ოქროს ციებ-ცხელება და ამაზონის აუზის „ოქროს მდინარეები“, რომლებიც კოსმოსიდან ჩანს
NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ იშვიათ ფოტოებზე კარგად ჩანს პერუში, ამაზონის ჯუნგლებში მიმდინარე ოქროს მოპოვების მასშტაბი. სამუშაოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, არალეგალურია.
კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ფოტოებზე ასახული „ოქროს მდინარეები“ სინამდვილეში მომპოვებელთა მიერ უნებართვოდ გაჭრილი თხრილებია. როგორც წესი, ისინი უხილავია, მაგრამ კადრში მზის სინათლის არეკვლის გამო მოექცა.
უჩვეულო ფოტოები დეკემბერში საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე მყოფმა ასტრონავტმა გადაიღო.
სურათები კიდევ ერთხელ ამტკიცებს ოქროს მომპოვებელთა გამანადგურებელი საქმიანობის მასშტაბს სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუში, მადრე-დე-დიოსის რეგიონში.
პერუ ოქროს ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში; მადრე-დე-დიოსის რეგიონში ეს ინდუსტრია დიდწილად დაურეგულირებელია და მასზე დამოკიდებულია ათასობით მომპოვებლის ცხოვრება.
ეს ზონა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, მაგრამ მოპოვების ინდუსტრია ხე-ტყის ჩეხას და სასიცოცხლო ჰაბიტატთა განადგურებას იწვევს.
მოპოვებითი საქმიანობა წამლავს ადგილობრივ საზოგადოებებსაც, რადგან ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად ტონობით მერკურის იყენებენ, რომლის დიდი ნაწილიც, მეცნიერთა განცხადებით, მდინარეებში იღვრება ან ატმოსფეროში ადის.
NASA-ს განმარტებით, თხრილები, სადაც მომპოვებლები ოქროს ეძებენ, წყლით სავსე ასობით აუზი უნდა იყოს; მათ გარს აკრავს მიწაყრილები, რომლებიც მანამდე მცენარეულობით უნდა ყოფილიყო დაფარული.
კომენტარები