უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები სატვირთო ავტომობილით უკრაინიდან ევროპაში ძვირფასეულობას და დიდი ოდენობით ფულის გადატანას უკანონოდ ცდილობდნენ.
ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც სქემაში იყვნენ ჩართულები. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს სახელებისა და გვარების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ვიდეოკადრები, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგაა გადაღებული, ასახავს დიდი ოდენობით ძვირფასეულობას და სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას. სატვირთო ავტომობილში ძვირფასეულობასთან ერთად თამბაქოც იყო მოთავსებული.
ოფიციალური ინფორმაციით, დიპლომატიური ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გააჩერეს, ამოღებულ იქნა:
- 140 000 ამერიკული დოლარი;
- 67 200 ევრო;
- 11 600 პოლონური ზლოტი ( 3 060 ამერიკული დოლარი)
- 16 კილოგრამი ოქრო – (საერთო ღირებულება 530 000 ამერიკული დოლარი)
- 53 000 ამერიკული დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
მომხდარს სოციალურ ქსელ ფეისბუქში უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც წერს, რომ ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო.
„უნდა დავანებოთ თავი ისეთ სამარცხვინო მიდგომას, რომელიც გულისხმობს, რომ სახლიდან ნაგავი არ უნდა გავიტანოთ. არა, საჭიროა მისი გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაგავში ვიცხოვრებთ“, – წერს დიმიტრი კულება.
amerikiskhma.com
კომენტარები