რას არ გაიგებ/ფაქტები

აისბერგზე ჩაძინებულმა ლომვეშაპმა არქტიკიდან ირლანდიაში ამოჰყო თავი – ვირუსულად გავრცელებული ვიდეო

ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კერის საგრაფოში, კუნძულ ვალენშიის პლაჟზე მამასთან ერთად სეირნობისას 5 წლის მურენ ჰულაჰანი უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა. მან ნაპირთან ახლოს არქტიკის რეგიონში მობინადრე ლომვეშაპი შენიშნა, რომელსაც, სავარაუდოდ, აისბერგზე ჩაეძინა და მისი დრეიფისას სახლიდან საკმაოდ შორს ამოჰყო თავი.

მამა-შვილის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ხანგრძლივი მოგზაურობისგან დაღლილი ძუძუმწოვარია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

მურენ და ალან ჰულაჰანებმა კუნძულის მიმდებარედ წყლიდან ქვებზე ამომავალი უზარმაზარი ლომვეშაპი მიმდინარე წლის 14 მარტს შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ ირლანდიას ამ სახეობის წარმომადგენლები იშვიათად სტუმრობენ, 2 მეტრზე მეტი სიგრძის ცხოველმა მათი ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მამა-შვილს თავიდან ის სელაპი ეგონა, თუმცა მისი ეშვებით მიხვდნენ, რომ საქმე ლომვეშაპთან ჰქონდათ. მათი [ეშვების] სიგრძის მიხედვით, რომელიც დაახლოებით 30 სანტიმეტრს შეადგენს, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ უჩვეულო ვიზიტორი საკმაოდ ახალგაზრდაა.

„აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს, ყოველ შემთხვევაში ირლანდიაში. ლომვეშაპი აქ არასდროს გამოჩენილა. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდობაში მამასთან ერთად ხშირად მითევზავია, აქაურ წყლებში ამ სახეობის წარმომადგენლები არასდროს შემინიშნავს“, – განაცხადა ალან ჰულაჰანმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიოლოგთა ვარაუდით, ლომვეშაპს ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად წყალში მოტივტივე აისბერგზე ჩაეძინა, ყინულის ნატეხი კი ატლანტის ოკეანის გასწვრივ დიდ მანძილზე გადაადგილდა და ცხოველი თავისი ბუნებრივი საცხოვრებელი არეალიდან საკმაოდ შორს აღმოჩნდა. ახლა მას დასვენება და კარგი კვება სჭირდება, რათა ძალები აღიდგინოს და შინ დაბრუნება შეძლოს. სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, ძუძუმწოვარი ზედმეტად არ შეაწუხონ და ზღვის მოლუსკების მოპოვებაში ხელი არ შეუშალონ.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close