როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უძილობა გაწუხებთ – ოთარ ტატიშვილის რჩევები (ვიდეო)
გადაღლის უძილობა ძალიან ხშირია, არავის ეგონოს, რომ როცა ძალიან დაიღლება, კარგად დაეძინება, გადაღლის უძილობაც სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ ექიმმა, ოთარ ტატიშვილმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სწორი და მშვიდი ძილისთვის მნიშვნელოვანია პოზიცია, ანუ ის, თუ როგორ პოზაში სძინავს ადამიანს.
„თუ არის ქრონიკული პათოლოგია უძილობის, რა თქმა უნდა, ეს რჩევები ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, მაგრამ ამ რჩევების გათვალისწინება შეგიძლიათ იმ შემთხვევებში, ვისაც იოლად გამოხატული უძილობა აქვს.
პირველი, ეს არის ცხელი შხაპი და ცივი საწოლი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სხეულის გათბობა და შემდეგ გაგრილება ჩვენს ორგანიზმში მელატონინის გამოყოფას ხელს უწყობს. ამ უკანასკნელს ძილის გენერირებაში დიდი როლი მიუძღვის. მელატონინი ორგანიზმს მიანიშნებს, რომ უკვე ღამეა და ძილის დრო ახლოვდება. ამისთვის ყველაზე ოპტიმალური გრილი გარემოა. ცხელი შხაპის მიღებამდე სასურველია საძინებელი გავანიავოთ და ცივ ოთახში შევიდეთ, ამ დროს გამოვყოფთ მელატონინს.
მცდარია, როდესაც ამბობენ, ერთ ჭიქა ღვინოს დავლევ და დამეძინება, არამც და არამც! შეიძლება ამან პირიქით, აღგზნება გამოიწვიოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი – აუცილებლად შეარჩიეთ ძილის სწორი პოზიციები. შეიძლება თავს კონკრეტულ პოზიციაში კარგად ვგრძნობდეთ, დავიძინოთ კარგად, მშვიდად, მაგრამ ეს არ იქნება შედეგიანი ძილი. არასწორი პოზიციის არჩევის შემდეგ შეგვიძლია თავის, წელის, ხერხემლის ტკივილით გავიღვიძოთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პოზაში ვიძინებთ და რა პოზაში ვიღვიძებთ.
ზურგზე წოლა, მარცხნივ და მარჯვნივ წოლა ყველაზე კარგი პოზიციაა ძილისთვის, უნდა მოვერიდოთ მუცელზე ძილს. ამ დროს ხერხემალი არის დაჭიმული. მუცელზე წოლას თავისი კომფორტი აქვს, არავინ კრძალავს, მაგრამ მუცელზე დაწოლილი ნუ ჩაიძინებთ“, – აღნიშნა ოთარ ტატიშვილმა.
კომენტარები