საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ ნამდვილ ომში გადაიზარდა (ვიდეო)

დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის, 3 პოლიციელი

ათენის რაიონ ნეა სმირნიში არეულობები ნამდვილ ომში გადაიზარდა პოლიციასა და ანარქისტებს შორის. დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის, 3 პოლიციელი. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა.

საპროტესო აქცია ათენის რაიონ ნეა სმირნიში 9 მარტს დაახლოებით 18:00 სთ-ზე დაიწყო (20:00 სთ თბილისის დროით). ათასობით ადამიანმა გამოხატა აღშფოთება და აპროტესტებდა პოლიციელების მიერ ძალადობის გამოვლენის ინციდენტებს გასულ კვირა დღეს – მათ ნეა სმირნის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცს ხელკეტით სცემეს იმისთვის, რომ იგი ცოლ-ქმარს და მათ თანხმლებ 2 ბავშვს გამოესარჩლა, რომლებსაც პოლიციელებმა, უსაფუძვლოდ, მოედნის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს და ცოლ-ქმარს 300-300 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.

ქალმა შეძლო ძალადობის ფაქტის გადაღება და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, აგრეთვე, დაზარალებულმა ოჯახმა მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც დეტალურად აღწერა, თუ რა მოხდა. ამ ფაქტმა ათენელების ძლიერი აღშფოთება გამოიწვია და საპროტესტო აქციაც დაიგეგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ გადაკეტა გზები, დაკეტა მეტროს 4 სადგური და შეაჩერა ტრამვაის მოძრაობა, რათა ხალხის შეკრება თავიდან აეცილებინა, მაგრამ უშედეგოდ…

რაიონი მალე ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა. მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებიდან 20 წუთში მონაწილეებს ლითონის წკეპლებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ათეული ანარქისტი შეუერთდა. მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი „არსენალის“ გამოყენებაც არ დააყოვნეს…

საპროტესტო დემონსტრაციას, რომელიც ნეა სმირნის მოედნიდან პოლიციის განყოფილებისკენ მიემართებოდა, პოლიციელებმა გზა გადაუღობეს.

შეტაკებები ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის რაიონის სხვადასხვა ნაწილში მოხდა. მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფებმა პოლიციის რაიონულ განყოფილებას ალყა შემოარტყეს.

ნეა სმირნის ქუჩებში „ქვის და მოლოტოვის კოქტეილების ომს“ პოლიციამ დამაყრუებელი ყუმბარებით და ცრემლმდენი გაზით უპასუხა. მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლს უშვებდა წყლისმფრქვევი მანქანა „აიანთასი“.

არეულობების შედეგად 3 პოლიციელი დაიჭრა. პირველმა დაზიანება მიიღო პლასტირის ქუჩაზე, – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ის მოტოციკლეტიდან ჩამოათრიეს და ცემა დაუწყეს. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანამ 401-ე ჰოსპიტალში გადაიყვანა. Star-ის ინფორმაციით, მან ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო. მეორე პოლიციელს მსუბუქი ჭრილობა აქვს ხელზე, მესამეს – ფეხზე. ისინიც 401-ე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

აგრეთვე, ცნობილია, რომ დაიჭრა ერთი ჟურნალისტი. ვრცელდება ინფორმაცია პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ.

ანარქისტების მხარეს დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმცია, რომ ათობით ადამიანი დაზარალდა.

ნეა სმირნის რაიონის მცხოვრებლები ჩივიან, რომ ცრემლმდენი გაზის ღრუბლებმა პრობლემები შეუქმნა სასუნთქი გზების პრობლემების მქონე და ასთმით დაავადებულ ადამიანებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ნახეთ ვიდეო, თუ რა მოხდა გასულ კვირას ნეა სმირნის მოედანზე, როდესაც უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სწორედ ამას მოჰყვა დღევანდელი ნამდვილი ომი ნეა სმირნიში, რომელიც, ჩვეულებრივ, ძალიან მშვიდი რაიონია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close