება მისი ინიექციები, უჩხვლეტენ [პრობლემურ ადგილას] და ეს ფერმენტი – კოლაგენაზა კოლაგენის ბოჭკოებს შლის; ავტომატურად, ეს ჩადრეკილი უბნები ისევ ამოიბურცება და გასწორდება. მკურნალობა გრძელდება სადღაც სამ თვემდე, როგორც ვიცი, 3 თვის შემდეგ  ადამიანი თავისუფალია ამ პრობლემისგან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close