15 თებერვალს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში, რაც გულისხმობს 3 თვის განმავლობაში გერმანიის სოფლის მეურნეობის სექტორში, სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. დამსაქმებლები არიან გერმანელი ფერმერები. პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს დასაქმების ხელშეწყობისა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოები, რომლებიც დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებლებს ერთმანეთთან აკავშირებენ.
დარეგისტრირება შესაძლებელია საიტზე https://workabroad.moh.gov.ge/. დარეგისტრირებული პირებიდან კანდიდატებს თავად დამსაქმებლები შეარჩევენ. პირველი ნაკადი გერმანიაში 2021 წლის აპრილში წავა. ახალი ვაკანსიების გამოცხადება იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დასჭირდებათ გერმანელ ფერმერებს მომავალში. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ჯერჯერობით ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
18 თებერვლის მონაცემებით, სააპლიკაციო ფორმა შევსებული ჰქონდა 66 ათასამდე ადამიანს. რა თქმა უნდა, ადამიანებს აინტერესებთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები გამოქვეყნებულია საქრთველოს ჯანდაცვის უწყების საიტზე. nostal.ge-მ მათგან 10 კითხვა-პასუხი შეარჩია.
1. დასაქმებისთვის საჭირო საბუთების ატვირთვა მოხდება რეგისტრაციის სისტემაში თუ
ფიზიკურად უნდა მოხდეს დოკუმენტების წარდგენა?
შერჩეული კანდიდატი საჭირო დოკუმენტებს (პასპორტი, ნასამართლეობის ცნობა, ჯანდაცვის
ცნობა) პირადად წარადგენს საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში.
Covid-19-ზე ტესტის წარდგენა საჭიროა გამგზავრების წინ, რამდენი დღით ადრე (ამ ეტაპზე ეს ცნობა საჭირო არ არის – რედ.)
2. როგორი იქნება სამუშაო გრაფიკი?
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საქმიანობის მინიმუმ 30 საათი კვირაში.
სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი, დაახლოებით, 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა მოცემული იქნება დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში.
3. მექნება თუ არა ანაზღაურებადი შვებულება?
დიახ, სეზონურ მუშაკებს აქვთ შვებულების მოთხოვნის უფლება. თუ დასაქმების
ხანგრძლივობა 6 თვეზე ნაკლებია, შვებულების ხანგრძლივობა შეადგენს თვეში 2 დღეს.
4. რამდენი მექნება ანაზღაურება?
გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასი საათში სულ მცირე 9,50 ევროა (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლო გადასახადი – 5%.
იქნება თუ არა ამაზე მეტი ანაზღაურება, ამას უშუალოდ დამსაქმებელი ადგენს.
ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივი, გამომუშავებაზე დაფუძნებული, რაშიც იგულისხმება შეგროვებული მოსავლის რაოდენობა, ან კომბინირებული (საათობრივი ანაზღაურება + გამომუშავებაზე დაფუძნებული ბონუსი).
5. როგორია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები?
დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი დასაქმების პერიოდში უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით. მუშაკი შეიძლება განთავსებული იყოს საერთო საცხოვრებელში. საცხოვრებლის ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).
6. რა ხარჯის გაწევა მომიწევს?
● გამგზავრებამდე:
- პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში);
- მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- PCR ტესტირება კოვიდ-19-ზე.
● გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში:
- საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან
ნაწილობრივ; - კვების (დაახ. 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან
ნაწილობრივ.
7. შესაძლებელია თუ არა გერმანიაში დამსაქმებლის შეცვლა?
შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმება, ფორმდება კონკრეტულ დამსაქმებელთან. შესაბამისად, სხვა დამსაქმებელთან გადასვლა არ არის შესაძლებელი. ახალ დამსაქმებელთან დასაქმებისთვის იგივე პროცედურებია გასავლელი, რაც პირველ დამსაქმებელთან.
8. დასაქმებულის ავადმყოფობის შემთხვევაში თუ ხდება ანაზღაურება?
დასაქმებული, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებს სამუშაოს, რაც მისი ბრალით არ
არის გამოწვეული, ინარჩუნებს სტანდარტულ ანაზღაურებას 6 კვირის განმავლობაში. მაგრამ
ეს უფლება წარმოიშობა შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ.
ავადმყოფობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს
დამსაქმებელს მუშაობის შეუძლებლობის შესახებ. თუ ამგვარი მდგომარეობა გრძელდება 3
დღეზე მეტი, დასაქმებულმა არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, დამსაქმებელს უნდა
წარუდგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ დასაქმებულს ავადმყოფობის
გამო არ შეუძლია მუშაობა და მიუთითებს მუშაობის შეუძლებლობის ხანგრძლივობას.
დამსაქმებელს უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო ცნობის წარდგენა ავადმყოფობის
პირველსავე დღეს.
9. ვის უნდა მივმართო გერმანიაში შრომითი უფლებების დარღვევის ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის არსებობის შემთხვევაში?
გერმანიაში ყოფნისას ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე, მათ შორის, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე შეგეძლებათ მიმართოთ გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა პასუხისმგებელ ორგანიზაციებს. გამგზავრებამდე დასაქმებულს მიეწოდება ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია.
10. შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში რა სახის
პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევ პირს?
შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში პირის
ყოფნა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან (დეპორტი, რეადმისია) და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით. გარდა ამისა, დამატებითი სანქცია შეიძლება იყოს ასეთი პირისთვის მომავალში საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების სქემა ითვალისწინებს 90 დღის შემდეგ დასაქმებული მოქალაქეების/ბენეფიციარების საქართველოში სავალდებულო დაბრუნებას.
კითხვა-პასუხი სრულად იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე
კომენტარები